აფროქართველის ჩანაწერები (21) - კუნძული ბუნსი
კუნძული ბუნსი
2006 წელს სკანდალი მოხდა ამერიკაში. სერიალების მოყვარულები აფორიაქდნენ, სერიალს ეკრანი ევიწროვა და რეალობაში გადმოვიდა. პოპულარული, რამდენიმე სეზონი წარმატებით მიმდინარე და ბევრი ნომინაციის მომგები ”გრეის ანატომია”-ს მსახიობებმა, ისაია ვაშინგტონმა, ტ.რ. ნაიტმა და პატრიკ დემპსიმ ერთმანეთს დასცხეს. ვაშინგტონმა დანარჩენ ორს სულ ”პედერასტები” უძახა.
შემდეგ ტ.რ. ნაიტი (ნეტა ეს ტ.რ. რა არის, ნუთუ სპეციალურად დაირქვა?) საჯაროდ გამოვიდა და - ყველა შეკითხვა რომ მოვსპოთო, დიახაც გეი ვარო - განაცხადა ამაყად.
ისაია ვაშინგტონმა ვერ გაუძლო, ბოლომდე ვერ დადგა თავის სიტყვაზე და მიუხედავად იმისა რომ თურმე ჭეშმარიტებას ღაღადებდა, თვალცრემლიანმა სულ ბოდიშები იხადა ”ეს რა დამემართა, რატომ ენა არ მომტყდა ამას რომ ვამბობდი, მაპატიეთ, მეტს აღარ ვიზამო...”
არაფერმა არ უშველა, დააპანღურეს, ჩვენი გზები გაიყოო და ”გრეის ანატომია” მის გარეშე გაგრძელდა...
ეტყობა მძიმედ იმოქმედა ამ ამბავმა ვაშინგტონზე. დაფიქრდა ნეტავ მე თვითონ ვინა ვარ, საიდან მოვდივარო და დნმ-ის ტესტი გაიკეთა. აღმოჩნდა რომ მისი წინაპრები სიერა ლეონედან არიან, მენდეს ტომიდან. ადგა ვაშინგტონი და სიერა ლეონეში ტურნე მოაწყო, გადაირიენ სიერა ლეონელები სიხარულით, სულ ყიჟინით და ტაშ-ფანდურით დახვდნენ ძვირფას სტუმარს. პატივსაცემად პირდაპირ ბუნსის კუნძულის მოსანახულებლად გააქანეს, შენი წინაპრები ბოლოს ნამდვილად აქ იქნებოდნენო...
ბუნსის კუნძული ცნობილი ადგილია სიერა ლეონეში, 1948 წელს ქვეყანაში პირველს მას მიენიჭა ისტორიული ადგილის სახელი.