პირადი ინფორმაცია საჯაროდ _ საბჭოთა მემკვიდრეობა
Posted 5:30 PM by Nina in თემები თბილისი, ნეტგაზეთი, საქართველოავტორი: მიშა მეფარიშვილი
იურისტებს მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც მოქალაქეების ტელეფონის ნომრებს ნებისმიერ მსურველს აწვდიან, ადამიანის უფლებებს არღვევენ.
საინფორმაციო ცენტრები 09 და 08 ნებისმიერ მსურველს არა მხოლოდ ამა თუ იმ ორგანიზაციის ტელეფონის ნომერს აწვდიან. ცენტრების ოპერატორები მზად არიან დაეხმარონ დაინტერესებულ პირებს, თუნდაც ამისთვის თქვენი პირადი ინფორმაციის გაცემა დასჭირდეთ. მაგალითად თქვენი სახლის ტელეფონის ნომერი.
”საინფორმაციო ცენტრ 09”-ის ისტორია 1925 წლიდან იწყება, როცა საბჭოთა მთავრობამ მიიღო დადგენილება”მოსახლეობის ადგილზე ჩაწერის შესახებ.” შეიქმნა საინფორმაციიო სატელეფონო ბაზა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა სამისამართო-საფოსტო-საცნობარო სამსახური.
1926 წელს საცნობარო სამსახურს მიენიჭა სატელეფონო კოდი ”09” და ასე ჩამოყალიბდა ”თბილისის ცნობარი 09.” თავდაპირველად თბილისის ცნობარით სარგებლობა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის შეზღუდული იყო. მისით ძირითადად სამთავრობო უწყებები სარგებლობდნენ. თანდათანობით ”ცნობარი 09” საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშულება გახდა, რომელიც გასცემდა კერძო პირებისა და ორგანიზაციების მისამართებსა და ტელეფონის ნომრებს.
2001 წელს თბილისის ცნობარს, ”საინფორმაციო ცენტრი 09” დაერქვა და სახელმწიფო ორგანიზაციიდან სააქციო საზოგადოებად იქცა. დღეს მისი ერთ-ერთი მფლობელი ს/ს ”საქართველოს ბანკია.”
2008 წლიდან ”09”-ს კონკურენტი გამოუჩნდა. ”საინფორმაციო სამსახური 08”-ც ასევე გასცემს ამა თუ იმ პირის ტელეფონის ნომრებსა და მისამართებსაც
იურისტი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, რომ ”საბჭოთა კავშირში პირადი ინფორმაციის გაცემა სხვაგვარად იყო დარეგულირებული. საბჭოთა კავშირი ამგვარ უფლებებს საერთოდ არც აღიარებდა. თვითონ ადამიანების უკითხავად ასეთ ცნობებს ადგენდა და აქვეყნებდა. არავის არ მოსდიოდა აზრად რომ წასულიყო სასამართლოში, რადგან ასეთი უფლება არ არსებობდა.”
შესაბამისად, საბჭოთა საქართველოში შექმნილი ორგანიზაციისთვის არ იყო უკანონო ფიზიკური პირების საკონტაქტო ინფორმაციის გაცემა. პირადი ინფორმაციის გაცემა დღეს კანონით აკრძალულია, მაგრამ თუ, ვინმე დაინტერესდება თქვენი სახელითა და გვარით, ან უბრალოდ იღბალს მიენდობა და ტელეფონის ნომრის ციფრებს ჩამოუთვლის საინფორმაციო ცენტრის ოპერატორებს, თქვენი თანხმობის გარეშე უცნობი პირი თქვენს პირად ინფორმაციას მიიღებს.
დღეს საქართველოში, ამგვარ ურთიერთობებს ”სამოქლაქო კოდექსი” არეგულირებს, რომლის მე-18 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ”ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება სასამართლოს მეშვეობით, კანონის დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება... ”
პირადი ინფორმაციის გაცემა, კონკრეტული პირის ნებართვის გარეშე, ლახავს ინდივიდის უფლებებს. სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, საცხოვრებლის მისამართი მიეკუთვნება პირად ინფორმაციას და მისი საიდუმლოდ დატოვების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
გაგრძელება იხილეთ აქ>>> netgazeti.ge