ავტორი:ვეფხვია შამანაური
“უცებ შევამჩნიე, რომ ანალიზური ფსიქოლოგია საოცრად თანხვდომილობს ალქიმიასთან. ალქიმიკოსთა გამოცდილებანი ჩემი საკუთარი გამოცდილებანი იყო, ხოლო მათი სამყარო — გარკვეულწილად ჩემი სამყარო. ეს, რასაკვირველია, ჩემთვის იდეალური აღმოჩენა იყო, რადგანაც მე ამით არაცნობიერის ჩემეულ ფსიქოლოგიას ისტორიული ცალი (ანალოგი, მეწყვილე, დედანშია "Gegenstück) ვუპოვე. იგი (ე. ი. არაცნობიერის ფსიქოლოგია) აქ ისტორიულ ნიადაგზე დგას. ალქიმიასთან შედარების შესაძლებლობამ, ისევე როგორც სულიერმა კონტინუიტეტმა უკან, თვით გნოსტიციზმამდე, მისცეს მას სუბსტანცია... “ (შეად. : K.G. Jung, Prophet des Unbewussten, 1977, S. 248).
ზემორე ციტატა არამცდაარამც არ ეკუთვნის სინამდვილის ფანატიკოსს. იგი პირიქით, კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რანაირი არ შეიძლება იყოს სინამდვილის ფანატიკოსი. და სინამდვილის, რეალობის, ობიექტურობისა და მეცნიერულობისაგან განდგომილების კარგი მაგალითიც.
ისტორია ფსიქოანალიზისა, ზოგიერთი დაზუსტება-გამოდიფერენცირებით, სიღრმისეული ფსიქოლოგიის თუ არაცნობიერის ფსიქოლოგიისა, წარიმართა ფროიდ-იუნგის დრამატულ, ცოტა არ იყოს, ოიდიპოსის ისტორიას შემსგავსებულ, მეცნიერულ-მამაშვილურ ურთიერთობათა ფონზე. ზ. ფროიდს კ. გ. იუნგი უნდოდა “უფლისწილად”, ე. ი. ფსიქოანალიტიკურ მემკვიდრედ, მაგრამ იუნგს უჭირს “მამა-ხელმწიფის” დოგმატური სექსუალური თეორიის აღიარება. იუნგი ნელ-ნელა პარაფსიქოლოგიურ-ალქიმიურ-ოკკულტურ “ერესში” ვარდება და დოგმატურ-ორთოდოქსული ფროიდიანობის აზრით, კ. გ. იუნგმა ფსიქოანალიზი მხოლოდ გამოიყენა, რათა კაცობრიობისათვის XX საუკუნის ერთ-ერთი ახალი გნოსტიკური რელიგია ეუწყებინა…