ავტორი Alexander
ირანში 10 ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან რვა არასრულწლოვანია, სიკვდილით დასჯის მოლოდინშია „სოდომიის“ ბრალდებით, ხოლო კიდევ ორი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. ინფორმაცია სიკვდილმისჯილი მამაკაცების შესახებ გაავრცელეს 25 ნოემბერს გეებისა და ლესბოსელების უფლებების საერთაშორისო კომისიამ (IGLHRC), ირანულმა ქვირ ორგანიზაციამ (IRQO) და ჰოლანდიურმა ორგანიზაციამ COC, რომელიც მსოფლიოში ერთერთი უძველესი ლგბტ ჯგუფია, და რომელიც 1946 წელს შეიქმნა. ამ ორგანიზაციებმა მოუწოდეს დასავლეთის ქვეყნებს, რომელთაც ირანთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ, მიიღონ დიპლომატიური ზომები, რათა ეს დასჯა შეაჩერონ.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ირანის დღევანდელი თეოკრატიული რეჟიმის პირობებში ძალიან რთულია ინფორმაციის მიღება ჰომოსექსუალების შესახებ, რომელთაც სასჯელის უმაღლესი ზომა მიესაჯათ. ადგილობრივ მედიაში მკაცრი ცენზურაა, ხოლო ჟურნალისტები, რეჟიმის კრიტიკოსები და ადამიანის უფლებების დამცველები იდევნებიან და მათ აკავებენ.
ირანში ერთსქესიანი ურთიერთობა პოლიტიკურ და რელიგიურ ტაბუდ ითვლება. „სოდომიაში“ დადანაშაულებულ პირებს ღია სასამართლო პროცესებზე უარს უცხადებენ.