რა ღირს ლეო მესი
Posted 6:00 PM by anano in თემები Biography, ilmfb.wordpress.com, lika151, სპორტი, ფეხბურთი
ავტორი – lika151
მესის ტალანტს 11 წლის ასაკში წინააღმდეგობა შეხვდა – ლეოს სიმაღლის ჰორმონების დეფიციტი დაუდგინეს. მკურნალობა თვეში 700–დან 1.000 დოლარამდე ჯდებოდა და ასეთი თანხის გაღება არგენტინულ კლუბებს, მათ შორის არც “რივერ პლეიტს”, რომელიც ახალგაზრდა ტალანტით იყო დაინტერესებული, არ სურდათ. მესის გაუმართლა – მისით თვით კარლოს რექსაჩი დაინტერესდა, ყოფილი ფეხბურთელი და შემდეგში მწვრთნელი, იმ დროისთვის კი “ბარსელონას” სპორტული დირექტორი. კატალონიაში მესის ოჯახს ნათესავები ჰყავდა და ისინიც დაჰპირდნენ ოჯახს გვერდით დგომას.
“ბარსელონამ” გასინჯა ბიჭუნა და დათანხმდა მის მკურნალობაზე, თუ ლეოს პირდაპირ გადაიყვანდნენ კატალონიაში. ხორხეც დათანხმდა. რატომაც არა? ნათესავები ჰყავდა და “ბარსელონაზე” უკეთეს გუნდს ბავშვის პროგრესირებისთვის ვერც იპოვიდა.
მკურნალობამ კარგად ჩაიარა. ახლა მესის სიმაღლე 169 სანტიმეტრია. მართალია, დიდი სიმაღლით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ არც ისეთი პატარა დარჩა, როგორსაც ექიმები მკურნალობამდე ვარაუდობდნენ. დაბალი სიმაღლე სულაც არ უშლის ხელს თამაშში და თავითაც არაერთი ბურთი გაუტანია. ამის მაგალითი 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერის” კარში გატანილი ბურთია. ამასთან, კარგად არის ცნობილი, რას აკეთებენ დაბალი არგენტინელი ვარსკვლავები, როდესაც სიმაღლე არ ჰყოფნით.
მარადონას ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ არგენტინულმა ფეხბურთმა ბევრი “ახალი მარადონა” გამოიცვალა, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა იმედები ვერ გაამართლა. მესი კი თვით დიდმა დიეგომ აღიარა და თავის მემკვიდრედ შერაცხა.
– მე ვხედავ ფეხბურთელს, რომელიც ჩემს ადგილს დაიკავებს არგენტინულ ფეხბურთში. მისი სახელი ლეო მესია, – განაცხადა მარადონამ.
მესიმ უკვე მოასწრო ორი ისეთი ტყუპისცალი გოლების გატანა, როგორც მარადონამ. მართალია, ეს არა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, არამედ ესპანეთში მოახერხა, მაგრამ სპეციალისტები ამ გოლებს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ.
2007 წლის აპრილში, ესპანეთის თასის ნახევარფინალში “ხეტაფეს” წინააღმდეგ, მესიმ გაიტანა ისეთი გოლი, როგორიც მარადონამ 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების კარში. მესიმ სირბილი ზუსტად იმ ადგილიდან დაიწყო (მანძილი კარამდე 62 მეტრი), მოატყუა ზუსტად იმდენივე ფეხბურთელი (6, მეკარის ჩათვლით) და ირბინა ზუსტად მარჯვენა ფლანგზე – განსხვავება ძალიან მინიმალური იყო.
ლეომ გაიმეორა მარადონას მეორე მიღწევაც, როდესაც “ესპანიოლის” კარში გოლი ხელით გაიტანა. აქ კი სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ მესის “ღმერთის ხელი” უფრო ტექნიკურად და ეშმაკურად იყო შესრულებული, ვიდრე მარადონასი.
თავად მესი კი მიიჩნევს, რომ მარადონობამდე ბევრი უკლია და ცდილობს გაექცეს მსგავსებას თავის ლეგენდასთან.
“ბარსელონას” ტყუილად არ გაუღია ის თანხა, რომელიც მესის მკურნალობას დასჭირდა – ახლა მესი გაცილებით ძვირი ღირს. მისი ფასი 250 მილიონი ევროა და თუ ვინმეს მესის შეძენა სურს, სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს კატალონიური კლუბისთვის, რომელთანაც კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს. მისი ხელფასი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუსას ჩამოუვარდება და წელიწადში 9,5 მილიონ ევროს უდრის.