ჯონ მაქსველ კუტზეე - მძინარე მზეთუნახავი
Posted 7:00 PM by Nina in თემები არილი, ლიტერატურა, რეცენზიაავტორი: არილი
ელზა ახვლედიანის თარგმანი
ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
1.
გაბრიელ გარსია მარკესის რომანი “სიყვარული ქოლერის ჟამს” მთავრდება იმით, რომ ფლორენტინო არისა საბოლოოდ იმ ქალთან რჩება, ვინც მთელი სიცოცხლე უყვარდა და მასთან ერთად აღმა-დაღმა დაცურავს მდინარე მაგდალენაზე ორთქმავლით, რომელზეც ქოლერის ყვითელი დროშა დაფრიალებს. ამ წყვილში ერთი სამოცდათექვსმეტი წლისაა, მეორე კი – სამოცდათორმეტის.
იმისთვის, რომ მთელი ყურადღება საყვარელ ფერმინას დაუთმოს, ფლორენტინო ინტიმურ ურთიერთობას წყვეტს თოთხმეტი წლის შვილობილთან, რომელიც თავადვე აზიარა სექსის საიდუმლოებებს ერთ კვირადღეს იმ ბინაში, სადაც მარტოდმარტო ცხოვრობს (გოგო ყველაფერს საოცარი სისწრაფით ითვისებს). კაცი სწორედ მაშინ დაუწყებს განშორებაზე საუბარს, როცა ის უგემრიელეს ნაყინს მიირთმევს ამერიკულ სანაყინეში. გაოგნებული და თავზარდაცემული გოგონა თავს იკლავს და საიდუმლო საფლავში მიაქვს. ფლორენტინოს თვალს ფარული ცრემლი მოსწყდება, დროდადრო ამ დანაკარგის გამო მისი გული მწვავე ტკივილის მარწუხებსაც გრძნობს, მაგრამ მეტი არაფერი ხდება.
ამერიკა ვიკუნია (América Vicuña) – ბავშვი, რომელიც ბერიკაცმა შეაცდინა და მიატოვა, მთლიანად დოსტოევსკის პერსონაჟს გვაგონებს. ამ საკმაოდ ამაღელვებელ ნაწარმოებში (“სიყვარული ქოლერის ჟამს”), რომელიც, მართალია, შემოდგომის ფერებში გაზავებულ, მაგრამ მაინც კომედიას წარმოადგენს, მისი ადგილი უბრალოდ არ არის. გარსია მარკესი ამერიკას მეორეხარისხოვანი პერსონაჟივით ექცევა: თითქოს მხოლოდ ფლორენტინოს მორიგი საყვარელი იყოს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა მოჰყვება გოგონას მიმართ ჩადენილ დანაშაულს თავად ბერიკაცისთვის. ამით ავტორი მორალური აზრით ერთგვარად საშიშ და დანაღმულ ტერიტორიაზე იჭრება. რასაკვირველია, აქ იმის ნიშნებიც იკითხება, რომ მან არ იცის, რა მოუხერხოს ამ გოგოს ამბავს. მწერლის ენა, როგორც ყოველთვის, ახლაც უშრეტი ენერგიით მჩქეფარე, მოქნილი და სრულიად განუმეორებელია, თუმცა ფლორენტინოსა და ამერიკას კვირადღის სცენებში ვლადიმირ ნაბოკოვის “ლოლიტას” შორეული გამოძახილი მაინც გვესმის. ბერიკაცი გოგოს თამაშ-თამაშით ხდის, თითო ჯერზე თითო რამეს ითხოვს: “აბა, ჯერ ეს პაწია ბაჩიები გაიხადე დათუჩასთვის, ახლა ეს ყვავილებიანი საცვალი - ყურცქვიტასთვის და პაწუკა კოცნაც გაიმეტე მამიკოს უსაყვარლესი ჩიტუნიასთვის”.
ფლორენტინო ერთი მოპოეტო ძველი ბერბიჭაა, რომელსაც პირისპირ საუბარს სასიყვარულო წერილების წერა ურჩევნია. გარდა ამისა, თავგადაკლული მელომანი, თავისებურად ძუნწი და ხელმომჭირნე, ქალებთან საშინლად გაუბედავი ვინმეა. თუმცა, მიუხედავად სიმორცხვისა და არცთუ სასიამოვნო გარეგნობისა, ნახევარი საუკუნის მანძილზე მან 622 ქალის გული მოინადირა ყველასგან ფარულად.
ამ მხრივ ფლორენტინო გარსია მარკესის ახალი მოთხრობის უსახელო მთხრობელს მოგვაგონებს. ლიტერატურული წინამორბედივით ეს კაციც წვრილად აღნუსხავს მის მკლავებში მოხვედრილ ქალთა სახელებს, რაც თითქოს იმ წიგნში უნდა გამოიყენოს, რომლის დაწერასაც აპირებს. სინამდვილეში კი, მხოლოდ სათაური აქვს მოფიქრებული: “Memoria de mis putas tristes” – “ჩემი სევდიანი მეძავების გახსენება” (თუ სახსოვარი), რომელიც ედით გროსმანმა “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებად” თარგმნა. მისი სია 514-მდე ადის, სანამ თვლას შეწყვეტდეს. მერე კი ასაკში შესულს ნამდვილი სიყვარული ეწვევა, არა შუახანს გადაცილებული ქალის, არამედ თოთხმეტი წლის გოგოს სახით.
ოცი წლის ინტერვალით გამოცემულ ამ ორ წიგნს შორის იმდენად თვალშისაცემი პარალელებია, რომ შეუძლებელია მათ გვერდი ავუაროთ. ისინი სწორედ ამაზე მიგვანიშნებენ: “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაში” გარსია მარკესმა ახლებურად გადაამუშავა როგორც მხატვრული, ასევე მორალური თვალსაზრისით გაუმართავი ისტორია - ფლორენტინოსა და ამერიკას ამბავი რომანიდან “სიყვარული ქოლერის ჟამს”.
“ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების” მთავარი გმირი და ავტორად ნაგულისხმევი მთხრობელი კოლუმბიის საპორტო ქალაქ ბარანკილაში დაიბადა, დაახლოებით 1870 წელს. მისი მშობლები განათლებული ბურჟუაზიის წარმომადგენლები იყვნენ. თითქმის მთელი საუკუნე გავიდა და ის ისევ ნახევრად დანგრეულ მშობლიურ სახლში ცხოვრობს. აქამდე პურის ფულს ჟურნალისტობითა და ესპანურისა თუ ლათინურის კერძო გაკვეთილებით შოულობდა, ახლა კი თავი პენსიითა და იმ ყოველკვირეული სვეტების წყალობით გააქვს, რომლებსაც ერთ-ერთი გაზეთისთვის წერს.
ჩანაწერი, რომელსაც ჩვენ გვიტოვებს, მისი მშფოთვარე ცხოვრების ოთხმოცდათერთმეტ წელს მოიცავს და მემუარის სპეციფიკურ ნაირსახეობას – აღსარებას განეკუთვნება. როგორც წმინდა ავგუსტინეს “აღსარებანი” მოწმობს, ამ ტიპის ნაწარმოებში ხელაღებით გაფლანგული ცხოვრების ამბავს მოგვითხრობენ, რომელიც სულიერი კრიზისის გამწვავებითა და აღმსარებლის მოქცევით სრულდება, რასაც მისი ხელახალი დაბადება მოჰყვება ახალ და უფრო შინაარსიან ცხოვრებაში. ქრისტიანულ ტრადიციაში აღსარებას მკვეთრად დიდაქტიკური მიზანი აქვს. აი, ჩემი მაგალითი, - გეუბნება ის – ნახე, სულიწმინდის იდუმალი ძალით ჩემნაირი არარაობის გადარჩენაც კი შესაძლებელია.
ჩვენი გმირის ცხოვრების ოთხმოცდაათი წელი, რა თქმა უნდა, ფუჭად გაფლანგულია. მან არა მხოლოდ მემკვიდრეობა და მრავალმხრივი ნიჭი დაანიავა, არამედ რომანტიკული ხანაც საოცრად უფერულად გალია. არასდროს დაქორწინებულა (ოდესღაც კი იყო დანიშნული, მაგრამ ბოლო წუთს საცოლე მიატოვა). არ წოლილა ქალთან, რომლისთვისაც არ გადაუხდია: თუ ვინმეს ფულის გამორთმევა არ სურდა, ძალას ატანდა და ამ გზით მას თავის მორიგ მეძავად აქცევდა. ერთადერთი ხანგრძლივი ურთიერთობა საკუთარ მოსამსახურესთან აქვს, ვისაც ტრადიციულად თვეში ერთხელ ხმარობს იმ დროს, როცა ქალი სარეცხს რეცხავს, თან ყოველთვის en sentido contrario (ამ ევფემიზმის გროსმანისეული თარგმანია “უკნიდან”). ჰოდა, შინაბერას საშუალებას აძლევს, თქვას, თითქოს ისევ “virgo intaqta”, ანუ ყოვლად უმანკო იყოს.
ოთხმოცდამეათე დაბადების დღეზე ის საკუთარ თავს დიდ სიამოვნებას დაპირდება: სექსს ნორჩ ქალწულთან. ბორდელის დიასახლისი, სახელად როსა, ვისაც დიდი ხანია იცნობს, იმ ოთახისკენ გაუძღვება, სადაც მისთვის გამზადებული, შიშველი და ძილის წამლით გათიშული თოთხმეტი წლის გოგო წევს:
“შავგვრემანი იყო, თბილი. ეტყობა, დაბანეს, გაალამაზეს თხემიდან ნაზი ღინღლით დაფარულ ბოქვენამდე. თმა დაუხვევიათ, ხელ-ფეხზე ფრჩხილები შეუფერადებიათ, მაგრამ მოთაფლისფრო კანი ქარდაკრული, აქერცლილი და მოუვლელი ჰქონდა. ძუძუები საცაა დაეტყობოდა, ახლა კი ჯერჯერობით ბიჭისას მიუგავდა, თუმცა იგრძნობოდა მზადყოფნა – ამოეხეთქა დაფარული ენერგია. ფეხები მართლაც საუკეთესო ჰქონდა. ალბათ მსუბუქად დადის. გრძელი და მგრძნობიარე თითები აქვს ხელებზეც. ჩართული ვენტილატორის ქვეშაც კი ოფლის წვეთები უბრწყინავდა სხეულზე. შეღამებულზე აუტანელი სიცხე ჩამოდგა. ბრინჯის პუდრის სქელი ფენის ქვეშ ძნელი იყო მისი სახის გარჩევა. გვარიანად შეეთითხნათ. ორი შევარდისფერებული ლაქა, დაწებებული წამწამები, გამუქებული წარბები, შოკოლადისფრად გათხიპნილი ტუჩები – მძიმე სანახავი იყო, მაგრამ კოსმეტიკის სქელი ფენის ქვეშ მაინც ჩანდა ამაყად გამოკვეთილი ცხვირი და ლამაზი ტუჩ-პირი. “ნაზი, ყოჩაღი ბოჩოლა” – გავიფიქრე მე”.*
გოგოს დანახვისას ამ ძველი მექალთანის პირველი რეაქცია სრულიად მოულოდნელია: შიში, პანიკა, გაქცევის დაუძლეველი სურვილი. მიუხედავად ამისა, მაინც გვერდით მიუწვება და გაუბედავად აფათურებს ხელს გოგოს ფეხებს შორის. ის ძილში იშმუშნება. ვნებადაშრეტილი კაცი სიმღერას წამოიწყებს: “დელგადინას საწოლთან ანგელოზები ჩამომსხდარან”. მალევე აღმოაჩენს, რომ თურმე მისთვისაც ლოცულობს. შემდეგ ჩაეძინება. დილის ხუთ საათზე გამოღვიძებულს გოგო გარდიგარდმო დაწოლილი და ხელებგაშლილი დახვდება, “თავისი სიქალწულის სრულუფლებიანი დიასახლისი”. “უფალი გფარავდეს”, გაიფიქრებს კაცი და მიდის.
ცოტა ხანში ბორდელის დიასახლისი ურეკავს, რათა სიმხდალის გამო დასცინოს და კიდევ ერთი შანსი მისცეს მამაკაცური სრულფასოვნების დასამტკიცებლად. ის კვლავ უარზეა. “აღარაფრად ვვარგივარ”, - ამბობს და მაშინვე შვებას გრძნობს, - “როგორც იქნა, გავთავისუფლდი მონობისგან”, – პირდაპირი მნიშვნელობით, სექსისადმი მონობისგან – “რომლის უღელშიც ცამეტი წლის ასაკიდან ვიტანჯებოდი”.
თუმცა როსა მას მანამდე არ მოეშვება, სანამ არ დაითანხმებს და ეს უკანასკნელიც ისევ ესტუმრება ბორდელს. გოგოს ახლაც სძინავს, ბერიკაცი კი მხოლოდ ოფლს უმშრალებს და მღერის: “დელგადინა, დელგადინა, ყველაზე მეტად მეყვარები”. (მისი სიმღერა ერთგვარ ბუნდოვან ქვეტექსტს შეიცავს: ზღაპარში დელგადინა პრინცესაა, რომელიც მამასთან ინტიმურ სიახლოვეს გაურბის).
კაცი ძლიერი ქარიშხლის დროს ბრუნდება შინ. ახლადმოყვანილი კატა თითქოს სატანურ არსებად ქცეულა. წვიმა სახურავის ხვრელებიდან ასხამს, გათბობის მილი სკდება, ქარი ფანჯრის მინებს აწყდება. როცა საყვარელი წიგნების გადასარჩენად იბრძვის, გრძნობს, რომ დელგადინას აჩრდილი გვერდით უდგას და ეხმარება. ახლა ის დარწმუნებულია, რომ ნამდვილი სიყვარული იპოვა: “ჩემს ცხოვრებაში შემოჭრილი პირველი სიყვარული, რომელიც ოთხმოცდაათი წლისას მესტუმრა”.
მასში ზნეობრივი რევოლუცია ხდება: ვეღარ იტანს განვლილი ცხოვრებისთვის დამახასიათებელ უსუფთაობას, სიძუნწეს, ახირებულობას და უარს ამბობს მათზე. როგორც გვეუბნება, “სხვა კაცად” იქცა. ის ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ სამყაროს სიყვარული ამოძრავებს – არა იმდენად ქორწინებით დაგვირგვინებული, რამდენადაც ცალმხრივი ტრფიალის მრავალფეროვანი გამოვლინებები. მისი საგაზეთო სვეტი სიყვარულის ძალისადმი მიძღვნილი დითირამბებით ივსება და ერთგული მკითხველებიც ერთობ ეპირფერებიან.
დღისით – თუმცა ამის მოწმენი ვერ ვხდებით – დელგადინა, თითქოს ნამდვილი ზღაპრის გმირი იყოს, ფაბრიკაში მუშაობს და ღილებს აკერებს, ღამით კი - რათა საყვარელს უმანკოდ მოუწვეს გვერდით - ბორდელში თავის ოთახს უბრუნდება, რომელსაც მისი სატრფო ნახატებითა და წიგნებით რთავს (მოხუცი მიზნად დაისახავს, გოგოს გონებრივი შესაძლებლობები განუვითაროს). მოთხრობებს ხმამაღლა უკითხავს, ის კი დროდადრო გაურკვეველ სიტყვებს წამოროშავს ხოლმე ძილში. კაცს სულაც არ მოსწონს მისი ხმა, რომელიც ისე ესმის, თითქოს ნაცნობი სხეულიდან უცნობი ელაპარაკებოდეს. ბევრად ურჩევნია, რომ იგი სრულიად გათიშული იწვეს.
გოგოს დაბადების დღეს მათ ინტიმური ურთიერთობა აქვთ, თუმცა სქესობრივი აქტის გარეშე:
“კოცნით დავუფარე მთელი სხეული, ხერხემალი, მალები, მილეული თეძოები, ხალიანი გვერდი და მკერდი, სადაც უძილო გული უძგერდა. მე ვკოცნიდი, მის სხეულს კი თანდათან ემატებოდა სიმხურვალე და ველური სურნელი. მისი კანის ყოველი გოჯი ნაზი თრთოლვით მპასუხობდა და ყოველ ჩემს კოცნას აგებებდა სხვაგვარ სითბოს, განსაკუთრებულ გემოსა და ახალ კვნესას, ძუძუს კერტები ეფურჩქნებოდა ჩემი თითების მოლოდინში, თითებისა, რომლებიც არ შეხებიან მას”.
მერე ცუდი ამბავი ხდება. ბორდელის ერთ-ერთ კლიენტს ყელგამოჭრილს იპოვიან. იქაურობას პოლიცია გადაჩხრეკს, ჰაერში მოსალოდნელი სკანდალის სუნი დატრიალდება და დელგადინა იძულებულია, სასწრაფოდ აორთქლდეს. შეყვარებული მთელ ქალაქს გადააბრუნებს, მაგრამ მას ვერსად მიაგნებს. ბოლოს, როცა ბორდელში დაბრუნდება, აღმოჩნდება, რომ გოგოს თითქოს ასაკი მომატებია და უმანკო იერიც დაუკარგავს. ეჭვიანობისგან კაცს თვალთ დაუბნელდება, რისხვა ერთიანად დარევს ხელს.
გადის თვეები და მისი მრისხანება თანდათან ნელდება. ძველი საყვარელი ბრძნულ რჩევას აძლევს: “ისე ნუ მოკვდები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ განიცადო, რა საოცრებაა: დაწვე იმასთან, ვინც გიყვარს”. მოხუცის ოთხმოცდამეთერთმეტე დაბადების დღე უხმაუროდ ჩაივლის. როსას შეურიგდება. შეთანხმდებიან, რომ მთელს ქონებას ორივენი ამ გოგოს დაუტოვებენ, ვინც, ბორდელის დიასახლისის თქმით, ამასობაში თავით გადაშვებულა სიყვარულის მორევში. გულმხიარული ბერიკაცი გალაღებულ მეტრფესავით ელის “ჭეშმარიტი ცხოვრების ჟამს”.
ამ ახლადშობილი სულის აღსარებები, როგორც ამბობს, სინდისის ქენჯნის შესამსუბუქებლად შეითხზა, თუმცა ისინი ხორციელი სურვილების დათრგუნვისკენ ნამდვილად არ მოგვიწოდებენ. ღმერთი, რომელსაც მოხუცი მთელი ცხოვრების მანძილზე უარყოფდა, რა თქმა უნდა, სწორედ ის არის, ვისი წყალობითაც ავაზაკნი გადარჩებიან, თუმცა ამავე დროს იგი სიყვარულის ღმერთიცაა, ცოდვილ ბერიკაცს “გადარეული სიყვარულის” (Amor loco, რაც სიტყვასიტყვით “გიჟურ სიყვარულს” ნიშნავს) საძებნელად რომ აგზავნის ქალწულთან – “იმ დღეს ისეთი მძაფრი სურვილი დამეუფლა, თითქოს ეს უფლის ნება იყო” – მერე კი შიშსა და ძრწოლას შთაბერავს, როცა იგი პირველად მიაპყრობს თვალებს თავის ნადავლს. უფლის ხელით ბერიკაცი წამში გადაიქცევა გარყვნილი მექალთანიდან უმანკო მეტრფედ, რომელიც გოგონას მთვლემარე სხეულს სწორედ ისე ეთაყვანება, როგორც უბრალო მორწმუნე – წმინდანის ხატსა თუ ქანდაკებას: მზრუნველობით, ყვავილების მიტანით, შესაწირის გაღებით, ლოცვით და გალობით.
ყოველთვის არის რაღაც აუხსნელი მოქცევის გამოცდილებაში: როგორც წესი, ცოდვილი ისე ბრმავდება ვნებით, სიხარბით ან სიამაყით, რომ შინაგან ლოგიკას, რომელსაც ცხოვრების ყველაზე კრიზისულ მომენტამდე მიჰყავს, ის მხოლოდ რეტროსპექტივაში ხედავს, ანუ მაშინ, როცა თვალი აეხილება. ასე რომ, ერთგვარი ორგანული შეუთავსებლობაა მოქცევის ნარატივსა და თანამედროვე რომანს შორის, რომლის საბოლოო სახეც მეთვრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა და რომელშიც პერსონაჟს გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა, ვიდრე სულს. მისი მიზანი ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი ნახტომებისა და ზებუნებრივი ჩარევების გარეშე იმის ჩვენებაა, თუ რა გზას გაივლის დასაწყისიდან დასასრულამდე ის, ვისაც ადრე გმირი ერქვა, მაგრამ ახლა სრულიად მართებულად, მთავარ პერსონაჟს უწოდებენ ხოლმე.
მიუხედავად იმისა, რომ “მაგიური რეალისტის” იარლიყი მიაკერეს, გარსია მარკესი მაინც ფსიქოლოგიური რეალიზმის ტრადიციაში აგრძელებს ნაყოფიერ მუშაობას, რამდენადაც უშვებს, რომ ინდივიდუალური ფსიქეს ნაღვაწს თავისი ლოგიკა აქვს, რომლისთვის თვალის მიდევნებაც სავსებით შესაძლებელია. მან თვითონვე შენიშნა, რომ ე.წ. “მაგიური რეალიზმი” მხოლოდ თხრობის მანერაა, რომლითაც დაუჯერებელ ამბებს წარბშეუხრელად ჰყვება – ერთგვარი ხრიკი, კარტახენელი ბებიისგან რომ ისწავლა. მეტიც, ის, რაც უცხოელებს ძნელად სარწმუნო ეჩვენებათ მის ამბებში, ხშირად ჩვეულებრივი ლათინოამერიკული რეალობაა. მიუხედავად იმისა, დავიჯერებთ თუ არა მწერლის გულწრფელობას, ფაქტია, რომ ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა (უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ელიზია: «ან..., ან...», რომელიც “ფანტაზიისა” და “რეალობის” მიღმაა), რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია 1967 წელს, როცა “მარტოობის ასი წელი” გამოვიდა, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა რომანში ლათინური ამერიკის ფარგლებს გარეთაც.
კატა “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენებაში“ მხოლოდ კატაა თუ ჯოჯოხეთის მოციქული? დელგადინა მართლაც მიდის საყვარლის დასახმარებლად ქარიშხლიან ღამეს თუ სიყვარულის ჯადოთი მონუსხული კაცი მის სტუმრობას უბრალოდ წარმოიდგენს? ეს მძინარე მზეთუნახავი მხოლოდ მუშათა კლასის ერთი უბრალო გოგოა, რომელიც რამდენიმე ზედმეტ პესოს გამოიმუშავებს თუ იმ მიღმიური სამყაროს ქმნილებაა, სადაც პრინცესები მთელი დღე ცეკვავენ, ზღაპრული არსებები ზებუნებრივ საქმეებს აღასრულებენ და მოჯადოებული ქალიშვილები საუკუნო ძილით იძინებენ? ასეთ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების ძიება მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ მთხრობელის ხელოვნება სწორად არ გვესმის. რომან იაკობსონი ხშირად გვახსენებდა ხოლმე იმ ფორმულას, რომელსაც მაიორკაზე ადგილობრივი მეზღაპრეები იყენებენ, როცა ამბის მოყოლას იწყებენ: “იყო და არც იყო ასე”.
სეკულარული ორიენტაციის მქონე თანამედროვე მკითხველებისთვის საკმაოდ ძნელია ხელშესახები ფსიქოლოგიური საფუძვლის გარეშე იმის დაჯერება, რომ უბრალო შიშველი გოგოს ხილვამ შეიძლება სულიერი გადატრიალება გამოიწვიოს გარყვნილ ბერიკაცში. მოქცევისათვის მოხუცის მზაობა ფსიქოლოგიურად უფრო დამაჯერებელი გახდება, თუ დავუშვებთ, რომ ეს კაცი მემუარების დასაწყისამდეც არსებობდა გარსია მარკესის ადრეულ ნაწარმოებებში და განსაკუთრებით რომანში “სიყვარული ქოლერის ჟამს”.
მაქსიმალურად ობიექტურად თუ განვსჯით, “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება” შედევრი ნამდვილად არ არის. არც მისი სიმსუბუქე იქნებოდა ძნელად მისაღწევი – ის ხომ უბრალოდ ტექსტის სიმოკლისა და შეკუმშულობის შედეგია. მაგალითად, “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” (1981) მიუხედავად იმისა, რომ თითქმის იმავე სიგრძისაა, მნიშვნელოვნად ამდიდრებს გარსია მარკესის კონცეფციას: კარგად შეკრული, მიმზიდველი ნარატივი და ამავე დროს თავბრუდამხვევი მასტერ-კლასი: რამდენი ისტორია, რამდენი სიმართლე შეიძლება გამოიგონოს ავტორმა ერთი და იმავე მოვლენის აღსაწერად.
“გახსენების” ამოცანაც მეტად გაბედულია: მოხუცი კაცის პირით ისაუბრო არასრულწლოვანი გოგონასადმი გაჩენილ ვნებაზე, ანუ ისაუბრო პედოფილიაზე, ან ის მაინც აჩვენო, რომ შეყვარებულებისთვის პედოფილია ჩიხი ვერ იქნება. გარსია მარკესის კონცეპტუალური სტრატეგია იმ კედლის დანგრევისკენ არის მიმართული, რომელიც ეროტიკულ ვნებასა და თაყვანისცემის ვნებას შორის აღმართულა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ქალწულობის კულტში, რომელიც ასეთი ძლიერია სამხრეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, მყარი არქაული ქვედა შრით, პირველ შემთხვევაში, პრე-ქრისტიანულით, მეორეში კი – პრე-კოლუმბურით (საყვარლის აღწერით, დელგადინას არქაული ქალწული ქალღმერთის მრისხანება მოსდგამს: “ამაყად გამოკვეთილი ცხვირი და ლამაზი ტუჩ-პირი. ნაზი, ყოჩაღი ბოჩოლა”).
როგორც კი უწყვეტი კავშირის შესაძლებლობას დავუშვებთ სექსუალურ სურვილსა და თაყვანისცემის ვნებას შორის, ფლორენტინო არისას “ცუდი” ლტოლვა საკუთარი შვილობილისადმი არსის შეუცვლელად შეიძლება გადაიქცეს დელგადინას საყვარლის “კარგ” ლტოლვად, რომელიც ახალი ცხოვრების ჩანასახზე მიგვანიშნებს. “ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენება” კი უფრო ღრმა ნაწარმოებად გამოჩნდება, თუ მას ერთგვარ გაგრძელებად აღვიქვამთ რომანისა “სიყვარული ქოლერის ჟამს” და თან ისეთად, სადაც უმანკო ბავშვის ნდობის გამტეხი მისი ერთგული თაყვანისმცემელი ხდება.
გაგრძელება იხილეთ აქ>>> arili2.blogspot.com