from – 24saati.ge
მსოფლიო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სწორედ ახლა გვიწევს საუბარი არაკომპეტენტურ მსაჯობაზე.
გუშინდელ მერვედფინალებამდე მსაჯობა აშკარად დამაკმაყოფილებელი იყო, გუშინ კი მოხდა, ის რაც ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს. ასეთი შეცდომებისგან თავის დაზღვევა საოცრად მარტივია. უბრალოდ ფიფას მესევურებმა საკუთარ აკვიატებაზე უნდა თქვან უარი და ეგრედ წოდებული ვიდეორეფერის წესი ფეხბურთშიც დანერგონ.
არსწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ არგენტინის ნაკრები მექსიკას იმ თამაშგარედან გატანილი გოლის გარეშე ვერ მოუგებდა. დიეგო მარადონას გუნდი მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ფეხბურთსაც ისე თამაშობს, როგორიც ფავორიტს შეეფერება. მეორეს მხრივ მექსიკელებიც, რომ დაიჩაგრნენ ესეც აშკარაა.
მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ არგენტინელებთან თამაშზე ერთადერთი სწორი ტაქტიკა შეარჩია - სრული მობილიზაცია დაცვაში და სწრაფი კონტრშეტევები. თავიდან ეს ტაქტიკა ამართლებდა კიდეც, სანამ ტევესმა აშკარა თამაშგარედან გაიტანა, “ალბისელესტეს” მექსიკელთა კართან სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია, სამაგიეროდ რომეროს კართან ორი აშკარა საგოლე მომენტი შეიქმნა. შემდეგ კი დადგა მატჩის 26-ე წუთი და ტევესმა გოლი გაიტანა, ამ ეპიზოდში არგენტინელი რომ თამაშგარეში იმყოფბოდა ყველამ დაინახა მინდორზე მყოფი არბიტრების გარდა. ამით ხავიერ აგირეს მიერ თამაშზე შერჩეული გეგმა თავდაყირა დადგა, მექსიკის ნაკრები კი მთლიანად “აიჭრა”. არგენტინის ნაკრებისთვის საქმის ბოლომდე მიყვანა უკვე ტექნიკის საქმე იყო, მითუმეტეს, რომ უსამართლო მსაჯობით დაბნეულმა მექსიკელებმა არგენტინელებს მეორე გოლიც აჩუქეს.
ყოველივე პირველ ტაიმში მოხდა და პრაქტიკულად თამაშის ბედიც გადაწყდა, მეორე ტაიმში კი გულშემატკივარმა ტევესის შედევრი გოლი იხილა. კარლოსმა მართლაც ბრიწყვინვალე დარტყმა შეასრულა და ნაწილობრივ გამოისყიდა თამაშგარედან გატანილი გოლი. მექსიკელთა სასახელოდ ის უნდა ითქვას, რომ ამ გუნდმა ფარ-ხმალი არ დაყარა. მექსიკური ფეხბურთის ამომავალმა ვარსკლავმა, “მანჩესტერ იუნიატედის” მომავალმა ფეხბურთელმა ერნანდესმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.
ასე რომ, ფეხბურთის გულშემატკივარს მეტად საინტერესო მეოთხედფინალი ელის. გერმანია არგენტინის წინააღმდეგ, ეს გახლავთ ოთხი წლის წინანდელი მუნდიალის მეოთხედფინალის განმეორება, მაშინ გერმანელებმა იმარჯვეს, არგენტინა კი მეოთხედფინალში მექსიკის ნაკრების დამარცხების წყალობით გავიდა. რა იქნება ახლა ამას სულ მალე გავიგებთ.