ავტორი – გოგი გვახარია
მაინც გავტეხე ფიცი. ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, კუსტურიცაზე ხმას არ ამოვიღებ, კანის ფესტივალამდე მოვიცდი-მეთქი; ნინია კაკაბაძეს ვუთხარი, აუ, რა ამბავი ატყდება მომავალი წლის მაისში, რა ჩართვები და რა ლაივები! „ბატონო გოგი, მართლა ცუდად მიიღეს, ხო, კანში კუსტურიცას ანტიქართული ფილმი?“ - მკითხავენ თბილისიდან. მე კი ამაყად ვუპასუხებ, რომ კუსტურიცას ბუტაფორულ, ცარიელ ფსევდობალაგანებს დიდი ხანია, ვეღარ ვუყურებ; რომ შემოქმედებითი კრიზისის დროს, მართლმადიდებლად მონათლული კუსტურიცას ფილმი „აღთქმა“ თავისებური რეკორდსმენია ჩემს ცხოვრებაში: კანში, ამ სურათის პრემიერაზე, დარბაზი ფილმის დაწყებიდან მესამე (!) წუთზე დავტოვე (სხვათა შორის, ნინიასთან ერთად).
ეჰ, ვინ მაცალა? უარი უთქვამს ფილმის გადაღებაზე. უმოგზაურია ვლადიკავკაზ-ცხინვალში, ჩემი საყვარელი ოსური ხაჭაპური უჭამია, რუსული ეკლესიის რაღაც ჯილდო მიუღია, სერბიისთვის რუსეთისგან ერთი მილიარდი ევრო „ჩაუწყვია“ (ამის არ მჯერა, მაგრამ არაფერია გამორიცხული), მერე კი გამოუცხადებია, საიდან მოიგონეთ, სულ სხვა გეგმები მაქვსო.