ედგარ პოს ტრაგიკული სიყვარული
Posted 6:29 PM by anano in თემები ilmfb.wordpress.com, lika151, ამბები, ლიტერატურა, ხელოვნება
ავტორი – lika151
მწერლები და პოეტები ორიგინალური ხალხია, ზოგჯერ ტრაგიკულიც.
ედგარ ალან პო (1809–1849 წ.წ.) ამისი ნათელი დადასტურებაა. მისი ტრაგიკული აღსასრულიც მნიშვნელოვნად განაპირობა მისმა უბედურმა სიყვარულმა.
ისტორია ფრიად ბანალურად დაიწყო. ედგარ პო თავის დეიდა მარიასთან ცხოვრობდა და საკუთარი დეიდაშვილი შეუყვარდა. ედგარი მაშინ 18 წლისა იყო, ვირჯინია კლემი კი – 9–ის.
– განა სიყვარულში არსებობს ცნება, არ შეიძლება? – ამბობს პო თავის ერთ–ერთ ლექსში.
შეყვარებაც უეცრად მოხდა. ვირჯინიას ძალზე უყვარდა ედგარის მონათხრობების მოსმენა პარიზზე, ლონდონზე, ევროპის სხვა დიდ ქალაქებზე. ერთხელ გოგონამ მის მუხლებზე აძრომა მოინდომა. ედგარმა მაშინალურად შეაშველა ხელი და იგრძნო, როგორ დაუარა მთელ სხეულში დენმა. კიბორჩხალასავით გაწითლდა, შუბლზე ოფლმა დაასხა, ვერ ინძრეოდა.
– რა მოხდა, ცუდად ხარ? – შეშფოთებით შეეკითხა დეიდა.
– არაფერია, გამივლის.
ამასობაში ვირჯინიამ თბილად მოიკალათა მის მუხლებზე. პო მაშინვე წამოხტა:
– მაპატიეთ, უნდა წავიდე.
– მოხდა რამე?
– გამახსენდა, სასწრაფო საქმე მაქვს, – და ელვისსისწრაფით გავარდა გარეთ.
ყმაწვილკაცი თავს ებრძოდა. “არ შეიძლება! არ შეიძლება! – იმეორებდა თავისთვის დაუსრულებლად, – სად შენ და სად ვირჯინია! გონს მოდი! ის ხომ სულ ბავშვია!”.
იგი თვეობით იკარგებოდა. დეიდას კი ეუბნებოდა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო. ვირჯინია მისი გამგზავრებით აშკარად გულდაწყვეტილი იყო.
– რატომ მიემგზავრები, ედგარ?
– იმიტომ, რომ სასწრაფო საქმეები გამომიჩნდა.
– მე, მე არ გენატრები?
– როგორ არა.
– მალე დაბრუნდები?
– ვეცდები.
– იცოდე, ძალიან მენატრები!
ვირჯინია მოუთმენლად ელოდა მის დაბრუნებას.
ზოგიერთს ბავშვობა დიდხანს უგრძელდება, ზოგი ადრე მწიფდება. ვირჯინია ამ უკანასკნელთა რიგებს განეკუთვნებოდა. 13 წლისა უკვე დაქალებული გახლდათ და სულ სხვა თვალით უყურებდა ედგარს.
– ედი, შეყვარებული გყავს?
– ახლა არა.
– ოდესმე გყავდა?
– შენ რას ფიქრობ?
– არანორმალურობა იქნებოდა, რომ არ გყოლოდა.
– რაკი არ დავოჯახდი, მაშასადამე სიყვარულში არ გამიმართლა.
– თუ შეიძლება, შენი პირველი სიყვარულის შესახებ მიამბე.
პომ თვალები დახუჭა.
– ამის გახსენება ჩემთვის არც ისე სასიამოვნოა.
– რატომ? მან გიღალატა?
– არა. პირველი სიყვარული ლამაზი ზღაპარივითაა. ყველაფერს ლამაზ ფერებში ხედავ, ცხოვრებაც მშვენიერია, სულ გინდა, იცეკვო და იმღერო. ყველა გიყვარს, ქუჩის მაწანწალასა და მერძევის ჩათვლით. როდესაც შემიყვარდა, თხუთმეტი წლისა ვიყავი, ისიც ჩემი ტოლი იყო. მახსოვს, დიდი წითელი ვაშლი ვაჩუქე. როდესაც გავუწოდე, იმ ვაშლივით გაწითლდა, მე კი ლოყაზე ვაკოცე.
– რა კარგია, – ჩურჩულით წარმოთქვა ვირჯინიამ.
– მანაც ლოყაზე მაკოცა, – ედგარს ხმა აუკანკალდა, – უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. შემდეგ…
– რა მოხდა? დაცილდით?
– ის სხვა ქალაქში გაემგზავრა, მე კი ახალი გოგო შემიყვარდა. ასე დამთავრდა ყველაფერი.
– შენს პირველ სიყვარულს აღარ შეხვედრილხარ?
– არა.
– საოცარია.
– რას გეტყვი, იცი? სანამ ჩემ გვერდით იყო, მეგონა, უიმისოდ სიცოცხლე არ შემეძლო. როდესაც გამგზავრების წინ მისამართი დამიტოვა, დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად ჩავაკითხავდი. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში სხვა გოგო გამოჩნდა. პირველი სიყვარულიც გაფერმკრთალდა და დავიწყებას მიეცა. უცნაური ფინალია, არა?
– ნაღვლიანი ფინალია. პირველი სიყვარული მუდამ ასე მთავრდება?
– დაახლოებით. ერთი ჩემი უახლოესი მეგობარი თავის პირველ შეყვარებულზე დაქორწინდა, ერთხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ. პირველად ბიჭი ეყოლათ, შემდეგ – გოგო. ცოლ–ქმარი ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ, უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ. მათი შემხედვარე ვფიქრობდი, რაც ზღაპრებში წერია, მართალი ყოფილა–მეთქი… – პო ანაზდად დადუმდა და სახე შეუტოკდა.
– შემდეგ რაღა მოხდა?
– გავიდა მხოლოდ ხუთი წელი და იდილიაც დასრულდა. ეს მაშინ ვიგრძენი, როდესაც მათთან სტუმრად მივედი. ცოლი ჩვეულებრივ ბუზღუნა ქალად გადაქცეულიყო, რომელიც მალიმალ საყვედურობდა ქმარს, ოჯახში ფული არა გვაქვსო. ქმარი უხეშად და ტლანქად პასუხობდა. წინანდელი ამაღლებული გრძნობისგან კვალიც არ დარჩენილიყო.
– რატომ მოხდა ასე?
– აბა რა ვიცი! საერთოდ ქალი სუსტი არსებაა. მალე ბერდება, იოლად ტყდება.
– ის შენი ძმაკაცი მუშაობდა?
– რასაკვირველია. დილას რომ გადიოდა, მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდა.
– მაშ, რატომ არ ჰყოფნიდათ ფული?
– ვირჯინია, რა ბავშვივით ლაპარაკობ! სად გინახავს პატიოსანი შრომით გამდიდრებული ხალხი?!
გოგონა ჩაფიქრდა.
– და როგორ დამთავრდა ყველაფერი?
– ერთ–ერთი ჩხუბის დროს ქმარმა ცოლს ხელი ჰკრა. ქალი წაიქცა, შემდეგ კი ქმარს სასამართლოში უჩივლა, მცემსო. ისინი ერთმანეთს გაეყარნენ. ჩემმა ძმაკაცმა ახალი ცოლი შეირთო.
– ქალს რაღა დაემართა?
– ორი შვილით ხელში მარტო დარჩა. ზოგჯერ ყოფილი ქმარი აკითხავდა, თუ ჰქონდა, ცოტაოდენ ფულსაც უტოვებდა. ისე, ძალიან უჭირს.
– ნაღვლიანი ფინალია, – ჩურჩულით წარმოთქვა ვირჯინიამ.
– რაც მთავარია, ბანალური, – პომ სახეზე მოისვა ხელი, – ასეთი ამბები რამდენიც გინდა, ხდება.
– მითხარი, ედი, როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვინმე შეგვიყვარდება?
– შენ გიყვარს ვინმე?
– ჰო.
– ვინაა ის ბედნიერი?
– შენ.
პო წამოდგა, გული ძალუმად უცემდა.
– გაგიჟდი?!
– შეიძლება.
პომ სწრაფად დაიწყო ბარგის ჩალაგება.
– მიდიხარ?
– ჰო.
– დიდი ხნით?
– ძალიან.
ვირჯინია უსიტყვოდ მიაჩერდა მას.
– ედი, თუ ახლა წახვალ, თავს მოვიკლავ!
უღონოდ დაეშვა სკამზე. რა ქნას, როგორ მოიქცეს? ამდენი წელი თავს ებრძოდა. ახლა? გოგონა, რომელიც უყვარდა, თავად გამოუტყდა სიყვარულში.
– ვირჯინია, ასე არ შეიძლება. შენ ცამეტისა ხარ, მე კი ოცდაორის.
– მერე რა?
– როგორ თუ რა?! შენ ხომ ბავშვი ხარ!
– პირდაპირ მითხარი, რომ არ გიყვარვარ.
– საქმეც ისაა, რომ მიყვარხარ, მაგრამ შენი გაუბედურება არ მინდა! – აღმოხდა პოს.
ვირჯინიამ კისერზე მოხვია ხელი.
– უბედური მხოლოდ მაშინ ვიქნები, თუკი ერთმანეთს დავშორდებით, – გოგონა წამით გაჩუმდა, – წავიდეთ დეიდასთან და ყველაფერი ვუთხრათ. წამო, ედი, წამო!
›š
და ვირჯინია დაქორწინდნენ, მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მათ ცოლქმრულ ცხოვრებაში ყველაფერი იყო: სიყვარულიც, ურთიერთგაგებაც და ჩხუბიც, თუმცა მალევე რიგდებოდნენ.
ედგარ პოზე ჭორები დადიოდა. ამტკიცებდნენ, რომ მას საყვარლები ჰყავდა. ხმებმა ვირჯინიამდეც მიაღწია და ქალმა ქმარს სცენა მოუწყო.
– გეფიცები, შენს მეტი არავინ მიყვარს! – არწმუნებდა პო.
– მაშ, ის ქალი ვიღაა?! – და ვირჯინია უსახელებდა საყვარლის სახელსა და გვარს. პო ამაოდ არწმუნებდა, რომ ეს სიცრუე იყო.
– შეიძლება მამაკაცმა ვიღაც ქალთან მართლაც გაიაროს, მაგრამ ამაში არაფერია ცუდი.
– ოჰ, შე შერეკილო! შე გიჟპოეტა, შენა! – ცხარედ ამბობდა ვირჯინია.
კვირები არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ იყო შერიგება, მაგრამ გადიოდა დრო და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
ამქვეყნად ყველაფერს აქვს დასასრული. ვირჯინიასა და პოს ერთად ცხოვრება კი ძალიან მალე დასრულდა.
– ექიმმა მითხრა, ჭლექი გაქვსო.
– რაო?
ედგარი თავზარდაცემული იყო. ჭლექი იმხანად არ იკურნებოდა.
– შენ მორჩები! – შესძახა მან, – ჩემი სიყვარული მოგარჩენს!
ის მართლაც ცოლის სასთუმალთან აღამებდა და ათენებდა. ცოლ–ქმარი დიდხანს, გულახდილად საუბრობდნენ, თითქოს გრძნობდნენ, რომ მალე სამუდამოდ უნდა დაშორებულიყვნენ.
– მითხარი, ედი, პირველად როდის შეგიყვარდი?
– გახსოვს, ჩემს მუხლებზე რომ მოძვრებოდი? მაშინ სულ ცხრა წლისა იყავი.
– ტყუი! მაშ, რატომღა მიემგზავრებოდი სადღაც.
– ჩემს თავს ვებრძოდი, სად მე და სად შენ, ცხრა წლის გოგონა.
– შენ მუდამ ჩემზე ფიქრობდი?
– ჩემთვის მთავარი ყოველთვის შენი ბედნიერება იყო.
– როდესაც დავქორწინდით, მაშინაც?
– მაშინაც.
– გულახდილად მითხარი, საყვარლები გყავდა?
– დავუშვათ, მაგრამ ეს მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო, სიყვარული კი სულ სხვა რამაა. სიყვარულის გამო შეიძლება სიცოცხლეც გაწირო და ცოდვაც ჩაიდინო. ამქვეყნად მხოლოდ ერთი ქალი არსებობს, ვის გამოც ამას გავაკეთებდი და ეს შენა ხარ.
ვირჯინიას სახე ბედნიერმა ღიმილმა გაუნათა.
ეპილოგი
პოს ყველა მცდელობა, გადაერჩინა ცოლი, ამაო გამოდგა. ვირჯინია გარდაიცვალა.
– მორჩა! ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა! ყველაფერი!
ძლიერი მამაკაცი ყველაფერს უდრტვინველად გადაიტანს. სამწუხაროდ, პო ასეთთა რიცხვს არ განეკუთვნებოდა. ცოლის სიკვდილის შემდეგ ის უზომოდ მიეძალა ალკოჰოლს და თეთრი ცხელების შეტევით გარდაიცვალა.
ნიკა თევზაძე