უჩვეულოდ ჩვეულებრივი დღესასწაული
Posted 3:00 PM by Nina in თემები doin.ge, დღესასწაული, იუმორი, კინო, საქართველო, ტელევიზიაავტორი: Mchxapneli
“აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი!… რა მოვულოცოთ ჩვენს თავს, ქართველნო? რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევირჩინოთ, რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვილოდინოთ? უკან მივიხედავთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ…რა გითხრათ, რით გაგახაროთ?” – ილია ჭავჭავაძე
“მამა, ჩვეულებრივი პური რომ ვიყიდოთ, რა მოხდება?!” – თონის პურის რიგში დგომისას გაგონილი.
ესეც ასე. ხარული წელიც ჩვეული სიხარულით გავაცილეთ – ჩვეული ბათქა–ბუთქით, ჩვეული სადღეგრძელოებით, (სადაც ”ხარის შრომისმოყვარეობა” “ვეფხვის სიძლიერემ” ჩაანაცვლა), ჩვეულად ჩამოცლილი ანგარიშებით და იმ ტიპის ჩვეული, წინასწარი მილოცვებით, “მერე ხაზები გადაიტვირთება ხო იცი…”–თი რომ მთავრდება.
ერთი სიტყვით, უჩვეულო და ჯადოსნური არც ამ ახალ წელს მომხდარა რამე.
ჩვეულებებზე კი სჯობს, თავიდან დავიწყოთ:
1. პურის რიგი – რა იქნებოდა ახალი წელი ოთხმოცდაათიანი წლების გახსენებისა და თონეებთან არსებული პურის რიგების გარეშე? არც არაფერი.
თუ არასაახალწლოდ განწყობილ ადამიანთა ჯგუფთან ერთად, წვიმასა და თოვლში, ყინვასა და სიცივეში თონესთან არ მდგარხარ, თუ ყოველ ხუთ წუთში ერთხელ “პური მალე იქნებაო?” არ გიკითხავს და ამავე პერიოდულობით ცუდ ამინდზე არ გიწუწუნია, მაშინ ახალი წლის ბრწყინვალებას ბოლომდე ვერასოდეს შეიგრძნობ.
ხოლო, თუ ეს რიგი ძალიან გაიწელა და ყინვა შენი ფეხის თითებს დაეპატრონა, შეიძლება იმაზეც დაფიქრდე, “წელიწადში 364 დღე თუ ჩვეულებრივ, მრგვალ პურს უპრეტენზიოდ მივირთმევდი, დღეს რაღამ გამაგიჟაო“.
თუმცა, რა თქმა უნდა, ამგვარი ფიქრი წამიერი სისუსტეა და ის მაშინვე უნდა აღიგავოს აზრისაგან თავისა.
2. სუფრა – ყველასთან, ვინც ახალ წელს სახლში ხვდება, მთელი დღის განმავლობაში ფუსფუსი და აირ–ზაურია. ასეთ დროს კი მოქმედებას იწყებს მეორე ჩვეულება:
“შიმშილით კუჭი სულ თირკმელებს რომ გიჭამდეს, “ბარემ ცოტაც მოიცადე”–ს ძახილით და პერიოდული “წალუკმვებით” თორმეტ საათამდე როგორმე თავი ცოცხლად უნდა მიიტანო. თუმცა, აქ საქმეში ერთვება კიდევ ერთი ჩვეულება, რომლის მიხედვითაც მთელი დღის ნაშიმშილევი, სუფრასთან მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ უკვე თითქმის აღარც გშია”
3. გადაცემები – სანტა კლაუსს თამამად შეუძლია ქართული ტელევიზიების ხელმძღვანელებს სათითაოდ გამძლე მახათები ჩამოურიგოს , რადგან მათმა უმეტესობამ ახალი წლის ღამე ორი კონცერტის ხარჯზე “გადააგორა”.
ყველაზე “ორიგინალური” კი მაინც მაესტრო აღმოჩნდა, როდესაც 2010 წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე “საუკუნის ნოსტალგიით” ოცდამეერთე საუკუნის შემობრძანება მოგვილოცა. (აბა, მთავარმა იდეოლოგმა 2010 წლამდეც ვერ გაძლო და რა ექნათ?)
კიდევ უფრო კრეატიული აღმოჩნდა “კავკასია“, რომელმაც იზრუნა რა მაყურებელთა განწყობაზე, საახალწლოდ 2009 წლის ყველაზე დაძაბული აქციების, დარბევების და ათასი უბედურების კოლაჟი შემოგვთავაზა.
“იმედმა” თავისი ”შუა ქალაქში” უკვე ყელში (რეკლამებშიც, გადაცემებშიც, ფილარმონიაშიც) ამოიყვანა და სცენარისტებმა დღესასწაულების შემდეგ მეექვსე სეზონზეც რომ დაიწყონ მუშაობა, მაშინ მათი სერიალი “რუსთავი 2″–ის შოუებს მხოლოდ ბედის გაზიარებაში თუღა შეეჯიბრება.