ავტორი – Natalia

იერუსალიმი ყვითელი ქალაქია, მზე და ქვიშა აძლევს ასეთ ფერს..
’ოსტატი და მარგარიტა’ რის გამო მომეწონა იცით? ისე იყო აღწერილი პილატეს ეპიზოდები, რომ მეგონა იქ ვიყავი - პირველ საუკუნეში. შემაწუხებელ სიცხეში, ბრბოს ხმაური მესმოდა შორიდან, ’ბარაბა, ბარაბა’-ს რომ გაიძახოდნენ..
ეს კვირაც ასეთია - იმ პერიოდში გაბრუნებს. ყოველი დღე რაღაცას ნიშნავს, და ყოველი დღე მოლოდინით არის აღსავსე - კვირა დღის მოლოდინით.
მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში დიდი ხანია აღარ დავდივარ, სულ რომ არ ვიყო ჩართული სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებში, ვნების კვირას მაინც მეცვლება განწყობა.
მახსოვს, პარასკევს გარდამოხსნას რომ ვესწრებოდი ხოლმე, გული საშინლად მიცემდა და თავს ცუდად ვგრძნობდი, თითქოს ვიტანჯებოდი.. არავის უთქვამს, რომ ამ დღეს მე ქრისტე უნდა დავიტირო, არც მოძღვრის შეგონებები მომისმენია ამ საკითხზე - ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა, ჩემი გონება თავისდაუნებურად გლოვობდა.
მერე მღვდელი რომელიღაცა ბერის დაწერილ სიტყვებს კითხულობდა [დღემდე არ ვიცი ვისას].. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ცრემლები ყელში მებჯინებოდა და ვერაფრით ვაჩერებდი, რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ. მე კი საშინლად არ მიყვარს სხვასთან ტირილი, მითუმეტეს ხალხში. მაგრამ იმ დროს ეს არ გამოდიოდა, უნდა მეტირა თორემ გული ვერ გაუძლებდა მეტს. მაშინ ვფიქრობდი, ადამიანი რატომ უნდა იყოს ბოროტი, როცა აქ იდგება და ამ სიტყვებს მოუსმენს-მეთქი. მაგრამ გავიდოდა დრო და პირველ რიგში მე ვხდებოდი ასეთი.
მე იერუსალიმში ვარ ახლა, ქვეცნობიერად. შეიძლება სულ არ ვფიქრობდე ამაზე, მაგრამ ყოველ წუთს ხომ ვგრძნობ - შემაწუხებელ სიცხეს და ბრბოს ხმა მესმის - ’ბარაბა, ბარაბა’-ს რომ ყვირიან.
იერუსალიმი ყვითელი ქალაქია, მზე და ქვიშა აძლევს ასეთ ფერს. ჩემს გონებაში ასეა ყოველ შემთხვევაში.. და ვინაიდან მე ამ ქალაქში ვარ, ეს კვირაც ყვითელია ჩემთვის, ძალიან ყვითელი..
http://konnchetina.blogspot.com/