წერილი ქალიშვილს :)

Posted 5:17 PM by anano in თემები ,

 

ავტორი - ♥ The Dream Teller ♥

ახლა ღამეა. შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას, დედაშენსაც კი...
შენ ისე შორს ხარ ჩემგან…მაგრამ დაე თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის, ამ მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს. შენ კი სად ხარ? შორს ზღაპრულ პარიზში.

ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ.
ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე! იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე! მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე. ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ. ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
იცი კი რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან?! სულ პაწიას, ზღაპრებს გიყვებოდი! – ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: „გამშორდი – მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან!~ მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა! ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს. ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, მოფარფატე ფერიას. მესმოდა როგორ ლაპარაკობდა ხალხი: `ხედავთ ამ გოგონას?! - ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია. არ გახსოვთ, ჩარლის რომ ეძახდნენ?~
ხო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია, იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი, მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება – ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულის ფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: `ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?~ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა...…იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია.…ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი… მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი რა არის შიმშილი! ვიცი რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა?! - მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ...
შენ ჩემი გვარის ხარ – ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა. მაგრამ სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა?! -სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!...
ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკითხო, შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდეს და იმის ფულიც კი არ ჰქონდეთ, რომ თავიანთი მომავალი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაისტუმრონ. სხვას კი ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე. იარე ფეხით, ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც უთხარი შენს თავს: `მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ!~ - დიახ, შენ ერთ-ერთი მათგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან, პირველივე ტაქსი გააჩერე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს – შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო ლამაზებსაც, შენზე ამაყებს! შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მხოლოდ მთვარეა. დააკვირდი, აბა კარგად დააკვირდი: ხომ შენზე უკეთ ცეკვავენ?! - გამოტყდი ჩემო გოგონა! ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე უკეთ თამაშობს. და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახში არასდროს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას, ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისათვის დაეცინოს!

იხილეთ ვრცლად...

http://the-dream-teller.blogspot.com/



0 comment(s) to... “წერილი ქალიშვილს :)”