პირამიდების საიდუმლოს ახალი ამოხსნა
Posted 4:00 PM by Nina in თემები ეს საინტერესოა, მაძიებლის ბლოგი
ავტორი: მალხაზ რუსაძე
ქართველი მეტერეოლოგის აღმოჩენამ მსოფლიო ეგვიპტოლოგიას ახალი ჰორიზონტები გადაუშალა
საქართველოში სულ რამდენიმე ეგვიპტოლოგი მეცნიერია, უფრო ცოტა, ვიდრე თითზე ჩამოსათვლელი: ქალბატონი მანანა ხვედელიძე, ბატონი ლევან ქურდიანი და ჩემი შვილი თაკო, რომელმაც ეგვიპტოლოგობა გადაწყვიტა, მაგრამ ჯერჯერობით მომავალი ეგვიპტოლოგის კატეგორიაში თუ გავა.
ქართული ეგვიპტოლოგიური სკოლა კი, თუ არსებობს, მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში.
ამ ფონზე ეგვიპტოლოგიაში ახალი სიტყვის თქმა სენსაცია თუ არა, და დიდი მოულოდნელობა მაინც იყო.
მით უმეტეს, როდესაც ეს ახლად მოვლენილი `ეგვიპტოლოგი” სულ არ იყო ეგვიპტოლოგი. დიპლომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას მხოლოდ მეტეოროლოგის განათლება ჰქონდა და აქვს.
ყველაფერი შვილის დაბადების დღეზე დაიწყო, როდესაც გიზო ვაშაკიძემ ბავშვის საჩუქრებიდან ილუსტრირებული ენციკლოპედიის ახლად გამოცემული ტომი გამოაძვრინა და თვალიერებას შეუდგა.
ერთ ერთ ილუსტრაციაზე, რომელიც ეგვიპტურ თემას განიხილავდა, ხეოფსის პირამიდა იყო გამოსახული თავისი პირველქმნილი სახით, ანუ თეთრი, სარკესავით დამუშავებული, მარმარილოთი მოპირკეთებული და ძალიან ლამაზი. კარგ ილუსტრაციას პროფესიონალი და კარგადვე ერუდირებული მხატვრის ხელი ეტყობოდა.
ფერი, რაკურსი, შუქ-ჩრდილები, განათება, ყველაფერი სახეზე იყო, განსაკუთრებით შუქ-ჩრდილები. გიზოს ყურადღება სწორედ შუქ-ჩრდილებმა მიიპყრო.
აბსოლუტურად სპონტანურად გაჩნდა იდეა, რომ პირამიდის დახრილ კედელს უნდა აერეკლა მზის სხივი, რომელიც პირამიდის ირგვლივ ნიადაგზე განაწილდებოდა. ამას პირამიდის გარშემო ტემპერატურის მატება უნდა გამოეწვია, მაშინ როდესაც მარმარილოს პირამიდა ცივი რჩებოდა. წარმოიშობოდა მაქსიმალურად ცივი ცენტრი და მაქსიმალურადვე ცხელი გარემო. ამ ორი კომპონენტის გაერთიანებას შეეძლო უმართავი მეტეოპროცესები გამოეწვია _ თუნდაც ტორნადო. ასეთი აზრი რა თქმა უნდა მხოლოდ მეტეოროლოგს შეიძლებოდა მოსვლოდა თავში...
http://absolutelyfreelevan.blogspot.com/