კონსტანტინე გამსახურდია – “ქალის რძე”
Posted 8:00 PM by Nina in თემები burusi, კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნებაავტორი: burusi
რიწის ლამაზმანი – ლადო გუდიაშვილი. Lado Gudiashvili. 1940
შუა აზიის უდაბნო ზედ ტფილისის კარებამდის მოდის.
მიყვარს, განუსაზღვრელად მიყვარს ყარაიას სტეპებზე ნადირობა. ვინ იცის, ეგებ მიტომაც, რომ ამ სანახებში მარტოკა ყიალი ძლიერ სახიფათოა. ჩემს თანამონადირეებს საქმიან დღეებში ვერ მოუცლიათ. მიშლიდნენ მეგობრები: ან გზას დაჰკარგავ, ან რომელიმე ნაყაჩაღარი თათარი ჩაგისაფრდება შაშხანით ხელში და თოფის მისატაცებლად მოგკლავსო.
გასულ ხუთშაბათს ჩემი ზურგის ტოპრაკა მოვსძებნე, რამდენიმე ჟაკანის ტყვია გავურიე ვაზნებში _ გარდაბანს გავემგზავრე (ამ სახელს ხშირად ახსენებენ ქართლის ცხოვრებაში, ალბათ ამიტომაც მიყვარს ამ სანახებში ყიალი).
უთენია დავიწყე ლაშქრობა. სტეპი, ჯაგნარი, სტეპი, მდუმარება. მყარზე და ცაზე, მარჯვნითა და მარცხნით სილაღეა და თვალშეუდგამი და უსრულო სისრულე.
მიდიხარ მოტვლეპილ ტრამალზე.
არსაიდან ჩქამი. შემოგეფეთება ბურუხუნა გველი, შემოგხედავს უდაბნოს თვალებით. გზას აგიქცევს ზლაზვნით და ტაატით მიაშურებს ულეველ სივრცეს.
ბუნების პირისპირ დარჩენილს საოცარი გარინდება შემოპყრობს ხოლმე. ვფიქრობ, ვოცნებობ, ჩემს თავს ვებაასები. ადამიანი პატარავდება განუსაზღვრელობის პირისპირ. უჩინარდება სულის წუხილი, სასაცილოდ გეჩვენება წარმავალი თავმოთნეობა და გულზვიადობა. ცასა და მიწაზე განრთხმულა უჟამო ლულვა, არე-მიდამოს შეცნობა გეკარგება და ტრამალზე მოხეტიალე გზას ჰკარგავ ხშირად .
დილიდანვე მოღუშულიყო როგორც ეს უნაპირო ტრამალი, ისე შორეული სერების მკრთალი მონახაზები. თვალმილულა მთების კონუსები რუხი წამლით ნაღები მოსჩანან თვალსაწიერზე.
ეს ფერი გახლავთ აღმოსავლეთ საქართველოს ლანდშაფტის მაცნე.
რუხი კი არა, მუქი ფოლადისფერი.
ასე უქმად ვიარე სამხრობამდის, ძაღლი თან არ მყავდა.
ბუნებაში განმარტოებულს დღის სიცხადე ზმანებად მექცა. მეგონა, ჩემი სული ჩემს სხეულს განერიდა და რბილ ქვიშნარზე მოარულს სივრცის შეგნება წამერთო სრულიად.
ცხადია, ასეთ ყოფაში გულისყური იფანტება. ამიხტებოდა ჯაგებში კურდღელი და ვიდრე მხრიდან თოფს ჩამოვიღებდი, იგი უკვე მოუსავლეთში იყო.
იმ დღეს სამჯერ გამიცუდდა ნასროლი. გულწრფელობა ყველაზე მეტად ნადირობის საქმეშია საშიში.
მაინც ვაღიარებ, ერთ დაკოდილ შავ მელას შვიდიოდე კილომეტრი ვსდიე.
მე ვამტკიცებ: ყოველივე, რაც ამ გაიძვერა ცხოველის მიმართ ხალხს უმღერია და უთქვამს, ზედმიწევნით სწორია უცილოდ.
ხრამის პირად თავს წავადექი ბექობის კალთაზე წაწოლილს. სჩანდა, მზის აბაზანებს იღებდა ის ვერანა. სამწყრე საფანტი ვესროლე. ერთი გადაკოტრიალდა და კოტრიალით ჩაგორდა უფსკრულის პირამდის. მეორე ლულაში ჟაკანი მქონდა (თობის მოყვარული ავაზაკობისათვის გამოზოგილი). იმ მელიის ტყავიდან ფიტული მინდოდა გამეკეთებინა. ამიტომაც დავზოგე.
(ეს ასეა: ნადირს ან მტერს რომ დაზოგავ, სამაგიეროდ იგი არ დაგზოგავს).
ვიდრე ახალ ვაზნებს ლულებში ჩავაწყობდი, მელა გამოვარდა და მოჰკურცხლა.
ხელმოცარულს ბრაზი წამეკიდა, გამოვუდექი, ჯერ ღელე-ღელე გარბოდა. ასიოდე ნაბიჯზე წამოვეწიე, იგი ჯაგებში დამემალა. როცა ხრამიდან ამოვედი, მელა უკვე სტეპზე გარბოდა. კაცმა რომ სთქვას, ჩორთვით მიცუნცულებდა.
სეისვენა, დაცუცქდა, მომხედა.
წამოვეწიე. ისევ მოჰკურცხლა.
ისევ წამოვეწიე. კორდზე წამოსკუპდა, უსირცხვილოდ მიცქერის. თითქოს მეუბნება: გრცხვენოდეს, მონადირევ, დაკოდილსაც რომ ვერ დამეწიეო.
ასე ვირბინეთ შეღაბემადის.
ჩირგვნარი დაიწყო და ლაქაშმოდებული ჭაობის სანახი.
აქ კი საბოლოოდ დავჰკარგე იმედი: ქაცვიან კორდზე შევისვენე.
წამოდგომია მიწას მტუტისფერი ზეცის გუმბათი. ველისპირი გაშავდა, ზღაპრული ქიმერებსავით მოსჩანან ტრამალზე გაფანტული, შტოებშემხმარი, დასიცხული სტეპის საცოდავი ხეები.
ფეხმორთხმით მოვიკეცე ქვიშიან მიწაზე.
იხილე გაგრძელება>>>burusi.wordpress.com