როგორ უნდა მოექცეთ თანამშრომელ ქალებს

Posted 9:38 PM by KOMUNA in თემები , , , , ,

ეს თერთმეტი რჩევა ჟურნალმა Transportation 1943 წლის ივლისში გამოაქვეყნა. რეკომენდაციები განკუთვნილი იყო სამსახურის ხელმძღვანელი მამაკაცებისთვის, რომლებსაც ომის პერიოდში თავიანთ კომპანიებში დიდი რაოდენობით ქალების დაქირავება უწევდათ. იმის მიუხედავად, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მივიჩნიე, რომ ეს რჩევები დღევანდელ მკითხველსაც დააინტერესებდა.       
1. ეცადეთ სამუშაოდ ახალგაზრდა გათხოვილი ქალები აიყვანოთ. როგორც წესი, მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ვიდრე გასათხოვრებს და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სამსახურში ვინმესთან ფლირტს გააბამენ. ისინი  დაინტერესებული არიან როგორც აქტიური მუშაობით, ასევე ეფექტური თანამშრომლობით გარშემომყოფებთან.
2. თუკი გადაწყვეტთ ასაკოვანი ქალები დაასაქმოთ, შეეცადეთ ისეთები შეარჩიოთ, რომლებიც ადრეც მუშაობდნენ _ ასაკოვნებს, რომლებსაც ნაკლები შეხება ჰქონიათ საზოგადოებასთან, გარემოსთან ადაპტირება უჭირთ და ხშირად  ჭინჭყლობენ. ასეთ ქალებზე კარგ შთაბეჭდილებას მათ მიმართ მეგობრული დამოკიდებულებითა და ზრდილობიანი მოპყრობით მოახდენთ.  

3. გოგონები, რომლებიც ჩვეულებრივზე მეტს იწონიან უფრო გაწონასწორებულები არიან და უფრო ეფექტურად მუშაობენ ვიდრე მათი გამხდარი კოლეგები.

 
4. ყველა ქალი ვის სამუშაოზე აყვანასაც დააპირებთ, ექიმს გაასინჯეთ. ეს თავიდან აგარიდებთ არამხოლოდ სასამართლო დავებს, არამედ მოგცემთ საშუალებას წინასწარ იცოდეთ, აქვს თუ არა თქვენს პოტენციურ თანამშრომელს რაიმე ქალური სისუსტეები, რომელთა გამო ის მენტალურად ან ფიზიკურად თქვენს მიერ შეთავაზებულ სამუშაოს ვერ შეასრულებს.    
5. კარგად გააგებინეთ მათ რომ სამუშაოს შესრულებას დროულად ითხოვთ.   თუკი ამას არ გააკეთებთ დიდი შანსია, რომ თქვენი სამუშაო პროცესი შეფერხებებით წარიმართება. დაკარგული დრო თქვენს განრიგს ზიანს მიაყენებს.
6. ქალ თანამშრომელს მუშაობის მკაფიო გეგმა მოუმზადეთ _ შეეცადეთ რომ მას საქმე ყოველთვის ჰქონდეს, რომ ინსტრუქციების მოთხოვნის მიზნით ხელმძღვანელობა ხშირად არ შეაწუხოს. ბევრი კომპანიის გამოცდილება ცხადყოფს, რომ კონკრეტული გეგმის პირობებში ქალები გაცილებით კარგად მუშაობენ - თავად მათ არ ჰყოფნით ინიციატივა, რომ თავი დაისაქმონ.
7. შესაძლებლობის ფარგლებში მიეცით ქალებს საშუალება დღის განმავლობაში ერთი სამუშაოდან მეორეზე გადაერთონ. ქალებს ცვლილებები უყვართ.

8. სასურველია ქალების ფსიქოლოგიის გათვალისწინება და მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესება. მაგალითად, ეცადეთ დღის განმავლობაში გოგონები დასვენების განსაზღვრული ვადით უზრუნველყოთ. ისინი თავს გაცილებით თავდაჯერებულად გრძნობენ და ეფექტურადაც მუშაობენ თუკი დღეში რამდენჯერმე ეძლევათ თმის მოწესრიგების, ხელების დაბანისა და კოსმეტიკის გამოყენების საშუალება.
9. მაქსიმალურად ტაქტიანი იყავით მათთვის ინსტრუქციის და შენიშვნის მიცემის დროს. ქალები მგრძნობიარობით გამოირჩევიან. მამაკაცებისგან განსხვავებით ქალებს უჭირთ მათი მისამართით გაკეთებული უხეში განოთქვამების ადვილად დავიწყება. არასდროს არ დასცინოთ ქალს – ეს მის მორალურ შემართებას აქვეითებს და მუშაობის ეფექტურობაზე უარყოფითად აისახება. 
10. ქალების საზოგადოებაში თავი შეიკავეთ უხეში და მკვეთრი გამონათქვამებისგან. სამსახურში გინების მოსმენა მათთვის არ იქნება სასიამოვნო, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მსგავსი გამონათქვამების მოსმენას შეჩვეულები არიან ქმრების და მამებისგან. 

11. თოთოეული თანამშრომელი ქალისთვის შეეცადეთ კონკრეტულად მისი ზომის უნიფორმა შეიძინოთ. ამ მომენტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ქალმა სამსახურში თავი კომფორტულად იგრძნოს.


0 comment(s) to... “როგორ უნდა მოექცეთ თანამშრომელ ქალებს”