იმედიატორი დასრულდა

Posted 10:34 PM by KOMUNA in თემები , , , ,



მეგობრებო,

გასულ სატელევიზიო სეზონში ჩვენი საპროდუქციო კომპანია (კომუნიკატორი) ამზადებდა ტელე-იმედისათვის ტელეპროექტს  სახელწოდებით “იმედიატორი”, რომლის ღამის ეთერის 70 წუთიანი ფორმატი დაკომპლექტებული იყო მოკლე შემეცნებით-გასართობი ბლოკებით პოპ კულტურის, სოციუმის, მეცნიერების და ახალი ტექნოლოგიების შესახებ.
სამწუხაროდ ჩვენ ვერ შევძელით ტელე იმედის მენეჯმენტის დარწმუნება იმაში, რომ გაგვეგრძელებინა “იმედიატორის” მაუწყებლობა ახალ სატელევიზიო სეზონშიც.
ჩვენ განვაგრძობდით მოლაპარაკებას სხვა პროექტებზეც, მაგრამ როგორც ჩანს ამ ეტაპზე “კომუნიკატორი” ასრულებს კოპროდუქციას არხთან.

რასაკვირველია, ჩვენ მომავალშიც ვიმუშავებთ მსგავსი სატელევიზიო ფორმის დახვეწაზე და შევეცდებით ასეთი კონცეფციის გადაცემები სხვა ტელეარხებსაც შევთავაზოთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ქართულ სატელევიზიო სივრცეში უნდა არსებობდეს ამ ტიპის მომავალზე ორიენტირებული სოციო-კულტურული პროექტები.




ჩვენ გვამხნევებს ის ფაქტიც, რომ ტელეფესტივალ ტეფის ექსპერტთა ჯგუფმა 50 წარდგენილი ტელეგადაცემიდან 12 გადაცემა დააჯილდოვა და მათ შორის, საქართველოდან, “იმედიატორი”. ამა წლის 23 სექტემბერს, ოდესაში ჩვენ ოფიციალურად გადმოგვცეს ეს ჯილდო.

მთელი გულით ვუხდით მადლობას ტელე-იმედის თანამშრომლებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ და მუშაობდნენ გადაცემაზე და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მოგვეცემა საშუალება ვითანამშრომლოთ მათთან ახალ საინტერესო პროექტებზე.
ასევე, უღრმესი მადლობა ყველას ვინც მიუხედავად გვიანი ღამის ეთერისა უყურებდა ჩვენს გადაცემას და აქტიურად გამოხატავდა აზრს ინტერნეტის მეშვეობით ამ პროექტის შესახებ.

პატივისცემით და სიყვარულით,

სერგი გვარჯალაძე




0 comment(s) to... “იმედიატორი დასრულდა”