ინტერნეტ ტელევიზია
Posted 10:00 PM by Nina in თემები PR Hypermarket, ეს საინტერესოა, ინტერნეტი, ტელევიზია, ტექნოლოგიაავტორი: სანდრო ასათიანი
გლობალური ცვლილებები ერთბაშად არ ხდება. ცხოვრობენ ხოლმე ადამიანები, თავისთვის ცხოვრობენ, ცხოვრობენ და მერე რაღაც მომენტში ირკვევა, რომ თურმე, დრო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივი დრო კი არ იყო, არამედ კაცობრიობის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი.
ჩვენს ყოველდღიურობასაც თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ დიდი ცვლილებების პერიოდში ვცხოვრობთ. ეს ცვლილებები ადამიანების ყოველდღიური ფუსფუსის პარალელურად ხდება.
გუშინწინ
ბევრი ისეთი ნივთი, რომლის არსებობაც სულ ცოტა ხნის წინ ფანტასტიკურობისა და რეალობის ზღვარზე იყო, დღეს სავსებით ჩვეულებრივია. მაგალითად, ტელევიზორი. ახლა ტელევიზორი ყველგან არის: მანქანის სალონში, მობილურ ტელეფონში და ა.შ. მაგრამ არსებობს უამრავი უფროსი ასაკის ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს, როგორ გაჩნდა პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი.
ახალი გამოგონება, ტექნიკური შესაძლებლობებით, საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა დღევანდელ ტელევიზორს. მის პატარა ეკრანზე ძნელად თუ გაარჩევდი რა ხდებოდა. უფრო მეტიც, ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომ, როდესაც ტელევიზორები ახალი შემოსული იყო და ტელეგადაცემები დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მისი დიდი ბებია გადაცემების დაწყებამდე საგანგებოდ გამოეწყობოდა და ისე ჯდებოდა ტელევიზორის წინ. და თანაც ასე განმარტავდა – აბა, შვილებო, მოუწესრიგებელი ხომ არ გამოვჩნდები ხალხის წინო. მიუხედავად იმისა, რომ იმ ხანად ხალხი მართლაც დადიოდა ერთმანეთთან სტუმრად, ტელევიზორის საყურებლად, ბებია ამ შემთხვევაში, იმათ გულისხმობდა ვინც ტელევიზორში გამოჩნდებოდა ხოლმე.
გუშინ
ტელევიზორები შემოიჭრნენ ჩვენს სასტუმრო ოთახებში და დიდი ხნით დაისადგურეს იქ. ახლო წარსულის იდილიური ოჯახური სცენა გულისხმობდა სასტუმრო ოთახს, რომელშიც მთელი ოჯახი ტელევიზორს უყურებს. ტელევიზორში კი პოპულარული გადაცემა გადის, მაგალითად, ისეთი, როგორიც „ილუზიონი“იყო.
იმ ხანად, ტელემაუწყებლებს სრული კონტროლი ჰქონდათ, დღის განრიგზე. გადაცემა, რომელიღაც კონკრეტულ დროს გადიოდა ეთერში და ტელემაყურებელი მოუთმენლად ელოდა ამ დროს, ვინაიდან საყვარელი გადაცემის ნახვის საშუალება მხოლოდ ამ კონკრეტულ დროს და მხოლოდ ტელევიზორში ჰქონდა.
სწორედ ამიტომ, არსებობდა „პრაიმ ტაიმის“ ურყევი ცნება. ანუ დრო, როდესაც ტელევიზორთან აუდიტორიის მაქსიმალური რაოდენობა იკრიბებოდა. დროის ეს მონაკვეთი პოპულარული ტელეარხის უზარმაზარი განძი იყო.
დღეს
დღეს სიტუაცია შეცვლილია. ამა თუ იმ გადაცემის ნახვის რამდენიმე ალტერნატივა არსებობს, მაყურებელი დროში არ არის შეზღუდული.>>> იხილე გაგრძელება>>> prhypermarket.blogspot.com