ფოტოკოლაჟი: რკინაბეტონის “ტიტანიკი”
Posted 2:00 PM by Nina in თემები zurriuss, ჟურნალისტი, საქართველო, ფოტოავტორი: zurriuss
მივუახლოვდი და დავინახე გადაქცეული, შუაზე გადამსხვრეული, მოთხრილი და მკვდარი ნაგებობა, რომელიც ძალიან ჰგავდა “ტიტანიკს”…
“ტიტანიკი” ჩემი ოცნების გემი იყო და მუდამ ასე დარჩება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2013 წლისათვის გემი ნელ-ნელა გაიხსნება მლაშე წყალში და ჟანგის მასად გარდაიქმნება. ამ დროისათვის არც რკინაბეტონის “ტიტანიკისგან” დარჩება რაიმე, რაც მის არსებობას მოგვაგონებს. თითქოს არც ერთი არსებულა და არც მეორე. ჩემი განცდით, ეს დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი ახლობლის გახსენებას ჰგავს. იმდენი ხანია არ გინახავს, გულის სიღრმეში ეჭვი გეპარება, რომ ოდესმე იგი არსებობდა. რკინაბეტონის “ტიტანიკს” 2012 წლამდე გააქრობენ.
ამ ადილზე 2012 წელს ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობა იქნება. მგონი, ასეთი ორიგინალური საკანონმდებლო ორგანოს შენობით ბევრი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის. ერთი პატარა პრობლემაა გადასაწყვეტი, რომელსაც 2012 ჰქვია და თუ ესეც მოვაგვარეთ, ქუთაისის ავტოქარხნის ხრუშოვკების ფანჯრებიდან ასეთი სილუეტი გადაიშლება.
ასე მოეღება ბოლო მონუმენტს, რომელიც, ალბათ, ქუთაისში ბევრს არ ჰყვარებია, მაგრამ არც მის დანგრევაზე ჰქონია პრეტენზია. მეტსაც გეტყვით, დიდების მემორიალი რა იყო, ბევრი ვერ გიპასუხებდათ. ეს ჯმუხი და რუხი მონუმენტი, თითქოს, სულ არსებობდა და ხალხისთვის იგი, უბრალოდ, ადვილად დასამახსოვრებელი ორიენტირი იყო. “იქ, მემორიალთან…” ან “მემორიალს რომ გასცდები…” ამ ტერმინებს, ალბათ, “პარლამენტი” ჩაანაცვლებს.
http://zurriuss.wordpress.com/