სიცილია - გაღვიძებული ვულკანი

Posted 9:00 PM by Nina in თემები , , , ,

siciliatr

 

სიცილიას ზოგჯერ "ევროპის ავსტრალიასაც" უწოდებენ. საუკუნეების განმავლობაში იგი მატერიკისგან განზე დგომას ცდილობდა. ტრადიციების ერთგულება, ჩაკეტილობა და კონსერვატიზმი დღემდე სიცილიელთა ძირითად მახასიათებლად რჩება. ავსტრალიისგან განსხვავებით, კუნძული ჯერ კიდევ ადრეული ანტიკურობიდან იყო განთქმული მეღვინეობით. ის დღესაც ერთი უზარმაზარი ვენახია, თუმცა იქაურ ღვინოებს მსოფლიოში ნაკლებად იცნობენ.

ომერტის კანონი (მაფიის დუმილის აღქმა) არაფერ შუაშია: დიდი ხნის განმავლობაში სიცილიელებს ევროპულ ბაზარზე კუპაჟისთვის საჭირო იაფი ნედლეული შეჰქონდათ, ბოთლებში კი პროდუქციის მცირე ნაწილი ისხმებოდა, რომლის კონკურენტულობა არავის აინტერესებდა. ამის მიუხედავად, "სუპერტოსკანურმა რევოლუციამ" საუკუნეების განმავლობაში მთვლემარე ძალები გამოაფხიზლა. სიცილიაში გამოჩნდნენ მასშტაბურად მოაზროვნე მეღვინეები და წარმატებამაც არ დააყოვნა. სამომავლოდ კუნძულელ მწარმოებლებს არა მხოლოდ იტალიის საუკეთესო კომპანიებს შორის  დამკვიდრების შანსი აქვთ, არამედ ახალი სამყაროს ღვინოთათვის კონკურენციის გაწევის პერსპექტივაც.

პროგრესი სიცილიურად

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იტალიური მეღვინეობის პროგრესზე ლაპარაკი მომაბეზრებელი გახდა, ფაქტია, სიცილიური წარმოება საკმაოდ წინ წავიდა. თავად განსაჯეთ: 1993 წლამდე ბოთლებში მთლიანი პროდუქციის 2%-ზე ნაკლები ისხმებოდა; გარდა ამისა, კუნძულზე არ იყო არცერთი სოლიდური DOC  და გამოშვებული პროდუქციის 80% კოოპერატივებზე მოდიოდა. უკვე 1998 წელს Gambero Rosso-ს ცნობარში მეღვინეობა Planeta  "წლის მწარმოებლად" არის დასახელებული და ეს მხოლოდ დასაწყისია. 1990-იანების ბოლოს გამოვიდა შემდგომში კლასიკად ქცეული ღვინოები: Mille e Una Notte  -  Donnafugata-ს, Santa Cecilia  -  Planeta-სა და  Schietto -  Spadafora-სგან. ეს პროცესი გრძელდება. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მომავალში სიცილიურ ბაზარზე არაერთი საინტერესო ღვინო გამოჩნდება.

იტალიური მეღვინეობის აკვანი

სიცილიის ვულკანურად აქტიური ზონა ყოველთვის კარგ სამსახურს უწევდა მევენახეებს. მოქმედი ვულკანის, ეტნას ფერდობები ისტორიულად ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინეობის რეგიონია: ბარაქიანი ნიადაგი და გრილი კლიმატი დადებითად მოქმედებს როგორც თეთრ, ისე წითელ ღვინოებზე. ადგილობრივი საწარმოები ოდესღაც არისტოკრატულად მიიჩნეოდა, ბოლო დრომდე კი ეს ოლქი თითქმის ერთადერთი სიცილიური DOC იყო.

კუნძულის გეოგრაფია და კლიმატი – მთაგორიანი გარემო, ცხელი ზაფხული და იშვიათი ნალექი – მშვენიერ პირობებს ქმნიდა ვაზის გაშენებისთვის, ამიტომ სავსებით ლოგიკურია ის ფაქტი, რომ სწორედ სიცილია გახდა იტალიური მეღვინეობის აკვანი. ბერძნული დასახლებები და კოლონიები, რომლებიც ჩვ. წ. აღ-მდე VIII საუკუნეს მიეკუთვნება, ამ ფაქტს დოკუმენტურად ადასტურებს. ანტიკურ დასახლება აკრაგასში ნაპოვნია მაღალგანვითარებული ვენახების ნაკვალევი, რომლებიც ჩვ. წ.აღ-მდე V საუკუნით თარიღდება. ყველაზე ცნობილი იყო ტკბილი და მსუბუქი ღვინო - Mamertine ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. სასმელს აწარმოებდნენ სირაკუზასა და კატანიაშიც. აქაური ღვინო ექსპორტზე გადიოდა: ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამფორები წარწერით -  Morgantina და Tauromentium, რაც მათ სიცილიურ წარმომავლობაზე მიუთითებს.

XIV საუკუნიდან არისტოკრატიის მოთხოვნა ხარისხიან ღვინოზე გაიზარდა და ვენახების რიცხვმაც იმატა. ძირითადი რაიონები განლაგებული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე. ისინი არა მხოლოდ დიდი ოდენობით ღვინოს აწარმოებდნენ, არამედ თავისუფლად შეეძლოთ მისი გაგზავნა ზღვით მესინაში, საიდანაც აფრიკასა და ლავანტის ქვეყნებში მიდიოდა.

          სიცილიის მიერ ექსპორტირებული ღვინოები, მაგალითად, ვერნაჩა და მუსკატელი, ძირითადად მაგარი და ტკბილი იყო და კარგად იტანდა გემით  მგზავრობას. დოკუმენტებში სხვა სახელწოდების სასმელიც გვხვდება, მაგალითად, Mantonico, იგივე Mantonicato, რომელიც თეთრიც იყო და წითელიც, თეთრი Cuctumini  და ბოლოს, Mamertino, რომელიც ამ სახელს კლასიკურ Mamertinum-თან იყოფს (პლინიუსის ცნობით, მისთვის საჭირო ყურძენი მესინაში მოჰყავდათ).

სიჩუმე ქარიშხლის წინ

          სიცილიური მსოფლმხედველობის თავისებურებებს იმასაც უკავშირებენ, რომ შუასაუკუნეების პერიოდი ევროპის ისტორიაში ყველაზე დიდხანს აქ  გაგრძელდა: კონსტიტუცია, რომელმაც ფეოდალიზმი შეცვალა, მხოლოდ 1862 წელს მიიღეს. შუასაუკუნეებრივი წყობის გადმონაშთები – მდიდარი და ღარიბი ფენების თანაარსებობა, ტრადიციების ერთგულება, კლანურობა და ოჯახის კულტი აქ ბოლო დრომდე შენარჩუნდა. არცთუ შორეულ წარსულში სირაკუზასა და პალერმოს შემხედვარე ადვილი იყო იმის წარმოდგენა, რა ხდებოდა აქ ორასი წლის წინათ. XIX საუკუნის ბოლოდან ვითარება არსებითად შეიცვალა: არისტოკრატული ვენახებიდან აქაურობა ღვინის დამზადებისთვის საჭირო იაფი ნედლეულის მსხვილ მიმწოდებლად იქცა. საკუპაჟე ღვინოების საწარმოებლად ვენახების მასობრივი გაშენება 1870-90 წლებში დაიწყო. ამ დროს საფრანგეთში ფილოქსერა მძვინვარებდა. მოგვიანებით ფრანგებმა სიცილიური ნედლეული ალჟირულით ჩაანაცვლეს და კუნძულის მიმართ ინტერესი შესუსტდა.

          აღმავლობა გასული საუკუნის 70-იანებში დაიწყო, თუმცა მაღალი პროდუქტიულობის მიუხედავად, სიცილიელ მეღვინეთა უმეტესობა საკუპაჟე ღვინოთა წარმოებას ვერ გასცდა. 10 წლის წინათ "პრემიუმ" ხარისხის სუფრის ღვინოს რეგიონში სულ რამდენიმე კაცი აყენებდა. ხარისხიანი სასმელის დასამზადებლად აქაურ მეღვინეებს სტიმული არ ჰქონდათ. თვით მარსალაც კი (ღვინო, რომელსაც 100 წლის წინ ადმირალმა ნელსონმა გაუთქვა სახელი) ვერ გახდა ახალი ხარისხიანი სიცილიური ღვინის ფუძემდებელი.

ცვლილებათა ნათლიმამები

იხილეთ გაგრძელება>>>> vinoge.com



0 comment(s) to... “სიცილია - გაღვიძებული ვულკანი”