ხაზი, ფერი და სივრცე (რუსუდან ფეტვიაშვილი)
Posted 5:50 PM by Nina in თემები burusi, გამოფენა, ინტერვიუ, კულტურა, პოპულარული, ხელოვნებაავტორი: მზეხა მახარაძე
აქ დამთვალიერებლების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, არაერთხელ უთქვამთ, რომ “ეს მისტიკური ტილოები არღვევს ყოველგვარ კანონებს და იმისთვის, რომ ნახატები აღიქვა, უნდა იყო უბრალო ადამიანზე სულ ცოტათი მეტი. აბა, როგორ შეიძლება ასეთი რაღაცეები წარმოიდგინო და მერე დახატო?” რეალურისა და ირეალურის ინტერპრეტაცია ფერწერიდან არაერთხელ გადავიდა დიდ პროზაში. რუსიკო ფეტვიაშვილის ილუსტრაციები, რომელიც პარიზში გამოცემული “ვეფხისტყაოსნისთვის” შექმნა ათასი საოცრებით და მსუბუქი პალიტრით, ფრანგებმა “უსიტყო პროზად” აღიქვეს თურმე. გასტონ ბუაჩიძის ნათარგმნი “ვეფხისტყაოსანი” იგივე რედაქციით რამდენიმე დღეა რაც ქალაქ ნანტში გამოიცა… ილუსტრირება, რუსიკოს “ხელის ინტელექტის” ნაწილია, რომელსაც სხვა “ინფორმაცია” მოაქვს, მოაქვს ენერგეტიკა და ფერწერაში ქმნის ფერწერის დინამიკას, ანუ სამყარო, რომელსაც ფერებით წერს, თავად მხატვარშია – სიმბოლოებით დაშიფრული და ღრმა.
შოთა რუსთაველი
ეს კომპოზიციები, რომლებიც არავის არ გავს, თუმცა “აქამდე ამოუცნობ ფენომენს” ეკუთვნის და ყველას ერთნაირად აოცებს, თითქოს ზღაპრის სიუჟეტებიდან მოვიდა… მიუხედავად იმისა, რომ რუსიკო ფეტვიაშვილის ესთეტიკაში გამოგონილი თითქმის არაფერია, ამ ფერწერიდან თითქოს ირეალურ კონტექსტებს კითხულობ. მოტივები ცხოვრებისეულია, მხატვრის ხელწერაში გადის ყოველდღიურობის ალეგორიული ასახვა, სადაც ხაზს მოჰყვება ფერი, ფერს ფიგურა, სივრცე, ემოცია და… ასე ივსება აბრეშუმზე ჰარმონიული ქაოსი. სიყვარულის მრავალსიუჟეტიან სერიაზე, რომელმაც მხატვრობამდე ჯერ რუსიკოს გულსა და გრძნობებზე გაიარა, რენატო გუტუზომ დაწერა: “მისი ნამუშევრების ხილვისას კიდევაც შეშფოთდები. მე ღრმად შემძრა მისმა გასაოცარმა ფანტაზიამ, ბუნებრივის შერწყმამ ზებუნებრივთან…”
"ავთანდილის ანდერძი"
- როგორია ევროპელი დამთვალიერებელი თავისი ტემპერამენტისა და ინტელექტის ფონზე? გავს თუ არა ევროპისა და თბილისის ვერნისაჟები ერთმანეთს? რუსიკო, რას ნიშნავს და რას გაძლევთ ექსპოზიცია?
- ჩემთვის გამოფენა ახალი აზროვნებაა, რომელიც შემოქმედებაში მოვძებნე და უნდა შევთავაზო მნახველს. გამოფენები, რა თქმა უნდა, განსხვავდება: აქ ნამუშევრებს ყველა თავისებურად აღიქვამს, ქუჩიდანაც შემოსულან, მაგრამ იქ მოდიან ისინი, ვისაც ეპატიჟები, ვისაც წლებია აინტერესებს ჩემი მხატვრობა და არის ძალიან ერთგული დამთვალიერებელი. რას დავაკვირდი იცით, აი, უცხოელები უფრო რაციონალურები არიან ნამუშევრების მიმართ, ნახატების გაშიფვრას მთხოვენ ხოლმე, რომ მათი წაკითხვის ინტერპეტაცია შეძლონ – რა სიმბოლო რას ნიშნავს და იმის მიხედვით იაზროვნონ… და, მათ უკვე იციან, რომ ჩემს ნამუშევრებში მდინარე გამოხატავს ცხოვრების დინამიკას, ჩიტი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს თევზი, სიუხვეს და ბარაქას, ჩიტი, რომელიც არის მობრუნებული აღმოსავლეთის მხარეს, არის წინსვლის და სიმამაცის სიმბოლო, ჩიტი, რომელიც ადამიანის თავზეა, გამოხატავს მის შინაგან ბუნებას და თუკი ამ ჩიტს ნისკარტით უჭირავს თევზი, ესე იგი, ის ადამიანი არის სულიერად ძალიან მდიდარი, წინმსწრაფი…, ანუ ქვეყნის კონტექსტებია, და ეს ყველაფერი თუ გესმის, წაიკითხავ… ადამიანის ურთიერთობებზე ნამუშევრებში ხშირად “ვსაუბრობ” და ამ ურთიერთობებში როგორ შეიძლება გამოვხატო სიხარბე, სიკეთე, თუ მძულვარება? გამოვხატავ ცხოველების, ან საგნების საშუალებით იმიტომ, რომ ჩამოყალიბებული სახე სიხარბეს, ბოროტებას, სიძულვილს არა აქვს, ხომ?.. ჩვენთან უფრო ემოციური აღქმაა, აქ ყველა თავისით მოდის, არავინ არაფერს არ მეკითხება, ნახატებსაც თავისებურად აღიქვამენ. მახსოვს, ჩემს გამოფენაზე თვითონ მიხსნიდნენ ჩემს ნამუშევრებს, ეს ძალიან საინტერესო იყო, იმაზე უფრო უკეთესი ანალიზი, ვიდრე მე გამიკეთებია. მე სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ყველა ჩემი ნამუშევარი იყოს დადებითი ენერგეტიკის, კეთილი, ზღაპრისეული პრინციპით – “ბოროტსა სძლია კეთილმან”.
- თქვენი კომპოზიციები, რომლებიც ხალიჩის ორნამენტებივით არის ნაქარგი, აქ ფერის ფორმულაც სიმბოლურია?
- მთავარი არის ხაზი, ხაზი აზრს მიყვება, ხაზი არის ფორმების გამომსახველი. ფერები? ფერებს ყოველთვის ვდებ ინტუიციურად, ამ ფერებს მოაქვს განწყობა… მე არ მიყვარს უხეში, სქელი ფენები იმიტომ, რომ სქელი ფაქტურა რაღაც ჭუჭყის ასოციაციას მიტოვებს. ჩემთვის ფერი უნდა იყოს აუცილებლად მსუბუქი, ანუ არ უნდა მაწუხებდეს ეს “მაზოკები”, ხომ გესმით? უფრო ზუსტად გეტყვით, ქაღალდზე ერთ ფერს რომ დავადებ, შეიძლება მეორე ფერიც დავადო, მესამე, მეოთხე, მაგრამ ეს უნდა იყოს გამჭირვალე და აუცილებლად სუფთა. ზეთის საღებავებშიც კი იმდენს მივაღწიე, რომ მისი სქელი ფაქტურა აკვარელს დავამსგავსე, გავათხელე იმიტომ, რომ დიდ ტილოზე აკვარელი დიდხანს ვერ ძლებს…
ნატვრის ხე
- მუსიკას მოაქვს ფერი?
- მუსიკასაც და ინტუიციასაც. კლასიკური მუსიკის ქვეშ, განსაკუთრებით, ბეთჰოვენთან სიამოვნებით ვხატავ, ბეთჰოვენის მუსიკა ახლობელია, რაღაც სხვანაირად მოქმედებს, ყველაზე მეტად მიყვარს…
- როცა მუშაობთ ასეთ მრავალსიუჟეტიან, მეტაფორულ ნამუშევრებზე, ინსპირაცია საიდან მოდის? არის ნახატი, რომელიც თქვენთვის იქცა ინსპირაციად?
- ტულუზ-ლოტრეკის “მულენ რუჟი”. საოცარი მხატვარია! ეს ნამუშევარი პარიზის მუზეუმში პირველად რომ ვნახე, გავგიჟდი.. და გამაგიჟა მხატვრობის მიმართ მისმა მიდგომამ. ამ ნამუშევარს აქვს საოცარი გამოსახვის უნარი, ამავე დროს არ ავსებს ნახატს, შეიძლება ტილოს ფერიც კი ჩანდეს და გააზრებული გქონდეს ნახატის ფონად, ანუ ზედმეტ საღებავს არ დებს, მინიმალური საშუალებით გამოხატავს მაქსიმუმს. და, ეს არის ფანტასტიკა! ტულუზ-ლოტრეკის სითამამე ჩემთვის დიდი ძალის მომცემია. წარმოიდგინეთ, ასე მსუბუქად, თამამად და იოლად აკეთებს მონასმებს, რაც მთავარია, 10 მეტრიან ტილოზე, თავისუფლად ტოვებს ცარიელ ადგილებს და ამ სიცარიელეს მოაქვს იმხელა განწყობა…
- თქვენ დატოვებდით ასეთ ცარიელ სივრცეებს?
- არ მიცდია, უფრო არა, მაგრამ იაპონიასა და ამერიკაში გაგზავნილი მაქვს ნამუშევრები, რომლებზეც მსგავსი განწყობით ვიმუშავე – თამამად, ტილოზე დავტოვე ბევრი ცარიელი ადგილი ოღონდ ხაზების ხარჯზე, ბევრი ფერიც არ დავადე…
- არსებობს მხატვარში შიში?
- არსებობს. მე მაქვს დახატული 9 მეტრიანი ტილო, მაგრამ სანამ დავიწყებდი მუშაობას, მის წინ ვიდექი და მქონდა შიში… მე მთლიანად ვავსებ ნამუშევარს, იმდენი ფიქრი, ენერგია იდება მასში, რომ… თუ ნახატი არ მომეწონა, თავიდან ვგრუნტავ და მერე ახალ ნამუშევარს ვაკეთებ. ამას ჩემს გარდა ვერავინ ვერ იგებს, არის ნამუშევრები, რომლის ქვეშ ორი-სამი ნახატი დევს.
შიში
- ევროპაში, სადაც ასე ღრმად არის “დასაფლავებული” ფერწერა ტილოზე. კონცეპტუალური ART-ის, ინსტალაციების ბუმია, რატომ აღიქვამენ ვიზუალურ ART-ში ფერწერას და გრაფიკას მოძველებულად? თქვენ თუ აღიქვამთ კონცეპტუალურ ART-ს ხელოვნებად? რამდენად საინტერესოა ის თქვენთვის, ანუ თუ ამართლებთ მის არსებობას თავისი ლოგიკით, გამოსახვის ფორმებით, მოტივაციით? – თანამედროვე ხელოვნებაში ეს უბრალოდ რაღაც ეტაპის უფერული, უშინაარსო ტენდენციაა თუ პრიმიტივიზმისკენ სვლა? თქვენი შემოქმედებით როგორ გადაურჩით კონცეპტუალური ART-ის ცდუნებებს?
- გეტყვით, კონცეპტუალური ხელოვნების ბუმი დღეს არის “შიშველი მეფის” სინდრომი, გახსოვთ ანდერსენის ეს ზღაპარი? მსოფლიო არტბიზნესში ამ “ხელოვნებას”, რომელსაც დიდი მაფიოზური სისტემა მართავს, ძალიან დიდი ფული მოაქვს, დიდი პრომოუშენი აქვს… სინამდვილეში კონცეპტუალური ART და ინსტალაციები არ არის ხელოვნება, რადგან ეს არის “არაფრისგან არაფრის გაკეთება”, აღარც პრესტიჟულად ითვლება, უფრო მეტს გეტყვით, გერმანიაში, საფრანგეთსა და ამერიკაში უკვე ხვდებიან, რომ მხატვრობაში ეს არის ხელოვნურად “შეგდებული” თემა და უკვე მოდის ის დრო, როცა დაიძახებენ: მეფე შიშველია!
ამასთან რაღაცას მოგიყვებით, რამდენიმე შემთხვვევა იყო, როცა ბერლინში ჩემს გამოფენებზე უარი თქვეს იმ გალერეებმა, სადაც ასე აქტუალურია კონცეპტუალური არტი. ჩემი ნამუშევრები დიდია – ორი-სამ მეტრიანი ტილოები, გვჭირდებოდა ასევე დიდი სივრცე გამოსაფენად და რომ შევედით ერთ-ერთ გალერეაში, ვნახე ინსტალაცია – ორი ნიჩაბი, სამი აგური, ჩამოკიდული დიდი ჭუჭყიანი ტილო, კუთხეში მეთევზის ბადე და… ამ ფონზე, ჩემი კატალოგი გალერისტს რომ ვაჩვენეთ, მოეწონა – ძალიან საინტერესოაო, მაგრამ ჩვენ კონცეპტუალურ ხელოვნებას ვემსახურებითო… და უარით გამოგვიშვეს.
- კონცეპტუალური ART-ის ბუმში პარიზსა და ბერლინში “რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა” იხსნება?
- დიახ, ხომ მოგიყევით, გალერეადან უარით რომ გამოგვიშვეს, ჩემმა მენეჯერმა მითხრა: მოდი შენი გალერეა გავხსნათო. აქედან წამოვიდა და ჩამოყალიბდა ეს იდეა, მერე იდეას გავყევით და… წლის ბოლოს ჩემი გალერეა გაიხსნება ბერლინის ცენტრში – მიტეში, – შოსეშტრასეზე შენობა უკვე რემონტდება და ეს სივრცე მთლიანად დაეთმობა ხელოვნების ცენტრს. პარიზის გალერეაზე ჩვენ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ და… ვნახოთ რა იქნება.
გაზეთი “24 საათი”, 2009-05-25