მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან (ივნისი)
Posted 4:00 PM by Nina in თემები Album Review, ERMONIA, Music, Rock, Trip Hop, ანარეკლი, მუსიკა, რეცენზია© ლაშა გაბუნია
ავტორი: Ermonia
Slash – Slash © 2010
სლეში ის უგემრიელესი „მძიმე არტილერიის“ ვირტუოზი გიტარისტია, რომელსაც, აწ უკვე დაშლილი Guns’N’Roses-იდან მოყოლებული, თვალყურს უამრავი მუსიკისმოყვარული ადევნებს. სლეში, იგივე საულ ჰადსონი, „განსების“ დაშლის შემდეგ ცოტ-ცოტა ხნით უამრავ პროექტში ვიხილეთ, ორიოდე სინგლის გამოცემაც მოასწრო, თუმცა, ოფიციალური სოლო ალბომით გულშემატკივარი მხოლოდ ახლახან გაახარა. მუსიკისმოყვარულთ მოეხსენებათ, რომ სლეშს თავად სიმღერა არ შეუძლია (ან არ მღერის), ამიტომ მისი სიმღერების შესასრულებლად 14 სახელგანთქმული მომღერალი მიიწვია – ოზი ოსბორნითა და ლემი კილმისტერით დაწყებული, იგი პოპით დამთავრებული. ამ ფირფიტამდე გამოცემულ ორ სინგლში სლეშმა უკვე მოასწრო დუეტების ჩაწერა თვით ელის კუპერთან და ლეგენდარულ რეპ-ჯგუფ „საიპრეს ჰილთან“ ერთად.
რაღა თქმა უნდა, აღნიშნული დისკი აუცილებლად მოეწონება ტრადიციული, კლასიკური მძიმე როკის მოყვარულს, რომელიც ალბომის მოსმენისას ძალიან ნაცნობ და მშობლიურ გარემოში ამოყოფს თავს, სადაც სლეშმა „ჰაი“ კლასის ვოკალისტები და მუსიკოსები შეკრიბა. რომელი ერთი ვახსენო? – საკულტო ჯგუფის „ქალტის“ ფრონტმენი იან ესტბური, „საუნდგარდენელი“ ქრის კორნელი, ქიდ როკი, „ნირვანას“ დრამერი დევიდ გროლი, ავსტრალიური ჰარდ-როკ ბენდ „ვოლფმოზერის“ გიტარისტი ენდრიუ სთოქდეილი და სხვები. თუმცა საულ ჰადსონმა თანამედროვე სოფთ-როკის მოყვარულთა ინტერესებიც კი გაითვალისწინა, როდესაც თინეიჯერების საყვარელი ამერიკული ჯგუფის Maroon 5-ის ვოკალისტს ადამ ლივაინს საკუთარი ბალადა Gotten შეასრულებინა. მართალია, ამ ფირფიტაში რამე განსაკუთრებულ და ახალ მუსიკალურ ექსპერიმენტს ვერ წააწყდებით, მაგრამ გულწრფელად გეტყვით: დიდებული ნამუშევარია!
შეფასება: ********* (9/10)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Unkle – Where Did The Night Fall © 2010
ამ შესანიშნავმა ბრიტანულმა პროექტმა რიგით მეხუთე ალბომი გამოსცა. „ანკლის“ მსმენელს კარგად მოეხსენება, რაოდენ მდიდარი და მუსიკალურად მრავალფეროვანია ჯეიმს ლაველის ეს პროექტი. ალბომებში „ანკლის“ სიმღერებს ხშირად მოწვეული მომღერლები ასრულებენ და უმეტესწილად, მსოფლიოს ვარსკვლავები არიან. საერთოდ, „ანკლის“ მუსიკას ტრიპ-ჰოპს მიაკუთვნებენ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან მრავალფეროვან და მრავალწახნაგოვან შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. 1998 წლიდან ჯეიმს ლაველი საკუთარ პროექტში იწვევდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ტომ იორკი („რადიოჰედი“), ჯეისონ ნიუსტვიდი („მეტალიკის“ ბასისტი), რიჩარდ აშკროფტი (ჯგუფიდან The Verve), ბრაიან ინო, იან ბრაუნი, ოზი ოსბორნი, იან ესტბური და სხვები.
ახალი დისკი ტრიპ-ჰოპზე მეტად ალბათ უფრო ფსიქ-ჰოპია (თუ შეიძლება ასე განვმარტოთ), რადგან დისკში შესული მუსიკალური მასალის უმრავლესობა უფრო ფსიქოდელიურ ხასიათს ატარებს, ვიდრე „ანკლის“ ადრინდელი ფირფიტები. ალბომში მოწვეული მუსიკოსების ნაწილიც ფსიქოდელიური როკის წარმომადგენლები უფრო არიან. ალბომის მეორე ტრეკში ახალი კალიფორნიული ფსიქოდელიური ჯგუფი Sleepy Sun-ია მოწვეული. ასევე ფსიქოდელიური როკის წარმომადგენელია The Black Angels-იც. გარდა ამისა, ყველაზე წონიან მუსიკოსებს შორის ალბომში ალბათ Queens Of The Stone Age-ის სახელგანთქმული ვოკალისტი მარკ ლანეგანია. მიუხედავად იმისა, რომ პროექტში პოსტ-პანკ და ინდი შემსრულებლებიც მონაწილეობენ, ფირფიტას მაინც ექსტაზნარევი ფსიქოდელიის გემო აქვს. თავად „ანკლის“ შესრულებული სიმღერა Ablivion ნამდვილი ჰიტია. მშვენიერი ფირფიტაა და აუცილებლად დააგემოვნეთ.
შეფასება: ******** (8/10)
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
იხილეთ დანარჩენი მუსიკალური რეცენზიები ერმონიასგან >>> anarekly.blogspot.com