გარგანტუას ბავშვობის ამბავი
Posted 4:00 PM by Nina in თემები გურამი (djguro), იუმორი, კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნებაავტორი: გურამი
ვერასოდეს ვკითხულობ ამ თავს ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელში" ისე, რომ სიცილის ცრემლები არ წამომივიეს. მოკლედ რომ ვთქვა, ფრანსუა რაბლემ დაწერა წიგნი შუა საუკუნეების ფრანგულ აღვირახსნილობასა და სიდებილეზე. მთელი წიგნის მანძილზე შეიძლება შეუჩერებლად იცინო, მაგრამ ბოლოს სევდანარევი გრძნობა გრჩება - როგორი საცოდავი, გაუმაძღარი, არაპატიოსანი და უაზრო ხალხი იყო მაშინ.. ნუ, ახლაც არა უშავს. თუმცა მოდი გადავიდეთ საქმეზე. მაშ ასე, ყველაზე სასაცილო თავი:
სამიდან ხუთი წლამდე გარგანტუას ზრდიდნენ და კვებავდნენ სათანადო წესით, მამის განკარგულების შესაბამისად და დროს ატარებდა მისი ქვეყნის ყველა პატარა ბავშვივით, სახელობრ: ჭამდა, სვავდა, ეძინა; ეძინა, ჭამდა, სვავდა; ეძინა, სვავდა, ჭამდა. მუდამ ტლაპოში ეგდო, ცხვირს ითხუპნიდა, პირს იგანგლავდა, ფეხსაცმელს ცვეთდა, ბუზებს იჭერდა და მამამისის მამულში მოფარფატე ყველა პეპელას დასდევდა. ჩექმაზე იფსავდა, შარვალში ისვრიდა, ცხვირს სახელოთი იწმინდავდა, წვნიან ჯამში აფურთხებდა, ყველა გუბეში დაშლაპუნებდა, წყალს ქალამნით სვავდა, მუცელს კალათით იფხანდა, კბილებს კალაპოტზე ილესავდა, ხელს კერძით იბანდა, თავს ყანწით იფხანდა, ორ სკამს შუა ჯდებოდა, სველ ჭილოფს იხურავდა, წვენს წყალს აყოლებდა, ნაზუქს პურს ატანდა, სიცილით იკბინებოდა, იკბინებოდა და იცინოდა, ჭაში აფურთხებდა, ქონიანი საჭმელებისგან ქარი სძვრებოდა, წვიმით გალუმპული ისევ წყალში მიიწევდა, გაციებულ თონეში ლავაშს აკრავდა, ვირივით ყროყინებდა, პირჯვარს მაიმუნივით იწერდა, თავის ცხვრებს უბრუნდებოდა*, თევზს ბალახში იჭერდა, ძროხას უნაგირს ადგამდა, კურდღელს უღლითა კლავდა, საცა არ ეფხანებოდა - იფხანდა, და სხვის საქმეში ცხვირსა ყოფდა; სიზმრებს დაძინებამდე ხედავდა, საპნის ბუშტებს უშვებდა, ოცნების კოშკებს აგებდა - ერთი სიტყვით, იმთავითვე მისი ცხოვრება მარტოოდენ სიტკბოება იყო…
იხილე გაგრზელება>>> djguro.blogspot.com