რუსები მოდიან!.. თუ არა?

Posted 3:00 PM by Nina in თემები , , , , ,

putin_vs_saakashvili_196235

ავტორი: მორიც გატმანი

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ სახლები მიატოვა,  მობილური სატელეფონო კავშირი გაწყდა: ხელისუფლებასთან დაახლოებულმა არხმა საქართველოზე რუსეთის თავდასხმის ინსცენირება მოახდინა და მოსახლეობაში რეალური პანიკა დათესა. რუსეთი გაღიზიანებულია: პრეზიდენტ სააკაშვილს „თავი აუდუღდა“

ცაში რუსული ბომბდამშენები, დაბომბილი სასაზღვრო პუნქტები, მტვრიან გზაზე ჯავშანტექნიკის კოლონა  – ვინც შაბათს საღამოს 8 საათზე ტელეკომპანია „იმედი“-ს არხზე გადართო, ცოცხლად და CNN–ის სტილში მომზადებულ რეპორტაჟს იხილავდა იმის თაობაზე, რომ რუსეთის არმიამ პატარა კავკასიური რესპუბლიკა დაიპყრო. დიქტორი სერიოზული გამომეტყველებით აცხადებს: სამხრეთ-ოსეთში აფეთქების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ომი გამოუცხადა და ტანკები დედაქალაქისკენ დაძრა, მთავრობა ევაკუირებულია.

შემდეგ ჩნდება რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი.  ის წიგნის თაროების ფონზე ზის და მის ხმას ქართული  თარგმანი ფარავს – „სააკაშვილი ტერორისტია და ჩვენ საქართველო მისგან უნდა გავათავისუფლოთ“. პრეზიდენტი ობამაც კი აკეთებს განცხადებას: თეთრი სახლის კიბეებთან, ტრიბუნასთან დგას და გმობს რუსულ ინტერვენციას. რამდენიმე წუთში ჩნდება საგანგებო ინფორმაცია: პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია, ოპოზიციამ რუსების თანხმობით „სახალხო მთავრობა“ ჩამოაყალიბა. ამ ყველაფერს ფონად გასდევს ღამის აფეთქების კადრები და ტიტრი – „რუსული სამხედრო ავიაცია სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს“.

რუსების ინტერვენცია მოულოდნელად 20:30 საათზე დასრულდა: წამყვანმა გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი „მოვლენების შესაძლო განვითარების იმიტაცია“ იყო, იმ მოვლენებისა რომლებიც რეალურად განვითარდება, თუკი „ქართული საზოგადოება რუსულ გეგმას კონსოლიდირებული არ შეხვდება“. ამის შემდეგ რუსეთის საფრთხეზე სტუდიაში დისკუსია დაიწყო. იმიტაციის თაობაზე, დიქტორმა მაყურებელი გადაცემის დაწყებამდე გააფრთხილა, თუმცა მაყურებლის უმრავლესობამ, როგორც სჩანს ეს მომენტი გამოტოვა.

„ყველას იმის გაგება სურდა, რუსები მართლა შემოჭრნენ თუ არა!“

„ჩვენ ჟურნალისტები რა თქმა უნდა მივხვდით, რომ ეს მხოლოდ ბოროტი ხუმრობა შეიძლებოდა ყოფილიყო“ – განუცხადა SPIEGEL ONLINE–ს სააგენტო „საქართველოს ამბები“-ს მთავარმა რედაქტორმა ელენე იმედაშვილმა, თუმცა მოქალაქეებს პანიკური რეაქცია ჰქონდათ: მედია-საშუალებების ცნობით, საზღვრისპირა ქალაქ გორის მცხოვრებლები სახლებს სტოვებდნენ, საზღვრისპირა სოფლებიდან ქალები და ბავშვები გაიყვანეს და ბენზინგასამართ სადგურებთან ავტომობილების რიგები გაჩნდა. „მობილური სატელეფონო ქსელი გაითიშა“ – ჰყვება იმედაშვილი. მის სააგენტოში უამრავი ადამიანი რეკავდა: „ყველას აინტერესებდა, მართლა შემოიჭრნენ თუ არა რუსები!“ თბილისში ხმები გავრცელდა და იმასაც კი ამბობდნენ, რომ ქალაქში იარაღის დარიგება დაიწყო. დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ერთ–ერთი ჯარისკაცის დედა, რომელმაც გადაცემა ნახა გულის შეტევით გარდაიცვალა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სიტუაციის სერიოზულობა გააცნობიერა და ხალხის დასამშვიდებლად, ტელეკომპანია „იმედი“-ს სტუდიაში საკუთარი პრეს-სპიკერი გააგზავნა: არა, არანაირი რუსული ინტერვენცია არ მომხდარა და არხს მკაფიოდ უნდა მიეთითებინა, რომ ეს „ინსცენირება“ იყო. მეორე დღეს კომენტარი თავად სააკაშვილმა გააკეთა: ფილმი „უსიამოვნო“ იყო, მაგრამ „მაქსიმალურად მიახლოებული იყო რეალობასთან და იმასთან, რაც საქართველოს მტრებს აქვთ ჩაფირებული“.

ამ ფაქტს ქართულმა საზოგადოებამ აღშფოთებით უპასუხა: იმავე საღამოს ტელეკომპანია „იმედი“-ს ოფისთან ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ლიდერი და ასობით მოქალაქე შეიკრიბა და ტელევიზიის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვდა. ოპოზიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც გადაცემაში სამშობლოს მოღალატედ იყო წარმოდგენილი, განაცხადა რომ არხს სასამართლოში უჩივლებს. ხელისუფლება „ხალხს აშინებს“ – ამბობდა ის. ოპოზიციამ ხალხს კვირას, დღის მეორე ნახევარში, თბილისის ცენტრში მიტინგზე შეკრებისკენ მოუწოდა.

„ფსიქოლოგიური ტერორის კულმინაცია“

ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პრეზიდენტი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ამ ამბის უკან იდგა…

იხილეთ ვრცლად>>> foreignpress.ge



0 comment(s) to... “რუსები მოდიან!.. თუ არა?”