მეკობრეების ბუდეს ინტერნეტმა გადაუფრინა
Posted 4:59 PM by Nina in თემები ინტერნეტი, კულტურა, რადიო, ტაბულა, ტელევიზია, ტექნოლოგიაvia ტაბულა
გასულ თვეში ლეგენდარული ბრიტანული მეკობრული რადიო Rinse.FM ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი გახდა და FM დიაპაზონზე ლეგალური მაუწყებლობა დაიწყო.
ბრიტანულმა და არა მარტო ბრიტანულმა საზოგადოებამ Rinse.FM-ის გაოფიციალურება მეკობრული რადიოების ეპოქის დასასრულის დასაწყისად აღიქვა. თუმცა დასასრული დიდი ხნის წინ ინტერნეტის გავრცელებასთან ერთად დაიწყო.
რადიომეკობრეები –ალტერნატიული სიახლის რაინდები
ისტორია 60-იანი წლებიდან იწყება. პირველი მეკობრული რადიოები ამერიკაში ტეხასელი ბიზნესმენის ხელშეწყობით დაფუძნდა. იმ დროისთვის ამერიკაში უკვე მოღვაწეობდა რამდენიმე მეკობრული რადიო და კარგი შემოსავალიც მოჰქონდა. შემოსავლის უდიდესი წილი ფასიან ანონსებზე მოდიოდა. მხატვრებს, მუსიკოსებს და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საშუალება საკუთარი საღამოების შესახებ მეინსტრიმულ მედიასაშუალებებში რეკლამა გაეკეთებინათ. ამიტომ დაბალი ფასებისა და სპეციფიკური აუდიტორიის გამო მეკობრულ რადიოსადგურებს მიმართავდნენ.
მეკობრული რადიოების აუდიტორია არ ენდობოდა ცენტრალურ საინფორმაციო საშუალებებს, არ აინტერესებდა გაზეთებში დაანონსებული კონცერტები, გამოფენები, საღამოები... ისინი მუდმივად სიახლის და ალტერნატივის ძიებაში იყვნენ.
ამ თავისებური სუბკულტურის იმპორტი ბრიტანეთში 1964 წელს რადიო ლონდონის სახით მოხდა. დამფუძნებლებისთვის მალევე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანელებს პოლიტიკაზე მეტად ამერიკული მუსიკის მოსმენა სურდათ. ერთადერთი ლიცენზირებული რადიო BBC ყველაფერს უშვებდა გარდა თანამედროვე მუსიკისა. მათი პოლიტიკა ცალკე მუსიკოსთა კავშირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, ცალკე ფინანსური მომჭირნეობიდან. სიმფონიური ორკესტრის დაქირავება და კლასიკური ნაწარმოებების შესრულება უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე ცხელ-ცხელ ჰიტებზე საავტორო უფლებების მოპოვება.
პირველი მეკობრული რადიოსადგურები ოკეანეში მოდრეიფე გემებზე იყო მოწყობილი. იმდროინდელი კანონმდებლობით ხმელეთიდან სამი მილის დაშორებით წყალი არავის ეკუთვნოდა და, შესაბამისად, რადიოსადგურს ვერავინ აუკრძალავდა მაუწყებლობას.
1967 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, საერთაშორისო წყლებიდან მოდრეიფე გემებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე სიგნალის გავრცელება აეკრძალათ.
მეკობრული ლონდონი
მას შემდეგ, რაც რადიოსადგურების გემებზე მოწყობამ აზრი დაკარგა, მეკობრეები „ხმელეთზე გადასხდნენ” და პირდაპირ ლონდონის შუაგულიდან დაიწყეს მაუწყებლობა. მათი ახალი თავშესაფარი მრავალსართულიანი ბინების სხვენები გახდა. 80-იანებში პოლიციას უკვე გააჩნდა საიმისო ტექნოლოგიები, რომ ზუსტად დაედგინა საიდან მაუწყებლობდა მეკობრე. მაუწყებლობის დასრულებისთანავე მეკობრეები აპარატურას ალაგებდნენ და ახალი თავშესაფრის ძებნას იწყებდნენ. სანქციები მათ წინააღმდეგ მძიმე არ იყო. მხოლოდ აპარატურის კონფისკაცია და ფულადი ჯარიმა. მაგალითად, ზემოხსენებული Rinse.FM-ის მეპატრონეებმა დაახლოებით 20-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში აპარატურის ხუთი კომპლექტი და 15 ათასამდე გირვანქა „შეწირეს” ბიუჯეტს. შეიძლება მავან ჩინოვნიკს გაცილებით სადისტური სანქციებიც მოეგონებინა, მაგრამ ხელისუფლება საზოგადოების გაღიზიანებას ერიდებოდა. მეკობრეები საზოგადოებისთვის გმირები იყვნენ, რომლებიც თავისუფალი სიტყვისთვის საკუთარ თავისუფლებას აგდებდნენ საფრთხეში. პოლიციის ანტიმეკობრული რეიდებიც მხოლოდ ღამით ტარდებოდა, როცა თითქმის ყველას ეძინა.
80-იანების ბრიტანეთში ამერიკული მუსიკა აღარ იყო აქტუალური. მსმენელს ლონდონურ ანდერგრაუნდში დაბადებული ახალი ჟანრები აინტერესებდა. BBC, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰქონდა რამდენიმე მუსიკალური არხი, სიახლეებს მაინც მძიმედ ეგუებოდა. მათი ეთერი ახალი შემსრულებლებისთვის დახურული იყო. სამაგიეროდ მეკობრეები უთმობდნენ ახალბედებს საეთერო დროს. ისინი პოლიციასთან შესაძლო პრობლემების ანგარიშში ჩაუგდებლად ცოცხალ სეტებს მართავდნენ.
მეკობრეების ბუდეს ინტერნეტმა გადაუფრინა
90-იანებში სამყაროს მოევლინა ინტერნეტი.>>> იხილე გაგრძელება >>> www.tabula.ge