ავტორი: ნინო ბექიშვილი
ამ კვირის ”ლიბერალს” რედაქტორის სვეტი მე დავწერე. გვიან ღამით, უკვე დაღლილი ვწერდი და არ გამახსენდა, რომ ორშაბათს 17 მაისია - ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. 1991 წელის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის საზოგადოებამჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო. ქართული მედია ამ დღეს თითქმის არ ახსენებს, ამიტომაც ვფიქრობდი, რომ ”ლიბერლს” აუცილებლად უნდა დაეწერა. გული დამწყდა და ჩემი გულმავიწყობა, ვეცდები, ასე - ბლოგით გამოვასწორო.
ოდესღაც ჰომოფობი ალბათ, მეც ვიყავი, ოღონდ ისიც სულ ვიცოდი, რომ უსამართლობაა ადამიანი რაიმე ნიშნით გამოარჩიო და დაჩაგრო. ეს პატარაობიდანვე ვიცოდი. 10 წლისა ვიქნებოდი. შეიძლება, უფრო პატარაც. ფერადი ტელევიზორი ახალნაყიდი გვქონდა. გაოგნებული ვუყურებდი ვახტანგ ჭაბუკიანს, რომელიც ოტელოს ცეკვავდა. ბალეტი ძალიან მიყვარდა, ბალერინების შესახებ სულ ვკითხულობდი, სურათებს ვაგროვებდი, ყოველი სპექტაკლი დღესასწაული იყო, ოღონდ მანამდე ამგვარი არაფერი მენახა. თან ბალეტი იყო და თან, რაღაც უფრო მეტყველი, უფრო ცოცხალი, ენერგიული, ადამიანური, სახელს ახლაც ვერ ვარქმევ, მით უმეტეს - მაშინ. მერე უფროსები რაღაცას ლაპარაკობდნენ, კარგად მახსოვს მამაჩემის ფრაზა: ”ამისთვის მარტო საბჭოთა კავშირში სჯიან”. მივხვდი, რომ კაცს, რომელიც სასწაულად ცეკვავდა, უსამართლოდ მოექცნენ, ვიკითხე კიდეც, რატომ დასაჯეს მეთქი და არაფერიც არ ამიხსნეს. ამან უფრო გამაბრაზა. ჰო, კიდევ იმას მივხვდი, რომ იქ, სადაც ვცხოვრობდი, ცუდი რაღაცები ხდებოდა, რაღაც ისეთი, რაც სხვაგან არსად... ახლა რომ ვიხსენებ, მეღიმება - ცხადია, მამა ცდებოდა, დღესაც ბევრ ქვეყანაში სჯიან ადამიანებს იმის გამო, რისი შეცვლაც მათ უბრალოდ, არ შეუძლიათ, მაგალითად ირანში - სულაც სიკვდილით.
ერთი კვირის წინ ფეისბუქის ქსელში ჩემმა მეგობრებმა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლადო სადღობელაშვილის გვერდზე მიმითითეს, სადაც ის წერდა - ,,დადგა დრო ფაშისტური და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენისა,”ქართველი კაცის მენტალობაში(უ) არ ზის გეიპარადებიიიი”, ”გეების სისხლი უნდა დაიღვაროს”,,ყველა გეი დაისჯება, პირობას ვიძლევი”. გუშინ ამ ბატონს დავურეკე და ვკითხე, რას ნიშნავდა მისი სიტყვები. მან წამიკითხა ტრიადა ქართულ მენტალობაზე, საფრთხეებზე და მერე თითქოს მოიბოდიშა, დეისაძის წიგნმა გამაბრაზა, არავის დასჯას და მით უმეტეს, მოკვლას არ ვაპირებო. დეპუტატების კანდიდატებს შორის ალბათ ბევრი ჰომოფობია, მაგრამ სადღობელაშვილი სწორედ ასე ცდილობს თვითდამკვიდრებას. მე და ჩემ მეგობრებს გვგონია, რომ ის აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს საარჩევნო კამპანიას. არ ვიცი, ეს როგორ შეიძლება გავაკეთოთ, ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ.
ალბათ, ძალიან გულუბრყვილო ვარ. გავოგნდი, როცა ხუთიოდ წლის წინ აღმოვაჩინე,რომ ინტერნეტიანი და ინგლისურის მცოდნე ქართველები არაფრით იყვნენ ცუდ კომუნისტებზე უკეთესები…
იხილე გაგრძელება>>> >>> liberali.ge