
ავტორი – Lord Vader
გასული წლის ბოლოს “სიმფსონებმა” 20 წლის იუბილე აღნიშნეს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა ანიმაციურმა ოჯახმა მრავალი ქვეყნის ფანატებისგან მიიღო მილოცვები და მათ შორის… ვატიკანისგან.
მიუხედავად იმისა, რომ სიმფსონები სრულიადაც არა-ლიტარატურულ ენაზე საუბრობენ, უხვად იყენებენ სლენგსა და უხეშ გამოთქმებსაც, მიუხედავად იმისა, რომ სიმფსონთა ოჯახის “რელიგიურობა”, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა კათოლიკური იდეალისგან, მიუხედავად იმისა, რომ ჰომერ სიმფსონი ღმერთს ხან ანეკდოტებს უყვება და ხან სუპერმენს უწოდებს, წმინდა საყდრის ოფიციალურმა გამოცემამ, გაზეთმა L’Osservatore Romano-მ სერიალის შემქმნელებს ხელოვნება შეუქო და აღნიშნა, რომ სიმფსონების გარეშე დღევანდელ სამყაროს სიცილი მოაკლდებოდაო, თან ისიც დაამატა, რომ ჰომერ სიმფსონს სურს, მიიღოს პასუხი იმ კითხვებზე, რომელიც აწუხებს და ის ძიების პროცესშია, როგორც მრავალი სხვა ადამიანი და რომ ფიქრი და განსჯა, ზოგადად, სასარგებლო რამაა და უეჭველი მიიყვანს ღმერთთან, მიუხედავად იმისა, თუ რა სახელს დაარქმევს მასო.
დრო იცვლება. გემოვნება იცვლება. ხელოვნების ახალი ფორმები იბადება. რაღაც კვდება და იკარგება… შეიძლება, რაც იკარგება, ბევრად ჯობს მისი ადგილის დამჭერს, მაგრამ წარსულ დროებზედ დარდის ნაცვლად, ეკლესიამ დღევანდელობას უნდა გაუსწოროს თვალი და მომავალზე იზრუნოს. უნდა გამოიყენოს… თუმცა, “გამოყენება”, ამ შემთხვევაში, უადგილო სიტყვაა… უნდა დაიხმაროს ხელოვნების დღევანდელი ფორმები, ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევები. არ შეიძლება მე-12 საუკუნეში ჩარჩენა, როგორ სამურადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ის ეპოქა.
ეს არც არაფრის დავიწყებაა და არც არაფრის უარყოფა. არც ფესვების ამოძირკვაა და არც საკუთარ მეზე გადაბიჯება. ეს არის განახლება. ეს არის აწმყო, რომელიც წარსულზე დგას და მომავლის მშობელია… მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ამის ნაცვლად, უფრო უძრაობა, გულების გაქვავება და გონების გაყინვა ჩანს.
ვენაში ვინც ყოფილა, ყველას ნანახი ექნება წმინდა სტეფანეს ტაძარი (სხვათა შორის, სწორედ მე-12 საუკუნეშია აშენებული) და მის პირდაპირ აგებული მე-20 საუკუნის არქიტექტურის ნიმუში Haas-Haus, რომლის სარკისებრ შუშებშიც ისევე ირეკლება ტაძარი, როგორც თანამედროვე ავსტრიაში ჰაბსბურგების იმპერია.
http://virtualcollector.blogspot.com/