მოდერნიზაციის სექსუალური ხიბლი
Posted 2:59 PM by Nina in თემები ევროპა, ეროტიკა, პოლიტიკა, საქართველო, სექსი, სკანდალიავტორი: David Z.
სკანდალური სახელის მოპოვება საქართველოში ძნელი არ არის. მთავარია ტექნოლოგია, რომელიც ძალიან მარტივია და სულ ორი კომპონენტისგან შედგება
1. პერსონაჟი: საკრალური ისტორიული ფიგურა. ვთქვათ, დავით აღმაშენებელი, წმინდა ნინო, ილია ჭავჭავაძე, ქეთევან წამებული, ივანე ჯავახიშვილი... რამე რომ იყოს, დიმიტრი თავდადებული და აკაკი წერეთელიც წავა.
2. კონტექსტი: ჰომოსექს-ლესბოსური კავშირი, ინცესტი, ჯგუფური სექსი, სადო–მაზო... რამე რომ იყოს, მინეტი და ონანიზმიც წავა...
ამის შემდეგ კი პირველი პუნქტის პერსონაჟი უნდა ჩავსვათ მეორე პუნქტის კონტექსტში. კონკრეტულად რა სიუჟეტური სვლები იქნება მოფიქრებული, პრინციპული მნიშვნელობა აღარა აქვს. სკანდალი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებულია. თუმცა, რაც შეიძლება სწრაფი და ხმაურიანი რეზონანსის უზრუნველსაყოფად სასურველია ნაწარმოების პერვერსიული ფრაგმენტები მიეწოდოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს, გაზეთ „ასავალ–დასავალის“ რედაქციას, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, ილიას უნივერსიტეტს, თავისუფლების ინსტიტუტს და საქართველოს კონსერვატიულ პარტიას... რამე რომ იყოს, მრეწველები და ლეიბორისტებიც წავა.
ახლა დავფიქრდი და მე კი ვღადაობ, მაგრამ ვიღაც ტვინგადაბრუნებულმა შეიძლება ეს ყველაფერი სპეციალურად გამოგზავნილ ინსტრუქციად ჩათვალოს და წადი და ამტკიცე მერე, რომ ქართველი ერის გაპიდარასტების ვერაგული გეგმის ნაწილი არა ხარ...
არადა სულ სხვა რამის თქმა მინდა.
საერთოდ, გამომწვევი ქცევით და არანორმატიული ლექსიკით საზოგადოების პროვოცირება, დამკვიდრებული სტერეოტიპებისა და ტაბუების ხელყოფა, კულტურული პროცესის მუდმივი ატრიბუტია. კულტურის განვითარების დინამიკა ამგვარი პროვოკაციების გარეშე წარმოუდგენელია, ისიც ბუნებრივია, რომ ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს პროტესტის გრძნობა გარემომცველი რეალობის, მათ შორის გაქვავებულ კლიშეებად ქცეული კულტურული ფასეულობების მიმართ. თუმცა, ასეთ ბანალობაზე როგორ ამოვიღებდი ხმას, პერვერსიულობა და ეპატაჟურობა ზოგადად რომ არ ითვლებოდეს პროგრესულობის და „პრადვინუტობის“ რაღაც კოდურ ნიშნად. საკმარისია ვინმემ დაწეროს: „შეგეცით ქართველებოო“ რომ ეს ფრაზა ქართველების ახალგაზრდულ–ლიბერალური ნაწილისთვის დახლოებით ისევე გაიჟღერებს, როგორც კიპლინგისეული „მე და შენ ერთი სისხლისა ვართ.“
თვით ხელოვნების და კულტურის კონტექსტშიც კი ეპატაჟი არ არის თვითკმარი პოზიტივი და თუკი ვიღაც პოეტი გენიტალიებს ხშირად ახსენებს, მხოლოდ ამის გამო მისი ლექსები დიდად პროგრესულ მოვლენად არ უნდა ითვლებოდეს. პოსტსაბჭოთა ეპოქის პირველ ხანებში, ისევე როგორც გასული საუკუნის ოციან წლებში, ამგვარ ეპატაჟს კიდევ რაღაც ეფექტი ჰქონდა. დღეს კი, როცა ტოტალური ცენზურის ეპოქას ოცი წელი გვაშორებს, ეს საყმაწვილო სენი კარგა ხნის მოხდილი უნდა გვქონდეს, მაგრამ არა... .
არ ვიცი რატომ, რანაირად და საიდან დამკვიდრდა ამ ქვეყანაში აზრი, რომ სექსუალური თემების წაღმა-უკუღმა ტრიალი ავტომატურად გულისხმობს პროგრესულობას, თუმცა, ფაქტია, რომ დამკვიდრდა, უფრო მეტიც, ვარდების რევოლუციის მერე ხელისუფლების სათავეში მოვიდა პოლიტიკოსთა ის თაობა, ვისაც ამაში ეჭვიც არ ეპარება და შიგადაშიგ ამგვარი ტიპის მესიჯებით საკუთარი „პრადვინუტობის“ დემონსტრირებასაც ახდენს. ეს კი ძალიან არაჯანსაღ ფონს ქმნის იმ საზოგადოებაში, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც ღარიბია და ლუკმა- პურის შოვნაზე ფიქრობს. არ მითხრათ ახლა, არ მოდის და აბრალებენო. მოდის!ჯერ კიდევ განმუხურის ბუჩქებიდან მოდის და თან სრული სერიოზულობით აღიქმება მოდერნიზაციის სტიმულირებად.
არც ისე დიდი ხნის წინ ჰოლანდიაში იყო ქართული თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც საქართველოს პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა გახნა. ამ გამოფენის ერთ–ერთ მთავარ ექსპონატი კედელზე ჩამოკონწიალებული მამაკაცის სასქესო ორგანო გახლდათ, თოკის მოქაჩვით რომ ზეაღიტყორცნებოდა და ერექტულ მდგომარეობაში ატკბობდა დამთვალიერებელის მზერას.
მე რომ მკითხოთ, ეს სუფთა სირობაა (ბოდიში უნებლიე კალამბურისთვის), თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევას პიარის კონტექსტში აქვს ლოგიკა: ის, რომ ამგვარი ექსპონატი ხელისუფლების კურთხევით იყო წაღებული საზღვარგარეთ, ეჭვს არ იწვევს და როცა ევროპელი დამთვალიერებელი ქვეყნის სავიზიტო ბარათად გაშტრიკინებულ ფალოსს იხილავს, მან შეიძლება ბევრი რამ იფიქროს ამ ქვეყანაზე და მის ხელისუფლებაზე, მაგრამ რას არ იფიქრებს და იმას, რომ ეს ხელისუფლება პატრიარქალური და ტრაიბალური ცნობიერების მატარებელია.
იხილე ვიდეო და პოსტის გაგრძელება >>> datozur.blogspot.com
0 comment(s) to... “მოდერნიზაციის სექსუალური ხიბლი”