The Morning Benders – Big Echo
Posted 6:00 PM by anano in თემები Buda, Muzame, ვიდეო, მუსიკა, რეცენზია
ავტორი - Buda Brikoleri
ბუნდოვნად მახსოვს, მამაჩემი როგორი აღტაცებით მიხსნიდა, თუ რა მაგარი ნაწარმოები იყო რაველის ბოლერო. განსაკუთრებით ინსტრუმენტების შესვლა მოსწონდა – ნელ-ნელა, თითო-თითოდ. მაგრამ მე მაშინ ბრიტნი სპირსის აუოზბორნთუმეიქიუჰეფიზე უფრო მბურძგლავდა.
სამაგიეროდ, ამ აღტაცებამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ყველა მსგავს დადგმაზე/სიმღერაზე/მუსიკაზე/თამაშზე ბოლერო მახსენდება. მნიშვნელობა არ აქვს ინსტრუმენტების როლს სიტყვები თამაშობენ თუ სხვა ბგერები(ჩემს ბავშვობაში ერთი სიმღერა-თამაში იყო მოდაში, სადაც ერთი ბავშვი წაიმღერებდა ’დუმბაძე, მახარაძე’, მეორე ხმას აუბამდა – ’ბალი ვჭამე, კურკა ვყარე’, ხოლო მესამე ჩაიხვევდა ’პეპელა, პეპელა’ და ასე იქამდე, სანამ არ მოგვბეზრდებოდა), The National-ის ძალიან მაგარ ლაივს ვუყურებ სიმღერაზე “Fake Empire” თუ რაჭის შარაგზაზე მივიმღერი რერო-რამდარაროს.
მოკლედ, იმდენადაა ჩემში ეს ’ბოლეროს კომპლექსი’, რომ მეგობრის დადებულ ვიდეოზე, სადაც ვოკალისტი გარეგნობითაც ძალიან კარგია, ხმაც კარგი აქვს, სიმღერა ხო ისეთი ფრაზით იწყება, ყურებს დაგაცქვეტინებს და ჩაგაღიმებს, პირველი, რაც მახსენდება, ისევ ბოლეროა.
არადა, რა ბოლერო, You tried to taste me
And I taped my tongue to the southern tip of your body!
მოკლედ, მგონი, The Morning Benders-ის ტრადიციაა ალბომში ისეთი პირველი ტრეკის ჩადება, დანარჩენები საერთოდ რო არ ისმინებოდეს, მაინც კმაყოფილმა თქვა, რომ კარგ ალბომს მოუსმინე. ჯერ ’Damnit, Anna’ იყო 2008 წლის ალბომიდან(Talking Through Tin Cans) გამორჩეული, მერე ეს, ’Excuses’.
თუმცა ეს ის ალბომი არაა, სხვა ტრეკები რომ ნაკლებ ყურადღებას იმსახურებდნენ. მთელი ალბომი ისე გემრიელად ისმინება, ისე მსუბუქად(თუ აივნის კარი ღია გაქვს და ცოტათი სიო გიბერავს, მით უკეთესი) და ჰაეროვნად, ბაუნტის რეკლამასაც რომ შეშურდება. ალბომის ზომაც ნორმალურია – 10 ტრეკი, რომლიდანაც მე ყველაზე მეტად პირველი და ბოლო მიყვარს..
ჰო, ამ ოთხ კალიფორნიელ ახალგაზრდას(რომლებმაც ჯგუფი 2005 წელს ჩამოაყალიბეს) სხვა საინტერესო ტალანტებიც აქვთ – მაგალითად, თუ კარგად დააკვირდებით, აუცილებლად აღმოაჩენთ კავშირს ალბომის რამდენიმე ტრეკის სახელს შორის. თუ სხვებზე უფრო მეტად ინტრიგნულად და მაშასადამე, ბრიკოლერულად აზროვნებთ, ყველა ტრეკის დაკავშირებასაც შეძლებთ. აი მაგალითად, ასე საინტერესოდ ენაცვლება ერთმანეთს რამდენიმე ტრეკი – ბოდიშები, დაპირებები, სასიამოვნო, სუფთა ბრძოლა და სიამოვნების ოხვრები(1. Excuses; 2.Promises; 4.Cold War (Nice Clean Fight) 5.Pleasure Sighs). მოკლედ, ფანტაზიის გავარჯიშება პირველ ალბომზეც შეგიძლიათ.
ფანტაზიის გარდა შეგიძლიათ შედარების უნარზეც ივარჯიშოთ – მაგალითად, ჩემი მეგობარი ამბობდა, პიტ დოერტის შოკოლადისნაირი ხმა აქვსო. აი, კრის ჩუს როგორი ხმა აქვს, არ ვიცი – ერთდროულად ტკბილიც, რბილიც, ბავშვურიც, მშვიდიც და გულუბრყვილოც. ვფიქრობდი ნაყინივით ყოფილა-მეთქი, მაგრამ სიცივე აკლია აშკარად. ჰოდა, მხოლოდ დღეს შეჩერდა ჩემი გონება დამდნარი ნაყინის ვარიანტზე. დღეს იმიტომ, რომ მანამდე მორნინგ ბენდერზის არცერთი სიმღერა ფლეერში არ მქონდა გადატანილი. არადა, ჩვენთვის, ავტობუსის ფანჯარას თავმიყრდნობილი ’ნაუშნიკებიანი’ სტუდენტებისთვის, სიმღერის ავ-კარგიანობა სწორედ რომ გზაში, გამუდმებულ ჯანჯღარში იზომება.