გურამ დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი

Posted 5:00 PM by Nina in თემები , ,

dochanashvili

რუსუდან ცანავა
თანახეტიალი
"ხდება ხანდახან ისეთი ნამდვილი ამბებიც, რომლებიც ტყუილია... ისიც შეიძლება, ტყუილი რომ მართალი იყოს"


გურამ დოჩანაშვილი. სამოსელი პირველი. "სანი", 2002

ხომ ცნობილი ჭეშმარიტებაა: არც ერთ ბრძენს არ უთქვამს ისეთი რამ, რაც ადრე არ თქმულა, არც ვინმეს გაუკეთებია რამე ისეთი, რაც ადრე არ ქმნილა. ჩვენ კი მაინც ველით და ვკითხულობთ ახალ წიგნებს. რატომ? მაინც რა შეგვაგრძნობინებს კარგ ნაწარმოებს?! გურამ დოჩანაშვილის ერთი გმირი გვეუბნება, იდაყვამდე დაგვბურძგლავსო. მაგრამ ახირებულ ადამიანს თავისი ემოციის სიტყვებში მოქცევა თუ მოუნდა, ხომ უნდა სცადოს ბედი?
"სამოსელი პირველის? სიუჟეტი თავგადასავლის მაძიებელი ჭაბუკის ტიპური ამბავია, პარალელური თხრობით, ასოციაციებით, გაუცხოებითა და ნიღბებით. ეს ყვეაფერი ცალ-ცალკე და ერთიანობაში არ ახალია. დომენიკო მონომითის გმირია, რომელსაც "ესმის ხმა", დაადგება გზას, მიდის, გადალახავს წინააღმდეგობებს, მოიპოვებს რაღაც ფასეულობას და ბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო სვლა.
დავიწყოთ თავიდან.
მთის პატრიარქალურ-პასტორალურ სოფელში დრო თითქმის გაჩერებულია. ზემო სოფლის მკვიდრნი ყოველწლიურად ერთ რიტუალს ასრულებენ, რომელსაც ავტორი რომანში რამდენჯერმე (4-ჯერ) ყვება სხვადასხვა ადგილას, რომც არ გაემეორებინა, მაინც ცხადზე ცხადია, რომ ეს არის ამბის ნამდვილი დასაწყისი და კაცმა რომ თქვას, მთელი ამბავიც ამ რიტუალშია "ჩატეული" (გადმოვცემ მცირე შემოკლებით):
"გაზაფხულობით, როცა ხეების ფერადი კვირტები პაწია ნაყოფად გადაიქცეოდა, ხალხი ერთი ღამით ტოვებდა სოფელს... აიკრავდნენ გუდანაბადს, ჩვილებს თბილად გაახვევდნენ, საქონელსაც მიერეკებოდნენ და ჯგუფ-ჯგუფად გადიოდნენ, სნეულნიც კი გაჰყავდათ... ხორციელის ჭაჭანებაც არ იყო, ერთადერთი, მამა რჩებოდა შინ... იგი გასცქეროდა სოფლელებს, რომლებიც მძიმედ ადიოდნენ აღმართში და მერე ბორცვს გაღმა უჩინარდებოდნენ. იქით, ბორცვს გადაღმა, უნდა გაეთიათ დღესასწაულის წინა ღამე. კაცებს უნდა ეფხიზლათ და ვეება კოცონებთან უხმოდ მსხდარიყვნენ... შებინდებისას მამა კვარს აანთებდა და გზაზე გამოდიოდა ხოლმე... მამა ყველაფერს ათვალიერებდა, ყველა მეზობლის სახლს შამოივლიდა... თითქოს ნივთების მდუმარებასაც კი უგდებდა ყურს.
დინჯად, მძიმედ გადიოდა დაგუდული ღამე, თითქოს ყოველივეს ეძინა, მაგრამ ღამესაც არ ჰქონდა თავისი ხმები... მერე კი, ოდნავ რომ გაიბზარებოდა სიშავე, მამა კვარს აქრობდა და დიდ ლოდზე დგებოდა... მამა მღელვარებით უყურებდა შორეულ ბორცვს, იქიდან კი უთენია ხალხი მოდიოდა!
მოდიოდნენ ფეხით, ჯერ კიდევ მოლურჯო ჰაერში აბრდღვიალებული ჩირაღდნებით, ჩვილებით ხელში, ჩარდახიანი ურმებით მოდიოდა ხალხი...
ისინი დაღმართში მოაბიჯებდნენ. ლოდზე შემდგარ მამას უკვე ესმოდა მათი ფეხის ხმა, მოდიოდნენ ჯგროდ, არეულნი, ნაჯახებითა და ნედლი რტოებით ხელში, ბღაოდა საქონელი... ისინი ხმაგაკმენდილნი ჩამოდიოდნენ ბორცვზე... უცნაური ტყე მოდიოდა მამისაკენ... ხალხი, ხალხი მოდიოდა".
დაბრუნებული ადამიანები ხელებაღმართულნი მიდიოდნენ მამასთან, რომელიც კითხულობდა: ვინმე ხომ არ დარჩაო. "წესი იყო ასეთი, ორჯერ მაინც უნდა ეკითხა ეს". მაღალსოფლელებს სჯეროდათ, რომ მათი წინაპრები "ციდან ჩამოვიდნენ, ნაწილი ჯერ კიდევ იქ დარჩაო... ცეცხლი მაღლა რომ იწევს და ცისკენ ენას ათამაშებს, ასე ჰგონიათ, თითქოს ცეცხლი მათ ესაუბრებაო... ცაში დარჩენილებს". საღამოს კოცონს აჩაღებდნენ. "როცა ცეცხლი კარგად ატკაცუნდებოდა, რიგრიგობით უახლოვდებოდნენ, ტანსაცმლიდან მომცრო ნაჭერს ჩამოიგლეჯდნენ და ცეცხლში ყრიდნენ; ეგონათ, თითქოს ტანსაცმლის ნაგლეჯს ჩვენი ამბები სხეულიდან შეჰყვება და სხეულის თიბოშეპარული ნაგლეჯის კვამლიც ხომ მაღლა ადის და ვითომ ცად დარჩენილებს ჩვენი ამბავიც კვამლად აუვათო".
ამ რიტუალს დომენიკო შემდგომში "სადღაციდან დაბრუნების" ბავშვობისდროინდელ თამაშს უწოდებს.
მაღალ სოფელში კოშკში ინახება საკრალური ნივთი, პირველნივთი – სამოსელი პირველი; კვართი, შემკული საოცარი ძვირფასი თვლებით, ოქრომკერდით მოსირმული. სოფელს განაგებს მამა; პერსონაჟი, რომელსაც არა აქვს სახელი. ის ზოგისთვის მამაა, უმეტესობისთვის – ბატონი; მიწის მუშა, სამართლიანი და მიუკერძოებელი. ორი ვაჟიშვილის პატრონი.
ორი ძმის მოტივი ისევე ძველია, როგორც მითი.

იხილეთ ვრცლად>>> arili2.blogspot.com

0 comment(s) to... “გურამ დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი”