ბესიკ ხარანაული – სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი
Posted 6:00 PM by Nina in თემები არილი, ლიტერატურაBy არილი
ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა
ფრაგმენტი წიგნიდან
გამომცემლობა “სეზანის” მიერ გამოცემული ეს წიგნი მალე გამოვა გაყიდვაში.
ჩიტის სკინტლზე აშენებული ქალაქი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი, ჩიტის სკინტლზე აშენებული ქვეყანა, რომ გამართლებულიყო სიტყვა ნათქვამი: ჩიტის სკინტლზე ქალაქი აშენდებაო. ქალაქი კი ოდითგანვე ქვეყანას და სიცოცხლეს ნიშნავდა, სადაც ცა და მიწა წისქვილის ქვებივით ფქვავენ ყველაფერს, რასაც ძვალი და ხორცი გააჩნია: ნაფქვავი ქარს მიაქვს, ნაწური კი მიწაში ჩადის.
ამ ადგილას, ოდითგან, საკვირველებისკენ მიმავალი შარაგზა იყო, ქვაღორღიანი და მტვრიანი. გზის ორივე ნაპირი ბალახითა და ეკალ-ბარდებით იყო დაფარული, რომლებიც სულ შარა-გზაზე გადასვლას და მის დაპყრობას ცდილობდნენ. მაგრამ, ფეხი - კაცისა, საქონლისა, ცხენისა, ჯორისა, თხებისა და ბავშვებისა ბალახს სინსილას უქრობდა და არ აძლევდა გზის დაპყრობის საშუალებას. დაუდიოდათ ამ გზაზე ნახირი, მიდიოდნენ ტყეში ხეების მოსაჭრელად და უღელში შებმული კამეჩებით ხის ნალოებს მოათრევდნენ. დადიოდნენ პანტა-მაჟალოს ხეების დასაბერტყად, - არაყს გამოხდიდნენ, საზამთროდ შეინახავდნენ, დადიოდნენ მაყვლზე და ასკილიზე, კვრინჩხზე და ტყემალზე. მოკლედ, შარა-გზას ფეხი არ აკლდა, მაგრამ ამით ქვა-ღორღი არ ცვდებოდა, მტვერი არ თავდებოდა.
სიტყვა უნდა ასრულებულიყო: ჩიტის სკინტლზე ქვეყანა აშენდებაო!
სწორედ ამიტომ, გზის ერთ ნაპირზე, წვრილ, ძაფივით აბურდულ ტოტებიან ბუჩქში, ხარის ბუზზე ცოტად მოზრდილი ჩიტი ცხოვრობდა, სახელად - მალულა, ნემსივით წაწვეტებულ ცხვირზე ჩამოცოცებული თვალებით ზვერავდა სამყაროს, თუმცა კი, ყოველი ფრთოსანი ფიქრობდა, რა მშვიდი ცხოვრება აქვს ამ მამაძაღლსაო! დიახაც, ასე იფიქრებდნენ, რადგან ყველამ როდი იცოდა ჩიტ-არწივას არსებობა, რომელიც თვითონაც არაა საშუალო ფრინველის ზომის, მაგრამ ბუჩქების წვრილი ბინადრებისთვის, რომელთა სუსტი ბგერებიც ერთი ბუჩქიდან მეორემდე ძლივს აღწევს, ნამდვილი ურჩხულია, ანუ თვალებ-გადმოკარკლული არწივი, რომლის საშინელი ძალა კურდღლებს, მინდვრის თაგვებს და ფრინველებს საკუთარ ბურტყლზე აქვთ გამოცდილი.
ჰოდა, ამ ბუჩქების ბინადარმა ცეროდენა მალულიკამ თავისი ბუჩქიდან გზის იქითა მხარეს გადაფრენა რომ მოინდომა, ჰაერის რხევამ ჩიტ-არწივას განზრახვა აცნობა და მოუმატა განწირულად სიჩქარეს და რომ უფრო დამსუბუქებულიყო, ზედმეტი ტვირთი მოიშორა, ანუ მოსკინტლა. სკინტლი შარა-გზაზე დავარდა. გეგონება ქაოსიდან იშვაო, გაბრწყინდა მზით, რომლისთვისაც სულ ერთია, რას გაანათებს, გაშრა, გამაგრდა, მთის კორტოხს ემსგავსა და სულ მალე ზედ სოფელი გაშენდა. სოფელი მალევე იქცა ქალაქად, ქალაქი - ქვეყნად და ადამიანებისთვის ყოვლად გამოსადეგი ადგილი შეიქნა, თუმცა კი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, მისი არსებობა განუწყვეტლივ ბეწვზე ეკიდა. ადამიანები, ძროხები, ხბოები, თხები... ყველაზე საშიში მაინც ფეხმურგვალები იყვნენ, რომლებიც ორჩლიქოსნებისგან განსხვავებით, ხმაურით, მტვრის საშინელი ღრუბლით და მწყობრი სვლით გამოირჩეოდნენ. ისინი ცას მთლიანად ფარავდნენ, და ქვა-ღორღს ნაპერწკლებს აყრევინებდნენ, რაც სკინტლზე აშენებული ქვეყნისთვის ელვა-ქუხილზე საშიში იყო.
ასეთი განსაცდელი წელიწადშო ორჯერ ეწვეოდათ ხოლმე: როცა სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი საკვირველებისკენ მიიმტვერებოდა და როცა უკან ბრუნდებოდა, ანუ, როცა ყველაფერს ზანზარი გაჰქონდა.
წარმოგდგენიათ, როდის დაწყებულა ეს ამბავი! - XIII საუკუნეში, როცა ულუ დავითის მეუღლემ ჯიგთახათუნმა “ფხოველნი მეხარკე ყვნა, და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მხეცისა ბუნებანი”.
ჰოდა, რა გასაკვრია, რომ მათი შიშით სკინტლის მაცხოვრებლები დედაწულიანად მიწაში ამოთხრილ დარანებში აფარებდნენ თავს და იქ კვირისტავებზე დაყრილნი შველას შესთხოვდნენ დამბადებელს. ქურდები, ბოზები და ლოთები იფიცებოდნენ, რომ შესწყვეტდნენ უზნეობას, თუმცა გრძნობდნენ, რომ ფუჭად ჩაუვლიდათ აღთქმა: ძნელია კაცმა ანდაზას აჯობოს! აკი თქმულა: ქურდი, ბოზი და ლოთი - ფიცილისააო!
ადამიანის არსებაზეც, როგორც მარად განვითარბად და ცვალებად სისტემაზე, მანამ არაფერი ითქმის, ვიდრე ის პლანეტიდან პლანეტაზე ფრენას არ ისწავლის. ვიდრე მას არ შეეძლება ადგილის შეცვლა, ვიდრე შემთხვევაზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე ღმერთი ის ეგონება, ვისაც ხსნისთვის კვირისტავებზე დავარდნილმა უნდა ეხვეწო.
მერე რა, რომ მალულიკა დაუსხლტა ჩიტ-არწივას, მერე რა, რომ ლმობიერია ჯორის ტერფი სკინტლზე აშენებული სოფელ-ქვეყნისთვის, ხოლო ძროხები და თხები რძით გატენილ ცურებსა და ჯიქნებს სურნელოვანი ღრუბლებივით თავზე რომ გადაატარებენ, ნეტარება და მადლიერება იპყრობთ სკინტლზე აშენებული ქვეყნის მცხოვრებლებს...
ამ სკინტლზე აშენებულ სოფელზე ისე გემრივლად მეწერება, მეშინია, სხვებსაც არ დააინტერესდეთ და არ მომთხოვონ, ის კი არ გვიამბე, რასაც აპირებ, სკინტლზე აშენებულ სოფელზე მოგვიყევიო.
ფეხსალაგის ორმოების ჟამი
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა სოფელში ფეხსალაგის ორმოების თხრა დაიწყეს.
მანამდე სოფელში ყველას თავისი სარიოშო კუთხე ჰქონდა. კაცს რომ გაუჭირდებოდა, სადაც გინდა ყოფილიყო, უტყუარი ისარი იქ წაიყვანდა. მაგრამ შემდგომში სოფელი გაიზარდა, რაც იმან გამოიწვია, რომ ახლომახლო ხევებში ცხოვრება დაკნინდა და მიწა გამოიფიტა და ქერისა და დიკის ნაცვლად ბაბუაწვერა ამოდიოდა. ესენი კი, მოგეხსენებათ არ იფქვიან...
სოფელი წარღვნისდროინდელ ტენზე იდგა ჯერ კიდევ და ცისა და მიწის ურთიერთხახუნის რიტუალურ ჰანგს გამოსცემდა. ბუნებისთვისაც ეს იყო მთავარი. ის ხომ ნარიყივით გასპეტაკებული მკვდარი ძაღლის კბილებზეც ისეთივე ეშხით გადარბის, როგორც კაცისგან მდინარეში სამშრალოდ ჩალაგებულ ქვებზე.
ამიტომაც, ნუ გაგვიკვირდება ცივილიზაციის წინსვლა. პროგრესი დედამიწაზე უჟამო ხანიდან მიმდინარეობს, ისევე, როგორც სექსუალური რევოლუციები. და არ არის გასაკვირვი, რომ ეს უკანასკნელი წინ უსწრებდა ფეხსალაგის ორმოების თხრას.