სიმღერების ათეული, რომელიც საბჭოთა დროის ტელევიზიის “პირველ არხს” გაგვახსენებს

Posted 1:16 PM by KOMUNA in თემები ,

 

ავტორი: ბექა მოლაშვილი

ძალიან რთულია იყო ქართველი და იყო აპოლიტიკური. შეიძლება სულაც არ გაღელვებდეს რა განცხადება გააკეთა უმრავლესობის ლიდერმა და რა უპასუხა ოპოზიციამ, მაგრამ როდესაც ათწლეულების მანძილზე ხელისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივად ქუჩაში გადმოდის და აგრესიულ ფორმას იძენს, ბუნებრივია გიწევს რაღაც-რაღაცეებში უკეთესად გარკვევა.
თავად არ ვიცი რამდენად უკეთ გავერკვიე ამ რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ გასულ თვეებში ტელევიზიის წინ მოძრაობის ბლოკირებამ და ნათქვამმა სიტყვებმა თუ გაფიქრებულმა აზრმა “აუ ისე ვერ გავალ, ტელევიზიასთან ხომ გადაკეტილია”, თავად სიტყვაც “ტელევიზია” მეტად აქტუალური გახადა ჩემთვის. მეც ნებსით თუ უნებლიედ დავიწყე ფიქრი ტელევიზიაზე, თუ როგორი იყო ის ადრე, რას გვთავაზობდა, გავიხსენე წამყვანები, გადაცემები და ბუნებრივია გამახსენდა ის მუსიკალური კლიპებიც, რომელებსაც მცირე დოზით მაგრამ მაინც გვთავაზობდნენ, რომ კვირის დილა უფრო რიტმული და დანარჩენი დღეების შუადღე უფრო მხიარული გვქონოდა.
10. Afric Simone – Hafanana
ეს კაცი ერთ-ერთი პიონერი იყო ვინც ქართულ ტელესივრცეში შემოიჭრა, არადა შორიდან, მოზამბიკიდან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ იმდენი მოახერხა ტელესივრცე არ იკმარა, საბჭოეთში სერიოზული ტურნეც გამართა და ევროპაც დაიპყრო. აფრიკ სიმონი თურმე უამრავ ენას ფლობდა, ამიტომ ყოველთვის თავსატეხი იყო, თუ რა ენაზე მღეროდა.
9. Chris De Burgh - Suzana
კაცმა რომ კითხოს კრის დე ბურს თავი სერიოზულ მომღერალად მოაქვს, ბოლოს და ბოლოს ხუმრობა ხომ არ არის ისეთი ჰიტების ავტორობა როგორებიცაა მაგალითად "თჰე Lადყ ინ ღედ" და კიდევ “მრავალი” სხვა, რომელიც ახლა არ მახსენდება, მაგრამ ეს სუზანა რა გამოხტომა იყო დღემდე კაციშვილმა ვერ გაიგო.
8. Opus - Life Is Life
ამ ჯგუფის სოლისტი კი ნამდვილი კლოუნივით იქცეოდა სცენაზე. ჯერ ჯგუფი იწყებდა ხოლმე დაკვრას და ის მოგვიანებით ხტუნვა-ხტუნვით და სალტოების კეთებით გამოდიოდა ხოლმე სცენაზე. ისედაც ძალიან სასაცილო გარეგნობის იყო და ასეთი ქცევა, რომელიც აშკარად ან რაღაც უცნაური ნარკოტიკების უჩვეულო სინთეზის, ან რამე გენეტიკური დაავადების შედეგი იყო, კიდევ უფრო აძლიერებდა ეფექტს.
7. Al Bano Carrisi & Romina Power – Felicita
ამ სიმღერის ძირითადი დამსახურება ქართველი მსმენელის წინაშე ისაა, რომ მან მაშინდელ ბავშვებს, მის მოტივზე უწმაწური რემეიკების კეთებისკენ გვიბიძგა. მახსოვს იმ დროს, ეზოში ყოველდღიურად ახალ-ახალი უზრდელური ვერსიების პრეზენტაციები ეწყობოდა და მთელი ამბები იყო. ეზო კიდე იტანდა, მაგრამ ვაი იმას, ვინც ძალიან გაერთობოდა და სკოლაში უნებურად ხატვის ან მუსიკის მასწავლებელს წაუმღერებდა.
6. Toto Cutugno - L`Italiano
არავინ თქვას რომ ხელისუფალნი ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე ზრუნვით არ არიან დაკავებულნი. აბა სხვა რა იყო თუ არა ჩვენზე ზრუნვა, ამ უახლოეს წარსულში ტოტოს თბილისში ჩამოიყვანა? და არამარტო ჩვენზე ზრუნვა იყო ეს, არამედ მერწმუნეთ, თვით ტოტოზეც. ერთი გენახათ როგორ გაუხარდა, როცა გაიგო, რომ საქართველოში მოდიოდა.
5. Tony Esposito - Kalimba De Luna
ტონის აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაც არაამქვეყნიური იყო. არაამქვეყნიური კი არა ნამდვილად უცხოპლანეტელი იყო. აბა რომელი ნამდვილი ადამიანი გინახავთ ასე მღეროდეს და თან ნიჟარაზე უკრავდეს. თან ჯგუფშიც თავისნაირი ტიპები ჰყავდა სულ, შეიძლება საერთოდ Yყველა თვითონ იყო. რას გაიგებ, კაცი ნიჟარაზე უკრავდა და ორეულების გაკეთებას ვერ მოახერხებდა?
4. Sabrina – Boys
თამამად შეიძლება პირველ არხზე ამ ვიდეოს ეთერში გასვლის თარიღი საქართველოში სექსუალური რევოლუციის დაწყების თარიღად მივიჩნიოთ. თუ რა ბედი ეწია სექსუალურ რევოლუციას ეს სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, საბრინამ თავისი ნამდვილად გააკეთა და ჩვენ თუ ვერ გავქაჩეთ რა მაგის ბრალია. სხვათა შორის საბრინა დღესაც აგრძელებს სასიმღერო, სამსახიობო და საპროდუსერო საქმიანობას და შარშან საუკეთესო სიმღერების და რემიქსების ალბომიც კი გამოუშვა.
3. Samantha Fox - Touch Me
რეალურად სამანტას, საბრინასგან განსხვავებით, შეიძლება საერთოდ არ უნდოდა “სექს ბომბის” იმიჯი ჰქონოდა და ძირითადი აქცენტი მუსიკაზე ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ქართველებისთვის ის მაინც ამ კონტექსტში განიხილებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი Touch Me ბრიტანულ და ამერიკულ ჩარტებში თავიდანვე წამყვან პოზიციებზე აღმოჩნდა, ჩვენთვის ის მაინც უფრო უბრალოდ მაგარი ქალი იყო, ვიდრე მომღერალი.
2. . Sandra - Hi Hi Hi
ძალიან დიდ რისკზე წავიდა სანდრას ამ კლიპის რეჟისორი, როდესაც გადაწყვიტა, კლიპი ასე დაეწყო: კადრში ჩანს კარები. იწყება მუსიკა, უცებ კარი კამერის, ანუ მაყურებლის მხარეს იღება და შემოდის სანდრა. თითქოს რა არის ამაში სარისკო და არანორმალური, ერთი შეხედვით არც არაფერი, მაგრამ თუ გავიხსენებთ რა აცვია სანდრას, მივხვდებით, რომ ეს კადრი შეიძლებოდა ფატალური. ან მინიმუმ სიცოცხლისთვის საფრთხის მომტანი გამომდგარიყო. რა თქმა უნდა პასუხისმგებლობას კლიპის რეჟისორთან ერთად ამ კოსტიუმის დიზაინერიც აიღებდა, მაგრამ საქმეს ამით არ ეშველებოდა. თუმცა მგონი გადავამეტე. იმ პერიოდში ხომ ქუჩაშიც დაახლოვებით ასეთი ჩაცმული ხალხი დადიოდა. მე თვითონ პირამიდა ჯინსები მეცვა, ვიზე რას ვამბობ.
1. Modern Talking - Cheri Cheri Lady
მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფმა თავდაპირველად მხოლოდ სამი წლის მანძილზე შეძლო არსებობა (მოგვიანებით 1998-2003 წლებში შეიკრიბნენ), იმდენი ჰიტი დადო, გაყიდვებით გერმანიაში ბადალი არ ჰყოლიათ. და მერე რა, რომ ტომას ანდერსს ხანდახან ნაპოლეონივით ეცვა და დიტერ ბოლენი გიტარის თანხლებით დაუსრულებლად, ყველა კლიპში, იდიოტურ მოძრაობებს აკეტებდა? ტანსაცმელზე ხომ უკვე გავარკვიეთ და კლიპებში გიტარას თვით სლეშიც იდიოტივით ატრიალებდა ხოლმე და ვიტანდით მგონი.
p.s.
ამ სტატიის ავტორი ბოდიშს უხდის ყველა იმ სასაცილო თუ სულელური კლიპის ავტორს და ტელესივრცეში განმთავსებელს, რომლებიც აშკარად იმსახურებდნენ, მაგრამ ფორმატის, თუ სხვა სუბიექტური, ან ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხვდნენ ამ ათეულში.


2 comment(s) to... “სიმღერების ათეული, რომელიც საბჭოთა დროის ტელევიზიის “პირველ არხს” გაგვახსენებს”