ავტორი: Know-it-aLL
აჰა ბატონო ! მოვიდა ახალი წელიც...
როგორი იყო 2010 წლის პირველი წამები, წუთები, საათები...
2010-ში უკვე დაირღვა ერთი "ტრადიცია" და საახალწლო ზეიმის ეპიცენტრი არა თბილისი, არამედ ბათუმი გახდა !
დიახ დიახ...
ჩამოსულ სტუმრებს აღარ ჩამოვთვლი.. ალბათ თავადაც მშვენივრად იცით..
უბრალოდ მსურს რამდენიმე ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, რაც კონცერტის მიღმა იკითხებოდა, ანუ ის "მესიჯები", რომლებიც კონცერტის შემდეგ უნდა გაგვეგო.
კონცერტის დადგმაში, რეჟისურაში, თითოეულ მონაკვეთში, თითოეულ დეტალში იგრძნობოდა ევროპა, თითქოს რაღაც უჩვეულო, აქამდე უცნობი, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. ეს იყო აზიური და ევროპული კულტურის ზედმიწევნით კარგად შეხამება. ეს "მიქსი" მოცეკვავეების რაფინირებულ მოქმედებაშიც ნათლად ჩანდა. კონცერტის შემდეგ მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს წარმოდგენა არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მოდერნიზაციისკენ, ევროპეიზაციისკენ, ცივილიზაციისკენ... კონცერტი თავისთავად შედევრი იყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის გზავნილებია ევროპისათვის, რუსეთისათვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ აფხაზები და ოსები შეცდნენ... შეცდნენ იმაში, რომ საქართველოს რუსეთი ამჯობინეს. ამითი ფაქტობრივად თავიანთ "ნაციონალურ იდენტობას", თუკი ასეთი რამ მათ გააჩნიათ, ხაზი გადაუსვეს. კონცერტი გზავნილი იყო მათთვის, რომ მათი მომავალი საქართველოშია, ევროპულ და ასევე ეროვნულ ტრადიციების მქონე საქართველოში.
ევროპელებსაც უნდა დაენახათ დასანახი. ასეთ კონცერტებს ათასს ჩავატარებთ, მაგრამ რუსეთს ისე უჭირავს ევროპა, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი, რომ უძლური არიან გაზის წინაშე. გერმანიის და საფრანგეთის გაგონებაზე, ევროპაზე საერთოდ მეკარგება შთაბეჭდილება... ჩემთვის ბალტიისპირა ქვეყნები უფროა ევროპა, ვიდრე გერმანია.. ძალიან გადავუხვიე მგონი თემას..
ერთი რამ, რაც ძალიან არ მომეწონა, იყო ის, რომ კარერასი ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ჩამოვიდა აქ და იმის მაგივრად, რომ მისთვის ესმინათ, პეტარდების ბათქა-ბუთქის მეტს არაფერს აკეთებდა ევროპის მოედანზე შეკრებილი "საზოგადოება". ვართ კი მზად კარერასის და სხვანის და სხვანის მოსასმენად? ძალიან დიდი კულტურული ჩამორჩენა გვაქვს და იმედია მომავალში ამას გამოვასწორებთ და კონცერტების დროს აღარ იქნება იმის გამოცხადება საჭირო, რომ 12 საათამდე არავინ არ უნდა ისროლოს "ბომბები"..