აფხაზეთი ნაურუმ აღიარა
Posted 3:00 PM by Nina in თემები foreignpress.ge, ამბები, პოლიტიკა, რუსეთი, საქართველოელენ ბარი
მოსკოვი – კავკასიის შფოთიანი პოლიტიკური თეატრის სცენაზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა. ეს წყნარი ოკეანის ღარიბი ჯუჯა სახელწმიფო ნაურუა, რომელიც ორშაბათს მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა და ამ გზით ფაქტობრივად მისი სუვერენიტეტი სცნო
ეს განცხადება 15 თვეში მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის აღიარებაზე იძულების მიზნით, თავის მოკავშირეებზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო. ეს ორი სეპარატისტული რეგიონი 2008 წლის საქართველოს ომის ეპიცენტრში იყო.
წყნარ ოკეანეში მდებარე ეს კლდოვანი კუნძული, რომლის მოცულობა სულ რვა კვადრატული მილია, მისი მოსახლეობა კი 11 000 ადამიანისგან შედგება, როგორც გავლენიანი რუსული გაზეთი ”კომერსანტი” ამტკიცებს, კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. გაზეთის ცნობით, რომელიც ანონიმურ რუს დიპლომატს იმოწმებს, რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს ნაურუს ხელისუფლებამ ”გადაუდებელი სოციალური და ეკონომიკური პროექტების” რეალიზაციისთვის 50 მილიონი დოლარი მოითხოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ ლიაკინ-ფროლოვმა ამ ცნობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ნაურუ – მსოფლიოში ყველაზე პატარა რესპუბლიკაა – რომელსაც უკიდურესად სჭირდება შემოსავლები, რადგან მისი მთავარი რესურსი – ასწლეულების განმავლობაში ფრინველთა სკინტლისგან დაგროვილი ფოსფატია, რომელიც ფაქტობრივად ამოწურულია. კუნძულის ხელისუფლება ცდილობდა თავშესფარის მიცემას ავსტრალიის დევნილებისთვის. მათ ასევე მილიონები ჩადეს მიუზიკლში West End (პროექტი სრული მარცხით დასრულდა).
ახლახანს, ნაურუს ხელისუფლებამ სერიოზულ საგარეო-პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობას მიჰყო ხელი. 2002 წელს მათ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს ტაივანთან, რაც ჩინეთის მხრიდან სახელმწიფოსთვის 130 მილიონი დოლარის გადაცემის ფაქტს დაემთხვა. სამი წლის შემდეგ კუნძულის ხელისუფლებამ მათ თავი შეახსენა, რამაც ჩინეთის ხელისუფლება აიძულა დაეჩივლა, რომ კუნძულის წარმომადგენლები ”მხოლოდ მატერიალური სიკეთეების მიღებით არიან დაინტერესებულები”.
მიუხედავად ამისა, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში ორშაბათს საზეიმო განწყობა სუფევდა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ მისი კოლეგა ნაურუდან კირენ კეკე მას დაჰპირდა, რომ აფხაზეთის აღიარებას წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებისგანაც მიაღწევს. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კითხვებს არ უპასუხეს, რომლებიც კუნძულის ფაქტობრივად არ არსებულ ეკონომიკას და მოსახლეობის მცირერიცხოვნებას უკავშირდებოდა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ეს ქვეყანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პატივისცემით სარგებლობს