გული გაუხეთქეთ თბილისს!

Posted 10:45 PM by Nina in თემები , , ,

pop040

ავტორი: კახა თოლორდავა

 

...ძალიან გთხოვთ, გოგოებო და ბიჭებო, შეიღებეთ თმა, რა ფრადაც გსურთ _ წითლად, მწვანედ, ყვითლად, ლურჯად, ცისფრად, ჭრელად. ან იქნებ სულაც გადაიხოტროთ თავი და თავის ქალაზე რაიმე დაიხატოთ? რაც მოგესურვებათ ის, არჩევანი შეუზღუდავია. ან, სულაც აიღეთ და გაუშვით თმა (წითელი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ჭრელი), გრძლად, ძალიან გრძლად და მერე შეეცადეთ, გიჟური ვარცხნილობით გული გაუხეთქოთ თბილისს. როგორი ვარცხნილობით? უჰ, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ თქვენმა ვარცხნილობამ მოძრაობა უნდა შეაფერხოს ხოლმე; თქვენმა ვარცხნილობამ მოსვენება უნდა დაუკარგოს ყველას, ვისაც სარკეში საკუთარი ანარეკლის ეშინია, თქვენმა ვარცხნილობამ თქვენი ცემის სურვილი უნდა გაუჩინოს ვიღაც-ვიღაცებს (ეს ბიჭებს ეხება), ან კი გაუბედავად შეაყვაროს თქვენი თავი (ეს კი გოგონებს). თუ თავშიშველი სიარული არ გიყვართ, დაიხურეთ გიჟური ქუდები, სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ფასონის, სხვადასხვა ფორმის. ჩამოიკიდეთ სულელური სამკაულები, გამოსცადეთ თქვენი თავი კრიტიკული მზერის წინაშე, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, ახლებურად, თქვენებურად მოერგეთ ქალაქს. არაფერია, თუ ზოგჯერ უგემოვნოები იქნებით. არაფერია, თუ ხშირად იქნებით უგემოვნოები და სასაცილოებიც კი. ადრე თუ გვიან ამ შეცდომას გამოასწორებთ და კიდევ უფრო სასაცილოები, უგემოვნოები და გამომწვევები გახდებით, კიდევ უფრო თამამები. და არა მარტო ჩაცმულობაში. ამ დროისათვის თქვენ უკვე არაფრის შიში აღარ გექნებათ; ამ დროისათვის თქვენ უკვე ამ ქალაქის ბატონ-პატრონები იქნებით. ჰო, ძალიან გთხოვთ, კიდევ უფრო გიჟურად ჩაიცვით, კარგი? უფრო გიჟურად, ვიდრე გასული საუკუნის სამოციან და სამოცდაათიან წლებში იცვამდნენ ევროპასა თუ ამერიკაში. იმათ მართლაც რომ არაფრის ეშინოდათ, თქვენ კი მხოლოდ იმის უნდა გეშინოდეთ, რომ მათზე უნიათოდ არ გამოიყურებოდეთ. საიდანაც გინდათ იქიდან დაითრიეთ იდეები, მთავარია, რომ საბოლოოდ ეს იდეები მხოლოდ და მხოლოდ თქვენი იყოს და თქვენ წარმოგადგენდეთ. დაიმახსოვრეთ, ქუჩაში შემხვედრ ყველა ბავშვს ზღაპრიდან მოსული უნდა ეგონოთ. ყველაზე მთავარი ისაა, თუ როგორ აღიქვამენ თქვენს ჩაცმულობას თქვენზე უმცროსები. ვის რაში აინტერესებს დანარჩენების აზრი? წარმოიდგინეთ, როგორი გახდება თბილისის ქუჩები, თქვენ რომ ასეთი თამამები იყოთ! ასეთი თამამები და ასეთი გამომწვევები. ვიღაც-ვიღაცები იტყვიან, _ ჩაცმულობა რა ბედენაა, ტვინში რა აქვთ, ისაა მთავარიო. იმასაც იტყვიან, _ ჩვენი თაობა უფრო მაგარი იყოო. იმასაც იტყვიან, _ მაგარი უნიჭო თაობა მოდისო. იმასაც იტყვიან, _ ეგენი ზედაპირულები და ზერელეები არიანო, მაგრამ ილაპარაკონ, მერე რა. 
გოგოებო და ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, ალაპარაკეთ თბილისი თქვენზე, აჭორავეთ, გააღიზიანეთ, გააბრაზეთ, შეაშფოთეთ, გაუჩინეთ ადამიანებს სინანულის შეგრძნება იმაზე, რომ მათაც შეეძლოთ თავის დროზე ასეთი თამამები ყოფილიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს, ჯერ თბილისის შეეშინდათ, მერე კი _ ცნობილი კუტურიეების. გოგოებო და ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, დაემგვანეთ ციდან ჩამოვარდნილ უცხოპლანეტელებს, დაემგვანეთ ვისაც გინდათ, მაგრამ გემუდარებით, ნუ ჰგავხართ 'პაპარაცების~ მიერ ფარულად გადაღებულ, საყიდლებზე გასულ ჯენიფერ ანისტონს (ეს გოგოებს ეხებათ) და ჯიმ ქერის (ეს კი ბიჭებს) მაგ თქვენს უნიფორმად ქცეულ ჯინსებსა და მაისურებში. გოგოებო და ბიჭებო, ძალიან გთხოვთ, გააფრინეთ რა!
ვზივარ სკამზე რუსთაველის პროსპექტზე და ხალხის ნაკადს ვათვალიერებ.

წყარო>>> liberali.ge



0 comment(s) to... “გული გაუხეთქეთ თბილისს!”