მორჩა კინო
Posted 2:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, გიორგი გვახარია, დაჯილდოვება, ევროპა, კინო, რელიგია, საქართველოავტორი გიორგი გვახარია
ამას წინათ ლაშა ბაქრაძეს ვუთხარი, რომ თუკი ოდესმე მაინც გავტეხე ფიცი და წიგნის გამოცემას დავთანხმდი, ეს იქნება წიგნი ერიკ რომერზე - რეჟისორზე, რომელსაც ყველაზე ახლობლად მივიჩნევ კინოს სამყაროში - ბაბუად, მამად, მეგობრად... სწორედ რომერი და მისი ფილმები იყო, რამდენჯერმე რომ გამომიყვანეს ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, დამაიმედეს, სიცოცხლის აზრი მაგრძნობინეს, ძალა შემმატეს. რომერი იყო პირველი, რომელმაც ყველაფრის ნგრევის, დაშლის ახალგაზრდული ვნება საწინააღმდეგოთი შემიცვალა - ყველაფრის აწყობის, კონსტრუირების, აშენების ვნებით. ზუსტად არ მახსოვს, როდის მოხდა ეს... შეიძლება 1992 წლის ბერლინის ფესტივალზე, როცა ”ზამთრის ზღაპრის” დასრულების შემდეგ ჟიურის წევრმა, ელდარ შენგელაიამ დაარღვია რეგლამენტი, ვერ მოითმინა და ”ბერლინალეზე” აკრედიტებულ ქართველ კრიტიკოსებს გვითხრა: ”რა მაგარი რეჟისორი ყოფილა ეს რომერი. თარგმანი არ მქონდა, მაგრამ ყველაფერი გავიგე!”
რომერის ფილმი, დიალოგების თარგმნის გარეშე ვიღაცისთვის შეიძლება ჯოჯოხეთი იყოს. მის სურათებში, და განსაკუთრებით ციკლში ”წელიწადის დრონი”, რომელსაც ”ზამთრის ზღაპარი” მიეკუთვნება, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ღმერთზე, სიყვარულზე, ერთგულებაზე, ღალატზე, სექსზე... ყველაფერზე, რაზეც შეიძლება ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ რომერი ამტკიცებდა, მაინტერესებს როგორია ადამიანი, როცა ამა თუ იმ სიტყვას წარმოთქვამსო, ეს ლაპარაკი არც ისე მნიშვნელოვანია მის ფილმებში. მთავარი ადამიანთა ქცევა, ჟესტები, მზერათა თამაშია. თავადაც ხომ ამბობდა, უჩვენო ვიღაცას რაღაც - აი, ესააა კინოხელოვნებაო.
რას უჩვენებს? სასოწარკვეთილ ქალებს და კაცებს (ძირითადად ახალგაზრდებს), რომლებიც თავიანთი სივრცის ”კონსტრუირებას” ცდილობენ (ახალ ბინაში გადადიან, რემონტს იწყებენ, ეძებენ ადგილს შვებულების გასატარებლად)... არა თუ სიტყვა, სიუჟეტიც კი ბანალურია ერიკ რომერის ფილმებში!
არადა უჩვენებს. მართლა უჩვენებს ისეთ რამეს, სიცოცხლის ხალისს რომ დაგიბრუნებს. საზრისს რომ შეუქმნის შენს არსებობას. ცოტა, იცით, როგორ განცდას ჰგავს ეს? ბუნებაში რომ გადიხარ, აი, იმას. ოღონდ არა ”პიკნიკზე”, მწვადების საჭმელად, თუ სოკოს დასაკრეფად, არამედ მარტო. სრულიად მარტო როცა გადიხარ ბუნებაში! ტყეში რომ აღმოჩნდები მარტო, ანდა ზღვის პირას...
აბა, გამოტყდით, რამდენად ნაცნობია თქვენთვის ეს გრძნობა!
არა, საქართველოში არ უყვართ ერიკ რომერი. პრინციპში მას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არ ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი. ბერლინის იმ ფესტივალის დასრულების შემდეგ ელდარ შენგელაიამ მითხრა, ჟიურის ამერიკელმა წევრებმა დასცინეს კიდეცო...