“უკაცრავად, რომელი საათია?”
Posted 4:00 PM by anano in თემები doin.ge, Mchxapneli, ეს საინტერესოა, სოციალური ქსელი
ავტორი – Mchxapneli

თუკი ოდესმე ადამიანის გაცნობა მოგინდებათ, მის გასაგონად ამინდის ატმოსფერულ-ტემპერატურული მდგომარეობა წუწუნნარევი ინტონაციით აღნიშნეთ – კაცობრიობის გამოცდილება
გაცნობის უამრავი ხერხი არსებობს…
-
გონებრივი/ქონებრივი რესურსის გამოძალვა – ამ დროს მთავარია, ინტერესის ობიექტს ის “ცეცხლი” აღმოაჩნდეს, რასაც საუბრის გასაჩაღებლად გამოიყენებთ. რიგ შემთხვევაში, როცა ტუჩებს შორის ჯერ კიდევ შეუბილწავი სიგარეტი გაქვთ, “ცეცხლი” შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც (”უკაცრავად, ასანთი ხომ არ გაქვთ?”) გავიგოთ. თუმცა, როგორც წესი, ასეთ დროს ან საათის ისრების განლაგებით ინტერესდებიან, ან სხვათა სიგარეტის კოლოფის ერთი ღერით შემსუბუქებით, ანდაც, რომელიმე ახლომდებარე ქუჩის მისაგნებად “მოსაუბრე კომპასები” სჭირდებათ.
-
“დილეტანტი მეტეოროლოგის” მიდგომა - არ არსებობს ამინდზე უნიკალური თემა. ეს ისეთი საკითხია რაზედაც საერთო ენის გამონახვა ნებისმიერი რასის, სქესის… (და აქ იმ კრიტერიუმების ჩამონათვალი, ასეთ დროს რომ უყვართ ხოლმე) ადამიანს შეუძლია. “ამინდზე საუბრით ვისიმე გაცნობის” პოპულარობის მიზეზია ისიც, რომ “საშინლად ცხელა”-ს ტიპის ფრაზები გამოხმაურებას მაინცდამაინც არ მოითხოვს, ამიტომ ინტერესის ობიექტის რეაქციით თავისუფლად შეიძლება დადგინდეს, მას თქვენი გაცნობა უნდა თუ არა.
საუბრის წამოსაწყებად კი ყველაზე გავრცელებული წუწუნებია: “წელს რა სიცხეები დაიჭირა, დავიწვი კაცი”, ”უფ, რა დაუშვა…”, “ოჰ, ოჰ, რა ცივა… ასეთი ყინვები დიდი ხანია არ მახსოვს”… იმ შემთხვევაში, თუ ამ ვერბალურმა შტურმმა არ იმოქმედა, არიერგარდში - “არა?!”-ს სახით დამრტყმელი ძალა ერთვება. ის პირდაპირ და წარმატებულ შეტევას ახორციელებს მოწინააღმდეგის ზრდილობაზე და არცთუ წარუმატებლად. სხვა თუ არაფერი “საშინლად ცხელა, არა?!” მინიმუმ თავის დაქნევას მაინც მოითხოვს.
-
ან, გამარჯვება, ან საფეთქელთან დატრიალებული საჩვენებელი თითი – ეს მეთოდი ყველაზე მრავალფეროვანია და საუბრის, ერთი შეხედვით სულელური ფრაზით დაწყებას გულისხმობს. ასე მაგალითად: “უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, რა ჟამია?”, ან, “შემთხვევით, რამე ხომ არ გეტკინათ?”, რაც ობიექტის სახის გაოცებისკენ მიდრეკილი მიმიკის შემდეგ “-ციდან როცა ჩამოვარდით”-ი აიხსნება…
-
გაცნობა “ქინდერ-სიურპრიზი” - აღნიშნული მეთოდის გამოყენებისას მთავარ როლებს მშობლები ინაწილებენ, ამიტომ ხშირად ნეფე-პატარძლის “ცრემლით დასველებული სურვილები” დასაკიდად და გასაშრობად ფეხების მიმართულებით არის წარგზავნილი. ამ ტიპის გაცნობის გამოყენების ძირითადი მიზეზი კი მათი შვილების ”დაქორწინებასთან დაკავშირებულ სტატუსებში” “ბერ” ნაწილაკის გამოჩენის საფრთხეა. თუმცა, ქორწილი სათაურში ნახსენებ ”ტკბილეულს” წააგავს – მხოლოდ “გახსნის” შემდეგ აღმოაჩენ იმას, თუ რამდენად გაგიმართლა.
გაცნობისწინა ფაზაში კი დომინირებს ფრაზები: “როდემდე უნდა იარო ასე მარტომ?”, “ვითომ, შემთხვევით…”, “კარი ამას გავაღებინოთ…”, “გვერდიგვერდ დავსვათ” , “ნამდვილად ერთმანეთისათვის არიან შექმნილი”და სხვა…
-
“მირკი” - მეოცე საუკუნის ეს “აღმოჩენა” “დროის მიერ მეფეთა დაჯაბვნის” გამომხატველი ანდაზის დიდებული მაგალითია.
მე კი, გადავწყვიტე რა, რომ მეხსიერებაში მუმიფიცირებული ეს ჩატი ამომეთხარა, ასოციაციაში მაშინვე მოვიდა ამავე ეპოქის დროს არსებული ბუმი სახალხო ფრაზისა: “asl plz“, რაც რეალურად “Age, Sex, Location”-ს ნიშნავდა. თუმცა, ქართველთა დიდი ნაწილისათვის ის მხოლოდ ასაკთან ასოცირდებოდა და ამის გამო, მას ხშირად მოყვებოდა მეორე ეპოქალური შეკითხვა: m or f?…
თან ეს ორი ინტერესი ისე იყო შეზრდილი ერთმანეთთან, რომ მეტადრე ატომის გახლეჩვას უფრო წარმოვიდგენდი, ვიდრე მათი.
-
განცხადებები – გაცნობის ამ ტიპს “ბედის ბედისათვის მინდობას” ვუწოდებ. განსაკუთრებით კი განცხადებების ეს კატეგორია - “ვარ მაღალი, ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური, ცისფერთვალება ბიჭი, უზრუნველყოფილი ბინითა და მანქანით…” – მაოცებს და დღემდე მაინტერესებს, თუ რატომ ეძებს გოგოებს ასეთი ფიზიკური მონაცემებისა თუ მატერიალური დოვლათის მქონე ადამიანი გაზეთში…
განცხადებებისავე დამსახურებაა იმ ხუმრობის დამკვიდრებაც, რომელსაც სხვადასხვა ფორმულირება აქვს იმის მიხედვით, თუ “რას დააჭერინებს ხელში საცნობად” ავტორს ფანტაზია (”რომ მიცნო, ხელში მეჭირება ორკბილიანი მაჩვი”).
ასევე საინტერესოა სახელები - ”მარტოსული ფერია”, “სულელი წვიმა”, “აძინოკი ვოლკი” და შესაბამისად, უფრო დიდ ინტერესს იწვევს გამოხმაურებები: “დამაინტერესა “მოქუფრულმა ღრუბლებმა”. შევხვდეთ “აქ და აქ”. “ბობოქარი ქარი”. ხოლო, ქარის მეშვეობით ღრუბლები ერთმანეთს შეეჯახებიან და შესაბამისად ჭექა-ქუხილს გამოიწვევენ თუ არა, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, დანიშნულ ადგილზე გადაშლილი გაზეთით ხელში მდგომი ქალი, ჯერ გემოვნებაში თუ ჩაჯდება და შემდეგ – მანქანაში…
-
ჩატები – გაცნობის ამ ფორმას ერთი უცნაური თვისება აქვს: თავიდან ახალმოზელილ ცემენტს ჰგავს – ფეხს თუ შედგამ და ცოტა ხნით გაჩერდები, გასაშორებლად დიდი ძალისხმევა დაგჭირდება. მოგვიანებით კი მაია ბურჭულაძის დეტექტივებს ემსგავსება - ვერ ხვდები, ადრე რატომ მოგწონდა.
მესენჯერები – აქ გაცნობამ უკვე ტრადიციული სახე მიიღო და ტრადიციულივე შეკითხვები დაამკვიდრა:
“hi, rogor xar?” - რეფლექსური ფრაზა, რომელიც საუბრის დაწყების წინ, ცარიელი “ჩატის” დანახვისთანავე ჩნდება.
“magrad. u?/ravi.shen?” - ამასთან არაფერ შუაშია, მაგრამ ვაკვირდები, რომ ხანდახან ადამიანი სულ აგონიაში რომ იყოს, მაგრამ ვინმე ნაცნობმა და უფროსმა ჰკითხოს: “როგორ ხარო”, რატომღაც მაინც “კარგად, თქვენ”-ს პასუხობს.
“ramdenis xar?” – და თუ ასაკები არ დაემთხვევა მაშინვე სჭარბობს ფრაზები: “მამად გეკუთვნი”, “კარგად, დეიდა”, “ოკ.პკ” და სხვა
“ra ubneli xar?” – და ტრადიციული გაგრძელება “მანდ გიოს იცნობ? ჩემი ძმაკაცია, გრძელი თმები აქვს”
“love gyavs?” – გადამწყვეტი შეკითხვა, რაც ძირითადად საუბრის მომავალს განსაზღვრავს, რადგან დადებითი პასუხის შემთხვევაში მოსდევს შენიშვნა: “აბა რა პონტში მელაპარაკები?…რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა სურათების მოპოვების უფრო ადვილმა გზამ, შეკითხვით: “ადნოები გაააქ?”…
- “foto gamomigzavne ra” - რომელიც მოგვიანებით შეცვალა სურათების მოპოვების უფრო იოლი გზის საძებნელად მიმართულმა შეკითხვამ: “ადნოები გაააქ?”