„ჩვენ ერთად ვართ“ – ქართული როკი ქუთაისში
Posted 6:00 PM by Nina in თემები Rock, ანარეკლი, კონცერტი, საქართველო, ქალიავტორი: ERM0NIA
„ქუთაისის კონცერტი ათასჯერ მეტი ენერგიის მომცემი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი კონცერტი თბილისში“
საქართველოში სიტყვა „აქცია“ რატომღაც რაღაცის ან ვიღაცის წინააღმდეგ გამოსვლასთან ასოცირდება. ანუ, თუ ვიღაცეები რაღაც აქციას ატარებენ, ის აუცილებლად რაღაცის ან ვიღაცის საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიმართული. თუმცა აქცია შეიძლება იყოს მშვიდობიანი, რაღაც ერთიანობის სიმბოლოც.
გასულ კვირას ქუთაისში გაიმართა როკ-აქცია „ჩვენ ერთად ვართ“, რომელშიც ქუთაისისა და თბილისის როკ-კოლექტივები მონაწილეობდნენ. ეს იდეა ქუთაისში სამხარეო ადმინისტრაციამ განახორციელა. აქციის სპონსორი საქველმოქმედო-კულტურული ასოციაცია „ოკრიბა“ იყო. მასში მონაწილეობდნენ ჯგუფები: „სტუმარი“, „ზუმბა“, „პულსი“, „ბუნკერი“ და რობი კუხიანიძე.
ამავე დროს, აქციაზე თბილისიდან სპეციალურად ჩავიდა ამერიკელი ბლუზმენი პოლ რიმპოლი. კონცერტი გააშუქა ტელეკომპანია „ქუთაისმა“, ქუთაისურმა რადიო 105-მა და რადიო „ძველმა ქალაქმა“, რომელმაც ჯერ კიდევ გზაში მყოფი მუსიკოსები ეთერში გაიყვანა. სხვადასხვა საპატიო თუ არასაპატიო მიზეზის გამომ კონცერტზე ვერ ჩამოვიდნენ ნინო ქათამაძე („ინსაიტი“) და ფრედი პაიანი („შუქი მოვიდა“), თუმცა აღნიშნული ჯგუფის წევრები ქუთაისში იყვნენ.
აქცია „ჩვენ ერთად ვართ“ გაიმართა ტელეკომპანია „რიონის“ კინო-საკონცერტო დარბაზში. შეიძლება ითქვას, რომ კონცერტი წარმატებით ჩატარდა. საქენერგო ტრადიციებს არც ქუთაისში ღალატობს და აქციის მსვლელობისას შუქი ორჯერ ჩაქრა. ამან კონცერტის მსვლელობაზე მაინცადამაინც უარყოფითად ვერ იმოქმედა. ქუთაისელი ხმის რეჟისორის გუჯა ჯოხარიძის შესანიშნავი ჟღერადობის აპარატურაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ქუთაისელი და თბილისელი მუსიკოსები: ჯგუფები „სტუმარი“, „პულსი“, „ბუნკერი“, რობი კუხიანიძე (მასთან ერთად სიმღერებს სცენაზე ავარდნილი პატარა ბავშვები, მათ შორის, მაწანწალებიც ასრულებდნენ), პოლ რიმპოლი (რომელსაც ქართულად პავლეს ეძახდნენ) და ჯგუფი „ზუმბა“ (მასთან ერთად ათასკაციანი დარბაზი მღეროდა და ცეკვავდა).
დათო ხოსიტაშვილი („სტუმარი“): „ჯგუფი „სტუმარი“ აგერ უკვე ერთი წელია არსებობს. ქუთაისში არასრული შემადგენლობით ვიყავით ჩამოსულები. ჩვენთან ერთად არ იყო დათო ჩაბულაძე და ნინა ჯანჯღავა, რომელიც ამ ჯგუფის ვოკალისტი და ფლეიტისტია. რამდენიმე ნაწარმოები უცებ შევკარით რამაზ გოქაძემ, გურამ მაკალათიამ, მე და ერთად დავუკარით ქუთაისლებისთვის.
ქუთაისლებს „გამარჯობა“ ვუთხარი და მათ „გაგიმარჯოს“ მითხრეს. ეს ძალიან დიდი რამ იყო. ამიტომ პუბლიკის მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ. მხოლოდ ჩემი თავით არ ვარ კმაყოფილი. მსმენელებს შორის იყვნენ მეტალისტები, როკერებიც და პოპსას მოყვარულებიც, მაგრამ მათ მოგვისმინეს. კიდევ ერთ დიდ კონცერტს სიამოვნებით გავაკეთებდი ამ ქალაქში, ოღონდ სრული შემადგენლობით“.
პოლ (პავლე) რიმპოლი: „ქუთაისში ძალიან ციოდა, ბნელოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქუთაისლებისგან უდიდესი ენერგია ვიგრძენი. ისე კი ძალიან ბევრი ღვინო დავლიე და ბევრი რამ აღარ მახსოვს. ამ ქალაქში დაკვრა დიდი პატივინ იყო. მე დამიკრავს ბლუზი ჩიკაგოში, კრაკოვსა და ვარშავაში, მაგრამ ქუთაისმა სასიამოვნოდ გამაოცა. მაყურებელმა გამიგო, მათ იგრძნეს ჩემი დაკრული მუსიკა. ძალიან კარგი ქალაქია. ძალიან მომწონს ქართველი ქალები, ქართული ღვინო, ჭაჭა, სამზარეულო, სტუმართმოყვარეობა – ყველაფერი ქართული მომწონს.
აქ ყველაფერი მომწონს პოლიტიკოსების გარდა…