მოდი, საყვარელო ბაღში შავიდეთ!
Posted 8:00 PM by Nina in თემები linguistuss, კინო, ლიტერატურა, ფილმები, ხელოვნებაავტორი: linguistuss
ყოფილ საბჭოეთში ორი ფრანგი ავტორი უყვარდათ ზომაზე მეტად – ალექსანდრე დიუმა–მამა და მორის დრიუონი. დიუმას მწვანე ტომეული ახლაც მიჭრელებს თვალს, დრიუონის “წყეული მეფეები” კი ყოველთვის მთრგუნავდა. რა ჩემი ბრალია, რომ გაგანია საბჭოეთში დავიბადე, წიგნებიც და ლიტერატურაც სახლში შესაბამისი დამხვდა, ჰოდა ვიჭრელებდი თვალებს – გადმოვიღებდი ამ დრიუონს და ვათვალიერებდი, ვფურცლავდი, სქოლიოებს ვკითხულობდი, წინასიტყვაობას, ბოლოთქმას… აი, შვიდივე ტომის წაკითხვა არასოდეს განმიზრახავს, აკი ვთქვი მთრგუნავდა მეთქი… ასევე არ მესმოდა თუ რას ნიშნავდა სატიტულო გვერდზე წარწერილი სიტყვა “მაუდიტს” (მაშინ ასე ვკითხულობდი).
საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ათასწლეული რომ შეიცვალა, ფრანგულის სწავლა დავიწყე. ჰოდა, ერთ–ერთ “ტოპიკ”–ში წავაწყდი ამ “მაუდიტ”–ს, რომელიც უკვე “მოდი”–თ ქცეულიყო ჩემთვის. აღარ ჩავუღრმავდები შემდეგ დეტალებს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს სიტყვა შემდგომში ორჯერ შემომხვდა – ფრანგულ პოეზიაში, სადაც შარლ ბოდლერს Poète maudit–ს უწოდებენ და მე–20 საუკუნის ერთ ნაღვლიან ისტორიაშიც აღმოვაჩინე, ამედეო მოდილიანის გრძელსახეებიან ქალებს რომ შევავლე თვალი, რომელთა ხათრით ამასწინათ 1958 წელს გადაღებული ფილმი ვნახე, “მონპარნასის 19″ – ჟერარ ფილიპის და ანუკ ემეს მონაწილეობით.
ფილმი ჟანა ებიუტერნისა და ამედეო მოდილიანის ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას ეძღვნება. ღარიბი და უსახელო ამბიციური მხატვარი ამედეო, შეძლებული ოჯახის შვილს, ჟანას გაიცნობს, მერე ჟანა მონპარნასის 19–ში გადაბარგდება, სადაც ამედეო ტუბერკულოზით დაავადდება და კვდება და მერე რვა თვის ფეხმძიმე ჟანა თავს იკლავს. ფილმში ეს ყველაფერი არაა ნაჩვენები, თუმცა რაც ნაჩვენებია ისედაც საკმარისი იყო, საღერღელი რომ ამშლოდა ამ “მოდი”–ზე, იმდენჯერ ეძახის ფილმში ჟანა მოდილიანის “მოდის”. ერთ–ერთ ეპიზოდში წყვილი ლათინურ კვარტალში, ლუქსემბურგის ბაღის გვერდით სეირნობს და ვიფიქრე, ახლა ჟანამ ამედეოს რომ უთხრას – “მოდი, საყვარელო ბაღში შავიდეთ” – რა ღადაობა იქნება, რობერტ ასპრინის სტილში მეთქი, რომელიც შემჩნეულია სხვადასხვა ისტორიული პერსონაჟებისათვის იმ ფრაზების მიწერაში, რომლებიც მათ არასოდეს უთქვამთ.
იხილეთ გაგრძელება>>>linguistuss.com