ენის როტაცია (?) = გამოხმაურება doin.ge-ს პოსტზე

Posted 4:00 PM by anano in თემები , ,

 

 

ავტორი - anina

Bookmark and Share
 
 

დარწმუნებული ვარ, მოსმენილი გაქვთ, როგორ წუწუნებს ყველა: მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, ბებია, ბაბუა, სტუდენტი, ლექტორი, ბლოგერი (ჰაჰ) იმაზე, რომ ენა დაგვიბინძურდა. ძირითადად, წუწუნებენ სლენგის, ბარბარიზმების, კალკისა და სტილისტური ხარვეზების შესახებ. მაგრამ ენის გრამატიკა სულ ეს არაა. სთხოვეთ ენის ნორმების თავგამოდებულ დამცველებს, სულ პატარა სამსახური გაგიწიონ და დასვან მძიმეები ამ წინადადებაში:
ორი თვის შემდეგ ქალაქის მერმა მოქალაქეების თხოვნით მოედანზე პატარა აივნიანი სახლი ააშენა.
თქვენც დასვით და შედეგები კომენტარებში განვიხილოთ. მერე ერთად დავასკვნით, რომ თუ მაინცდამაინც ვითარების შეცვლა გვინდა, ზედაპირულ პრობლემებს კი არ უნდა გამოვეკიდოთ, არამედ სიღრმისეულად მივუდგეთ საკითხს: ვასწავლოთ გრამატიკა სკოლაში უკეთესად და ვისწავლოთ გრამატიკა სკოლაში უკეთესად. მივცეთ ფილოლოგებს ჟურნალისტური განათლება, ან მივცეთ ჟურნალისტებს ფილოლოგიური განათლება. დარწმუნებული ვარ, ამავე თემაზე უფროსებს რომ ველაპარაკებოდე, ვიღაც ნამდვილად მეტყოდა: გააუქმეს ენის პალატა და რაღა უნდა გავაკეთოთო. მაგრამ სინამდვილეში ენის პალატას არ შეუძლია, ადამიანებს მეტყველება და წერა ასწავლოს. არ ვხუმრობ: ბლოგებსაც კი მეტი ძალაუფლება აქვთ ამ მხრივ, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებას. ინტერნეტ-სივრცეში ყველაფერი გამართულად რომ იწერებოდეს, ტელევიზიით მოსმენილი გაქვავებული ფორმები ვეღარ დაგვიბინძურებდა ნაწერს, საუბარს. მაგრამ ინტერნეტში ისე წერენ, როგორც ტელევიზიით ლაპარაკობენ და ამას ისე, უბრალოდ, არაფერი ეშველება.
დღეს doin.ge-ზე შევიხედე და ამ პოსტის დაწერაც ამიტომ მომინდა.
მოკლედ, doin.ge-ს ბოლო პოსტი ,,ლექსიკურ კანიბალიზმზეა” ანუ იმ სიტყვებზე, რომლებსაც არ ვწერთ ისე, როგორც ,,უნდა” ვწერდეთ. როგორც ჩანს, ბლოგერი შეწუხდა იმით, რომ გამუდმებით აწყდებოდა ,,არასწორ” ფორმებს: ,,რას შვები?”, ,,კაი”, ,,მადლობ”, ,,გენც”, ,,რატო, იმიტო” და ასე გადაწყვიტა ამ ფორმებთან ბრძოლა. პოსტი სახალისოა, პოსტი გულწრფელადაა დაწერილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენის ქომაგი ვარ, ეს ის შემთხვევა მგონია, როცა ქართული ენის დასაცავად თავის გამოდება არ ღირს. ანუ, აქცენტები არასწორია. ამ საკითხს ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდები, მანამდე გავარკვიოთ,
საერთოდ, როგორი ენა გვჭირდება ქართველებს? დღეს ქართველებს ბევრი ენა გვაქვს: ენა, რომლითაც მეტყველებენ ტელევიზიაში; ენა, რომლითაც იწერება სტატიები პრესაში (და ეს ენა მერე სხვადასხვა ენებად იტოტება ჟურნალ-გაზეთების მიხედვით); ენა, რომლითაც იწერება დისერტაციები, რეცენზიები, საკონფერენციო თემები; ენა, რომლითაც იწერება სასკოლო თემები; ენა, რომელზეც სრულდება თარგმანები; თანამედროვე პროზაიკოსების ენა; ენა, რომელზეც ვამბობთ სადღეგრძელოებს (ერთგვარი ზეციურ-გურჯული ქართული); ენა, რომლითაც ვსაუბრობთ სკაიპში; უსუსური ჟარგონული ენა, და .. კიდევ იქნება რამე, ახლა რაც არ მახსოვს. და ყოველი ეს ენა სასაუბრო ქართულს სულ უფრო და უფრო შორდება, რაც კატასტროფაა. ქართული ლიტერატურა ერთხელ უკვე მოექცა ჩიხში, როცა იქცა მხოლოდ ზე-განათლებულთა ლიტერატურად. ეს ის დაწყევლილი დრო იყო, როცა ჩვეულებრივი გლეხისთვის რომ წაგეკითხათ ,,ცისკრის” რომელიმე სტატია, ან იმდროიდნელი ,,ვითომმწერლების” ნაწარმოებები, ვერაფერს გაიგებდა. მაშინ ილია ჭავჭავაძემ დაუბრუნდა ლიტერატურა ხალხს. მაგრამ როგორც ჩანს, კიდევ ერთი ილია ჭავჭავაძე გვჭირდება, რადგან ჩვენთან სამწერლობო და სასაუბრო ქართულს შორის ისევ დიდი უფსკრულია.
ჩვენ გვინდა, ქართული დავაკონსერვოთ და თაროზე შემოვდოთ. ეს არის იმის მიზეზი, რომ მეოცე საუკუნეში მწერლები ,,საწმერთულებით” გველაპარაკებოდნენ, ეს არის იმის მიზეზი, რომ მეხუთე საუკუნის ტექსტი ადაპტირების გარეშე გვესმის, ეს კიდევ იმის მიზეზიც არის, რომ სლენგი არ გვაქვს. ქართველი როგორ აკადრებს საკუთარ ენას წმინდა სასაუბრო სიტყვების გამოთქმას. ასეთი სიტყვა თუ დასჭირდა, რუსული რისთვის არსებობს?! ამიტომაც ვერასდროს დაიწერებოდა ქართულ ენაზე ,,თამაში ჭვავის ყანაში” და ვერც ითარგმნებოდა. შენიშვნა:ახლა რაც გვაქვს, ის არაა თარგმანი : ) სამაგიეროდ, იწერებოდა პლატონ იოსელიანი, გიორგი ერისთავი და ათასი ჯურის ,,ღვლარჭნილი” ლიტერატურა (სნობიზმის უძველესი გამოვლინებები). სხვათა შორის, ეს პრობლემა ახლაც აქტუალურია. ზაზა ბურჭულაძეც ასე წერდა სულ რამდენიმე წლის წინ.
საჭიროა მარტივი და მოქნილი ენა, როგორიც ნამდვილად გახდება ქართული, თუ ცოტა ხნით გამოვრთავთ ტელევიზორებს, დავწვავთ ძველ თარგმანებს და სამეცნიერო ლიტერატურასაც გადავწერთ.
და რა გზით უნდა წავიდეს ენა? სასაუბრო ენასთან დაახლოების გზით (ჩემი იდეა არაა, ილიაც ასე ამბობდა).
ძირითადი ცვლილებები ენაში სასაუბრო მეტყველებიდან იწყება, მერე კი ლიტერატურაშიც მკვიდრდება. აი, ახლა დავუბრუნდეთ საკითხს: რატომ არის ფორმები ,,კაი”, ,,ძაან” შეცდომა? იმიტომ, რომ ორთოგრაფიულ ლექსიკონში წერია ასე?
მე ეს კატასტროფად არ მეჩვენება. თუ შეამჩნიეთ, ყველაზე გავრცელებული სიტყვები ყველაზე მეტად ,,დამახინჯდა”.ამის მიზეზი ისაა, რომ ასე უფრო მოსახერხებელია. ენა ვითარდება და ამაში საგანგაშო არაფერია. ენა კი არ უნდა დავუქვემდებაროთ ორთოგრაფიულ ლექსიკონს, არამედ, პირიქით. სულ მალე ლექსიკონებში პარალელურ ფორმებად შეიტანენ ამ სიტყვებს, მერე კი შეიძლება საერთოდაც გამოაძევოს ძველი ფორმები ხმარებიდან. მერე რა მოხდა, თუ გვინდა, რომ ენა არ დაკონსერვდეს, ამას უნდა შევეგუოთ და ,,როტაციებზე” ფიქრს შევეშვათ. სხვა საქმეა, როცა ენის განვითარება არასწორი მიმართულებით ჟურნალისტებს მიჰყავთ (ამაზე მეც ნერვები მეშლება), მაგრამ ფონეტიკური ცვლილებები ამასთან რა მოსატანია : ) უამრავი სიტყვა, რომელსაც ახლა ვხმარობთ, სწორედ ფონეტიკური ცვლილებებითაა მიღებული. მაგალითად, იყო ფორმა წყარო-თ-გან, მერე_ წყარო-დ-გან, და აქედან მივიღეთ წყაროდან : ) დაშავდა რამე? ან, მაგალითად, ავიღოთ სიტყვა ,,მგონი”, მიღებულია ,,მგონია-სგან”, ჩამოსცილდა ,,ა” და მისი ხმარება უფრო მოსახერხებელი გახდა. ,,მე ვთქვი” ,,მეთქი-დ” გადაიქცა და ასე შემდეგ. რატომ არ შეიძლება, ვშვრები -დან ,,რ” ამოვარდეს, თუ მაინც ყველა ასე ამბობს და ასე უფრო ადვილია. ,,შემო, გამო, წამო” ფორმები კი უკვე სალიტერატურო ქართული კუთვნილებაა და მათზე კამათიც არ ღირს. ჩვენ უნდა გავილაშქროთ არა ენის გამარტივების, არამედ გართულების, ხელოვნური სინტაქსის, ყურით მოთრეული ნეოლოგიზმების, მნიშვნელობისგან დაცლილი სიტყვებისა და სხვა ლექსიკური ნაგვის წინააღმდეგ. დიახ, მე არ მომწონს ჟურნალისტების ქართული, მაგრამ არაფერს ვერჩი სიტყვა ,,კაის” , თუ მაინცდამაინც სამეცნიერო ლიტერატურაში არ წერია. : ) სიტყვების შემოკლება-გამარტივება სავსებით ბუნებრივი პროცესია.
და თუ ვითხოვთ აბსოლუტურ წესრიგს ენაში, მაშინ მივხედოთ ყველაფერს ერთად და არა სიტყვებს ამორჩევით. ვიზრუნოთ პუნქტუაციის ზედმიწევნით დაცვაზე, ზმნების მართლწერაზე და ასე შემდეგ.
ოღონდ ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ წესები, რომლითაც ახლა ვხელმძღვანელობთ, ადამიანების დაწერილია და ხშირ შემთხვევაში, მათი ზედმიწევნით დაცვა არც ღირს. მე, მაგალითად, კარგად ვიცი, რომ სიტყვა ,,ალბათ” წინადადებაში ორივე მხრიდან მძიმით უნდა გამოიყოს, მაგრამ ყოველთვის არ ვშვრ(!)ები ამას. ხანდახან მეზედმეტება და იმიტომ. ასე რომ, ენის მიმართ სადამსჯელო ოპერაციებს ვერ გაატარებ, ვერც როტაციას მოახდენ. მადლობა ღმერთს : )
კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ესეც საკმარისია. მოდი, ამ პოსტს გაგარინის სიტყვებით დავამთავრებ. ჯიგრულად დაჭერილი მეტაფორაა და იმიტომ.
შენიშვნა: ერეკლე დეისაძეზე წერს:

,,ერეკლეს ენა ყარს. ყარს ისე, როგორც დამჟავებული, დაობებული პროდუქტები როცა ასი წლის გაუხსნელ, სავსე მაცივარს გამოაღებ. და მე ისღა დამრჩენია, დითირამბები მივუძღვნა ამ ყროლს, რადგან მაცივარი თუ არ განიავდა და ობისგან არ გათავისუფლდა, სულ უფრო და უფრო წაბილწავს გარემოს.”
პ.ს.


WANTED: როტაცია

 

წყარო>>>aninaland.wordpress.com



0 comment(s) to... “ენის როტაცია (?) = გამოხმაურება doin.ge-ს პოსტზე”