მალხაზ ხარბედია - ბიტ-საუკუნის დასასრული

Posted 2:30 PM by Nina in თემები , , ,

beat_madonna_caption

ავტორი: არილი

ალბათ არ მოიძებნება მეოცე საუკუნეში თაობა, შემოქმედ ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ბიტნიკებზე უფრო მეტად "შეძრა სამყარო", შეძრა შემოქმედებითაც, საქციელითაც და რაც მთავარია, თავისი ხვედრით. შედარებითი პრიმიტიულობის მიუხედავად, ხსენებული გენერაცია მაინც ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ მოვლენად აღიქმება და თავისი მას-კულტურული, შეიძლება ითქვას, უკიდურესად საჯარო ხასიათის საპირისპიროდ, დღემდე ინარჩუნებს ელიტარულ-სნობურ აურასაც (არადა, დღეს, ქრესტომათიულ ბიტად მხოლოდ მასობრივი ჟანრები აღიქმებიან, MTV-დან დაწყებული - ოლივერ სტოუნის უკანასკნელი კინო-პროექტებით დამთავრებული). ამ თაობის ადამიანები ჩვენი საუკუნის ყველაზე გზააბნეულ ტიპებად მიიჩნევიან და მათი დროის ერთ მონაკვეთში, მითუმეტეს კი გარკვეულ სივრცეში განთავსება-დაბინავება თითქმის შეუძლებელი ხდება... თუმცა, მაინც შეიძლება მეტ-ნაკლები სიზუსტით ითქვას, რომ ამ ადამიანებმა 1948 წელს, ნიუ-იორკში მოიყარეს თავი. ამ დროისთვის მუსიკით, ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით გამოწრთობილ ახალგაზრდებს უკვე ყველა ამჩნევდა, მანამდე კი ისინი ჯერ კიდევ "აზრზე მოდიოდნენ" (თუ პირიქით, კარგავდნენ მას), სინჯავდნენ ყვლაფერს, რაც მათ სიამოვნებას მოჰგვრიდა და მიეხეტებოდნენ ყველგან, სადაც კი გული გაუწევდათ; მათთვის საკუთარი უბნის საზღვარი უკვე აღარ არსებობდა... შეიძლება ითქვას, ეს ამბავი სწორედ ამ დროიდან, 1948-მდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო... ერთ მშვენიერ დღეს სეიმურ უაისმა ჯეკ კერუაკი ჰარლემში წაიყვანა ჯაზის მოსასმენად.

...დაბადება მუსიკის სულიდან

1946-48 წლებში ჯაზი კრიზისს განიცდიდა, ფირფიტებს იშვიათად იწერდნენ, იშლებოდა ორკესტრები, ერთი სიტყვით, "სვინგის" ეპოქა იწურებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნიუ-იორკში მაინც არსებობდა რამდენიმე ჯაზ-კლუბი, სადაც შეიძლებოდა კარგი მუსიკა მოგესმინა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ყველგან ტენორ-საქსოფონის გულისგამაწვრილებელი ხმა ისმოდა, ყოვლისმომცველი, ექსტატიური მუსიკა, რომელიც ტრადიციული რიტმებითაც ახერხებდა ახალი ტიპის მსმენელთა მონუსხვას (ნახეთ, ჯეკ კერუაკიც საყვარელი ჯაზმენებიდან მხოლოდ საქსოფონისტებს ასახელებს: ლესტერ იანგი, ბენ უებსტერი, ჩუ ბერი, დონ ბაეზი), მაგრამ გარდა ამისა, არსებობდნენ "ბოპერებიც", ე.წ. პროგრესული ჯაზის, ბოპის მიმდევრები, რომელთაც უარყვეს ინსტრუმენტის ჟღერადობის ვოკალური თვისებები, ხმაბაძვითობა, რიტმი და მხოლოდ შინაგან რიტმს, უფრო სწორად კი ანტირიტმს დამორჩილდნენ. ძველი მუსიკოსები არაფრად აგდებდნენ მათ შემოქმედებას, სამაგიეროდ ბოპზე ჭკუას კარგავდნენ ახალგაზრდები, რომელთაც ყელში ჰქონდათ ამოსული "სვინგი" და ახლის მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდნენ.
თუკი ნამდვილი ჯაზი ადამიანის ხმას ბაძავდა და ადამიანისვე გულისცემას მიჰყვებოდა, ბოპი საერთოდ რიტმისა (ტრადიციული გაგებით) და ვოკალის გარეშე რჩებოდა, თუმცა სწორედ ეს უცნაური ბგერები და არითმია გახდა ამოსავალი ახალი პოეტური ენისათვის, რომელიც ყოველგვარი ვიბრატოსა და გლისანდოს - ანუ "ჩვენებურად", ტრადიციული პოეტური მეტაფორებისა და ტექნიკის გარეშე ახერხებდა სათქმელის გადმოცემას. ეს იყო ახალი პოეზია, რომელიც, როგორც თავის დროზე ტრაგედია, მუსიკის სულიდან იშვა…

იხილეთ ვრცლად

http://arili2.blogspot.com/



0 comment(s) to... “მალხაზ ხარბედია - ბიტ-საუკუნის დასასრული”