”ჩვენი თავიც უნდა დავიბრუნოთ და ჩვენი ადგილიც მსოფლიოში”

Posted 1:30 PM by Nina in თემები , , ,

viewer

ავტორი: ნინო მიქიაშვილი

გერმანიაში გამომავალი გერმანულენოვანი ჟურნალი - ”აინბლ გეორგიენ” ევროპელ მკითხველს გერმანულ ენაზე წარსულთან შეზავებულ თანამედროვე საქართველოს აცნობს. ამ ჟურნალის მეშვეობით გარკვეულწილად შესაძლებელია გაიგო როგორია საქართველოში არეკლილი სამყარო და თვით სამყაროში არეკლილი საქართველო.

ჟურნალის მესამე ნომერი, ხარჯების დაზოგვის მიზნით, საქართველოში დაიბეჭდა. პრესა.გე ამ გამოცემის დამფუძნებელს, მარიკა ლაფაური-ბურკს, რომელიც 20 წელია გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში ცხოვრობს (მის მიერაა ინიცირებული დაახლოებით 130 ქართული პროექტი), საქართველოში ყოფნისას შეხვდა და ესაუბრა.

როდის გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი?
მარიკა ლაფაური-ბურკ: ჟურნალის გამოცემა აგვისტოს ომის შემდეგ დავიწყეთ. ეს ჩემი იდეა იყო, რაც განვახორციელე დოქტორ ფრანკ ტრემელთან ერთად, რომელიც არის ჩემი მეგობარი, თანამოაზრე და ძალიან ძვირფასი ადამიანი. იგი კულტუროლოგი, საქართველოსთვის ფასდაუდებელი პიროვნებაა, ჩვენს ქვეყანაზე უამრავი რამ იცის, ისე, რომ ის აქ მხოლოდ ერთხელ, ერთი კვირითაა ნამყოფი (ინტერვიუ ფრანკ ტრემელთან პრესა.გე-ზე გასული წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სათაურით - ”სანამ ლიბერალური საზოგადოების ინტერესები არ გადაილახება, ქართველთა თვითგანადგურებას ბოლო არ ექნება“
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10562). როგორც კულტუროლოგს, ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარს; ჩვენი განწყობები, ემოციები, შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა და ამიტომ, მასთან ერთად ჟურნალზე მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.

ჟურნალის პირველი ნომერი (მასალის მოძიება, თარგმნა, დამუშავება) ჩვენი ხარჯებით, იმ იდეით გავაკეთეთ, რომ მის გამოცემას გავაგრძელებდით. გრაფიკაში ერთ-ერთი ქართველი მეგობარი, კოკა ტოგონიძე დაგვეხმარა, ვინც დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს; იგი იქ საქართველოს ერთ-ერთ ბურჯად ითვლება; ჩვენს პროექტებს ყოველთვის აქტიურად ეხმიანება. ჟურნალის პირველი ნომრის დაბეჭდვა (გერმანიაში) სწორედ მან დააფინანსა, ხოლო გრაფიკის ხარჯები გიორგი დუნდუამ გაიღო. ჟურნალი ძალიან მაღალი ხარისხის ქაღალდზეა დაბეჭდილი, შავ-თეთრია და საკმაოდ ძვირი დაჯდა. პირველმა ნომერმა ძალიან ნაყოფიერი შედეგი გამოიღო და მეორეზე მუშაობა მაშინვე დავიწყეთ.

რაში გამოიხატა შედეგი?
- სხვადასხვა, შემეცნებითი ხასიათის თემები ბოლო 20 წელია კომპელქსურად არ უთარგმნიათ, არც იქით და არც აქეთ. შეიძლება რაღაც მხატვრული ნაწარმოებები ითარგმნა, მაგრამ ისეთი, რომ კულტუროლოგიულ ჭრილში ინფორმაციებს იძლეოდეს ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე, არ უთარგმნიათ.

ჟურნალი 30-დან 40 გვერდამდე მერყეობს. ჩვენ სამი ქვეთავი გვაქვს: ფაქტები, რეფლექსია, ანალიზი. ვცდილობთ ამ ფარგლებში ჩავჯდეთ. რასაკვირველია, დღევანდელობიდან გამოვდივართ, მაგრამ ეს არ არის ყოველდღიური პრესა; ისეთ მასალას ვარჩევთ, რომელიც ჩვენი აზრით, 5-10 წლის შემდეგაც ღირებული იქნება. ჟურნალის პირველი ნომერი დავარიგეთ, ზოგი გაიყიდა. რეკლამები როცა გამოვაქვეყნეთ, რეაქციებმა ცხადი გახადა ის, რომ ევროპაში ამგვარი გამოცემის მიმართ ინტერესი არსებობს. იქ მსგავსი გამოცემა არ არის.

ტირაჟი რამდენია?
- ჯერჯერობით მხოლოდ 500 ცალი გამოდის, მაგრამ ვთვლი, რომ უფრო მეტი უნდა გამოვუშვათ. მესამე ნომერზე მხოლოდ ერთი ანონსის მიცემა მოვასწარი და იმ წამსვე შეკვეთები მოგვივიდა. ვერ ვიტყვი მთელი ქვეყანა გადაირია-მეთქი, მაგრამ აღმოსავლეთ-დასავლეთის თემატიკა, ან კერძოდ საქართველოს თემები ვისაც აინტერესებს, ისინი ჩვენი ჟურნალით ინტერესდებიან. ჟურნალი შეგიძლიათ შეუკვეთოთ მისამართზე: info@lile.de

იხილეთ ვრცლად>>>

 

http://presa.ge/



0 comment(s) to... “”ჩვენი თავიც უნდა დავიბრუნოთ და ჩვენი ადგილიც მსოფლიოში””