ვირის შვილი

Posted 9:46 PM by anano in თემები ,

 

ავტორი – მამუკა ღლონტი

დუდა ვირის შვილი იყო. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. იგი პატარა ჩოჩორი გახლდათ, რომელიც დედასთან ერთად თავლაში ცხოვრობდა. მამა არ ჰყავდა _ ნაბიჭვარი იყო.Mმის გვერდითვე ცხოვრობდნენ ცხენების ოჯახი, რომლებთანაც კარგი მეზობლობა ჰქონდათ. დედას დუდა უყვარდა და ხშირად ეალერსებოდა. თავლაში დუდას ბაბუის სურათი ეკიდა. ის ხშირად უყურებდა ამ ფოტოს, მაგრამ ვერასოდეს ხვდებოდა რატომ იყო მისი ბაბუა ცხენი, თავად კი ვირი?! ამ კითხვაზე დედამ ასეთი პასუხი გასცა:
_ დუდა! მთავარია დრო გავიდეს და შენც რამე ისეთი გააკეთო, რომ ხალხს თავი დაამახსოვრო. ისტორია კი თავისას გააკეთებს. ისტორიის მთავარი დანიშნულება ხომ ყველა ვირისგან ცხენის შექმნააო.
დუდამ დედის დარიგება დაიმახსოვრა. გამუდმებით ფიქრობდა, თუ რა გაეკეთებინა ისეთი, რაც ისტორიაში დარჩენისა და თეთრ რაშად ქცევის საშუალებას მისცემდა.
როცა გაიზარდა, ვირები შეკრიბა და ცხენების წინააღმდეგ შეთქმულებას სათავეში ჩაუდგა. ბავშვობიდანვე არ უყვარდა ცხენები, თუმცა ცხენობა მის ოცნებად ქცეულიყო.
ხანგრძლივი ომის შემდეგ ვირებმა ყველა ცხენი გაწყვიტეს, მხოლოდ ასამდე ინდივიდი მოსამსახურედ დატოვეს.
დადგა დუდას აღზევების დროც. იგი ვირების ლიდერი და წინამძღოლი გახდა, რის გამოც სიცოცხლეშივე დაუდგეს ძეგლი, მსგავსი და ხატი მისი. დუდას ოცნება კი ცხენობა იყო და არ მოეწონა როცა ვირის მსგავსად გამოაქანდაკეს. დედამ დაამშვიდა:
_ მოიცადე, გავა ასიოდე წელი და როგორც ცხენს, ისე გამოგძერწავენო.
დუდა კმაყოფილი იყო. ბევრი სისხლი დაღვარა და მხოლოდ რამოდენიმე ათეული წელი აშორებდა სანატრელ ოცნებას, ის მალე ცხენი გახდებოდა, მისი შვილიშვილი კი დუდას ფოტოს დანახვაზე დედას ჰკითხავდა, თუ რატომ იყო მისი ბაბუა ცხენი და თავად კი ვირი?
_ მოიცა! _ შეცბა დუდა.
_ ჩემი შვილიშვილი ვირი იქნება?
მან დედასთან მიირბინა და აღელვებულმა ჰკითხა:
_ ჩემი შვილიშვილი ვინ იქნება ცხენი თუ ვირი?
დედამ გაოცებული სახით შეხედა და უპასუხა:
_ რა კითხვაა ჩემო ვირუკელავ?! შენი შვილიშვილი, ისევე როგორც ყველა შენი შთამომავალი, რათქმა უნდა ვირი იქნება.
დუდა დაღონებული გამოვიდა თავლიდან. ის ვირიშვილი იყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!

იხილეთ აქ



0 comment(s) to... “ვირის შვილი”