ბითლზები და როლინგები (ნაწილი II)

Posted 9:00 PM by Nina in თემები , , , , ,

© ლაშა გაბუნია

© გაგა გობრონიძე

I ნაწილი იხილეთ აქ: ბითლზები და როლინგები (ნაწილი I)

გაგა: – „ბრიტანული შეჭრა“ ოკეანისგადაღმა 1964 წელს დაიწყო. ეს ჩვენ ადრეც, წინა წერილში („ბიტნიკები და ჰიპები“) ვახსენეთ და ამ შემთხვევაშიც ამ ფენომენს გვერდს ვერ ავუვლით, მით უმეტეს, რომ ლაპარაკია იმ ჯგუფებზე, რომელთაც ეს „შეჭრა“ გამოიწვიეს. The Beatles, The Rolling Stones, Herman's Hermits, Searchers და კიდევ რამდენიმე ჯგუფის გასტროლებმა ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაში ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ბრიტანელები 1776 წელს დამცირებისთვის შურის საძიებლად ემზადებოდნენ.

ლაშა: – ბრაიან ეპსტაინი, რომელიც მშვენივრად იცნობდა ამერიკულ მუსიკალურ ბაზარს და ასევე კარგად იცოდა თუ რა ტიპის (რა feeling-ის) სიმღერები სჭირდებოდათ ამერიკელებს, მთავარ დამრტყმელ ჰიტად „ხოჭოების“ I Want To Hold Your Hand აირჩია და არც შემცდარა. 1964 წლის 18 იანვარს ეს სიმღერა ჟურნალ „ბილბორდის“ ასეულში მოხვდება, მაგრამ ჯერ მხოლოდ 45-ე ადგილზე. მომდევნო კვირას მესამე ადგილზე ავარდა და კიდევ ერთი კვირის თავზე, თებერვლის პირველ ნახევარში („ბითლზის“ გასტროლებამდე ერთი კვირით ადრე) ნომერი პირველი ჰიტი გახდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მთელი ამერიკა მოუთმენლად მოელოდა ლივერპულელებს.

გაგა: – „ბითლზების“ პირველი ამერიკული ჰიტი შვიდი კვირა ლიდერობდა ჰიტ-აღლუმებს. მოგვიანებით ეს სიმღერა ისევ „ხოჭოების“ She Loves You-მ შეცვალა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა ადგილი ასევე „ბითლზების“ Can’t Buy Me Love-ს დაუთმო. „ბიტლომანია“ დაიწყო...

ძალიან საინტერესო ვიზა გასცეს „ბითლზისთვის“ ამერიკის სათანადო სამსახურებმა. ის კლერკი, ვინც ეს ტექსტი ჩაწერა ვიზებში, ან გონებაშეზღუდული იყო, ან დიდი წინასწარმეტყველი. ტექსტი კი ასეთი გახლდათ: „ეს ვიზა აშშ-ის ტერიტორიაზე ქმედითია მანამ, სანამ არ გამოჩნდებიან აშშ-ის უმუშევარი მოქალაქენი, რომლებიც ანალოგიურ სამუშაოს შეასრულებენ“. ფედერალური სამსახურის ვიღაც პედანტმა კლერკმა, რომლის ვინაობა ისტორიამ არ შემოგვინახა, ნებსით თუ უნებლიეთ, „ბითლზის“ ბიჭებს სამუდამო ვიზა მისცა.

„ბიტლომანია“ ნიუ-იორკის აეროპორტში ცნობილი დახვედრით დაიწყო, სადაც The Beatles-ს ათი ათასზე მეტი თაყვანისმცემელი შეეგება. შემდეგ იყო ედ სალივანის ტელეშოუში მონაწილეობა და ტრიუმფული კონცერტი „კარნეგი ჰოლში“. მსოფლიო ახალი ეპოქის შექმნის მოწმე ხდებოდა.


ლაშა: – „სთოუნზები“ თითქოს გადაგვავიწყდა კიდეც. ეს ჯგუფი, როგორც ადრე აღვნიშნეთ, თავის ლივერპულელ მეგობრებს ყველაფერში ერთი ნაბიჯით ჩამორჩებოდა. >>> იხილე გაგრძელება >>> anarekly.blogspot.com



0 comment(s) to... “ბითლზები და როლინგები (ნაწილი II)”