გაგა ლომიძე
"ალქიმიკოსის" მაგიური სინამდვილე
პაულო კოელო. ალქიმიკოსი. ინგლისურიდან თარგმნა დავით აკრიანმა. თბ. ტრიადა, 2002. პირველი გამოცემა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა".
"...ნარცისის სიკვდილის შემდეგ, ნიმფებმა იპოვეს ტბა. წინათ ანკარა წყალი ახლა უკვე ცრემლების ტბად ქცეულიყო. "რა გატირებს?" ჰკითხეს მათ. "ნარცისის გამო ვტირი" - უპასუხა ტბამ. "ეს ხომ ისედაც ცხადია, რადგან ჩვენ სულ მუდამ დავდევდით მას ტყეში, მხოლოდ შენ შეგეძლო ახლოს გეხილა შენი მშვენიერება". "ნუთუ ლამაზი იყო ნარცისი?" - იკითხა ტბამ. "შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს?" - თქვეს გაოცებულმა ნიმფებმა, - "ის ხომ ყოველდღე შენს ნაპირებთან მოდიოდა და ტკბებოდა საკუთარი თავით!" ტბა ერთხანს დუმდა. ბოლოს თქვა: "მე ნარცისისთვის ვტირი, მაგრამ არასდროს შემიმჩნევია, რომ მშვენიერი იყო. ყოველთვის, როცა მუხლს მოიყრიდა ჩემს ნაპირებთან, მისი თვალების სიღრმეში საკუთარ სილამაზეს ვჭვრეტდი".
"ალქიმიკოსის" პროლოგიდან
ვის არ უოცნებია შორეულ ქვეყნებში თავგადასავლების ძიებაზე... მაშინაც კი, როცა მზე იყო ღმერთი, სულიერი მოგზაურობის მომლოდინე ქურუმებს ძაღლისთავიანი ანუბისი სირიუსისკენ წარუძღვებოდა...
"წადი, საკუთარი ფარა იყიდე და მთა-ბარი მოიარე. ერთხელაც მიხვდები, რომ ჩვენი მხარე საუკეთესოა, ჩვენი ქალები - ულამაზესნი" - ამ სიტყვებით ისტუმრებს მამა საკუთარი ბედის ძიებით შეპყრობილ უძღებ შვილს - სანტიაგოს და რომან "ალქიმიკოსის" ავტორი, ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელო ჩვენც მასთან ერთად გვამოგზაურებს სიზმრებისა და ნიშნების სამყაროში. "სამყარო, როგორც ტექსტი" - ასე შეიძლება განვსაზღვროთ ჩარჩო რომანისა, რომელიც სამყაროს სემიოტიკურ აღქმის იდეას გვთავაზობს. "მიჰყევი ნიშნებს" - არაერთხელ გვაფრთხილებს რომანი. სამყაროს ტექსტუალიზაცია ერთი მხრივ წიგნის, ან თეორიული ცოდნის სასრულობაზე მიგვითითებს და მეორე მხრივ მოქმედებისკენ, პრაქტიკული "ცოდნისკენ" განგვაწყობს. მოდით, მივყვეთ ნიშნებს.
ამ თვალსაზრისით კოელოს ენაც თითქოს ცდილობს "ღმერთის ენას" დაუახლოვდეს. მის მეტაფორებს გარკვეულ იდეამდე მივყავართ, იდეიდან კი ღმერთის მიერ მოცემულ კონკრეტულ ნიშნამდე, რაც ჩვენს ბედს განაპირობებს და რაზე მინიშნებასაც რომანში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ყველაფერი კი მიმართულია საკუთარი სრულყოფისკენ. "როდესაც უკეთესები ვხდებით, ვიდრე ვართ, ჩვენს ირგვლივაც ყველაფერი უმჯობესდება". ეს ცხადდება ჭუჭყიანი ბროლის გაწმენდის მეტაფორაშიც. საკუთარი თავის სრულყოფა არის "ალქიმიის შესწავლა ყოველდღიურ ცხოვრებაში", რაც მსოფლიო სულსაც სრულქმნის. სამყაროს სიყვარული მართავს. კოელოს თქმით, სიყვარული არის ის, "რაც ნადავლს შავარდნად აქცევს, შავარდენს - ადამიანად, ადამიანს კი - უდაბნოდ. ეს ის არის, რაც ტყვიას ოქროდ აქცევს, ოქროს კი მიწას უბრუნებს". და მეტამორფოზა ხდება არაორგანული ბუნებიდან, ორგანულის გავლით ადამიანამდე, როგორც კოელო ამბობს, სამყაროს ამ "გვირგვინ-ქმნილებამდე", რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. აქ შეიძლება გავიხსენოთ ეპიზოდი, სადაც ბიჭი ქარად უნდა გადაიქცეს - ნაწილი, რომლის დაწერასაც ავტორმა ყველაზე დიდი დრო დაუთმო. "დღესავით ნათლად მახსოვს მასზე მუშაობის პროცესი... მაგრამ სამყარო შეითქვა ჩემს დასახმარებლად" - იგონებს კოელო.
გაგრძელება იხილეთ აქ>>> arili2.blogspot.com