რობერტ სტურუა: „სიგიჟეა ეს ყველაფერი“

Posted 10:00 PM by Nina in თემები , , , ,

robersturua1cw8

ავტორი: მზევინარ ხუციშვილი

„არსებობს ასეთი ფოტო: თავჩაქინდრული მსუქანი კაცი რუსთაველის თეატრისკენ მიდის. ეს მე ვარ. ცნობილი შოტლანდიელი ფოტოხელოვანი კენ რეინოლდსი ჩამისაფრდა და გადამიღო. ყოველ დილით სწორედ ასეთი სევდიანი მივდივარ რეპეტიციაზე. მაგრამ ამჯერად დრო და მნიშვნელობა შეიცვალა. ჩვენ 5 საათზე მივედით რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში და არა რეპეტიციისთვის, არამედ ჩემი ალბომის “რობერტ სტურუას” პრეზენტაციაზე. ორი წელი მიმდინარეობდა ალბომზე მუშაობა. როგორც მითხრეს, იგი რუსთაველის თეატრმა ქართველ და არა მხოლოდ ქართველ, თეატრის მოყვარულთ მოუმზადა და ჩემი დაბადების 70 წლისთავს მიეძღვნა.
ალბომის შექმნის იდეა რუსთაველის თეატრის საგანმანათლებლო განყოფილების გაგმეს – აკაკი კუჭუხიძეს ეკუთვნის. ავტორი და შემდგენელი – ცნობილი ქართველი თეატრმცოდნე კოტე ნინიკაშვილი გახლავთ. წიგნზე მუშაობდნენ: თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე – ლილი ფოფხაძე, რედაქტორები: მანანა თევზაძე და ნინო კანტიძე, თეატრის მუზეუმის თანამშრომლები – ბელა ჭუმბურიძე, მეგი ლევანიძე და მაკო მერაბიშვილი. ლიტერატურული მასალა ინგლისურ ენაზე თამარ ჯაფარიძემ თარგმნა, ხოლო რუსულ ენაზე – გინა ჭელიძემ. ალბომის კომპიუტერული ვერსია სარეკლამო ფირმა “ფავორიტმა” მოამზადა. პროექტს ხელმძღვანელობდა რუსთაველის თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა. ალბომის გამოცემა საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” უზრუნველყო. მოკლედ, დიდი მადლობა ყველას. ამ ალბომს თითოეულ მათგანს საჩუქრად მე თავად გადავცემ.

ალბომი სამ: ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა შექმნილი და ორტომიანი წიგნია, რომელშიც ჩვეული იუმორით ვყვები ჩემს წინაპრებზე, ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა და აღმოჩენებზე. მასში აგრეთვე თავმოყრილია ჩემი შემოქმედების ამსახველი საგაზეთო და საჟურნალო სრული ინფორმაცია, ჩემ მიერ თბილისში, რუსეთსა თუ საზღვარგარეთ დადგმული სპექტაკლების მდიდარი ფოტომასალა, რომლებზეც უამრავი რამ დაწერილა და თქმულა. აგრეთვე მასში შეტანილია ჩემი შემოქმედების შესახებ ცნობილი ქართველი თუ უცხოელი თეატრალური მოღვაწეების შეფასებები და გამონათქვამები.“

ამონარიდები ალბომიდან:

“შენ დროს გაუსწარი. დროს, რომელიც სამყაროში ყველასათვის ერთნაირად მიედინება. მხოლოდ იშვიათ რჩეულებს შეუძლიათ ასე. ძნელია, ცოცხალ ადამიანზე თქვა, გენიოსიაო? – იყოს, მე კი ასე ვფიქრობ”, – ბიძინა კვერნაძე.

“მაყურებელი შესცქეროდა სცენას, როგორც ფერმკრთალი მოწაფე დაფას, სადაც მრავალუცნობიანი განტოლებები ჩამწკრივებულა”, – მანანა ახმეტელი.

„მისი სპექტაკლები განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევდა, ისევე, როგორც ყოველი ახალი ეროვნული საოპერო ნაწარმოების გამოტანა ფართო სამსჯავროზე.
მღელვარებას ისიც ამძაფრებდა, რომ რობერტ სტურუამ, რომელიც ამ ოპერების ლიბრეტოს ავტორიც არის და დამდგმელი რეჟისორიც, ახალი ესთეტიკა მოიტანა ჩვენს თეატრში. საოპერო ნაწარმოების ახლებური ხედვა შემოგვთავაზა, რომელიც ვერ თავსდება რჩეულ ტრადიცულ საოპერო ჩარჩოებში”, – მანანა კორძაია.

“ქართველმა რეჟისორმა ყველაზე უკეთ მოახერხა, აენთო ხელოვნების სამყარო. თავისი დადგმა გაეხადა საზაფხულო სეზონის უდიდეს მოვლენად. ერთობლივმა სპექტაკლმა დიდად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხიდების გადებას. ჩვენი ხალხების დაახლოებას”, – რიზოოს პატისი.

რობერტ სტურუას ჩანახატები და მოგონებები ალბომიდან:

“ზოგჯერ ღამით მეღვიძება და შეშინებული ვიხსენებ ჩემს ბოლო სპექტაკლებს, ვაითუ, გამომაძევეს იმ საოცარი სამყაროდან, ვაითუ, განვიკურნე და ცხოვრებას აუღელვებლად გულგრილად ვუყურებ, მაგრამ ვინ იცის, იქნებ სიგიჟემ ერთხელ კიდევ შემომიტიოს. დედაჩემი მახსენდება, ვმშვიდდები და არხეინად ვიძინებ”…

იხილეთ გაგრძელება>>> burusi.wordpress.com



0 comment(s) to... “რობერტ სტურუა: „სიგიჟეა ეს ყველაფერი“”