ვისთან სასიყვარულო კავშირის გამო მოაჭრა ლევან დადიანმა საკუთარ მეუღლეს ცხვირი
Posted 3:00 PM by Nina in თემები burusi, ისტორია, სექსიჯაბა სამუშია – Jaba Samushia (1971)
ლევან დადიანის ყოფილი მეუღლე დარეჯან შარაშია
მეჩვიდმეტე საუკუნის დასავლეთ საქართველოს ისტორიაში ოდიშის მთავარს ლევან მეორე დადიანს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი მმართველობის დროს ოდიშის, ანუ სამეგრელოს სამთავრომ თავისი განვითარებისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტს მიაღწია. ისტორიკოსი ჯაბა სამუშია ლევან მეორეს ერთი მხრივ საინტერესო პიროვნებად, მეორე მხრივ კი ერთ-ერთ ტიპურ სეპარატისტად მიიჩნევს, რომელიც საკუთარი კუთხის განდიდებისკენ მიისწრაფოდა და ამ მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევდა. ჯაბა სამუშია დღეს ჩვენი რესპონდენტია:
– ლევან დადიანი ერთი მხრივ საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო, მეორე მხრივ კი, თავისი ზნეობითა და მენტალობით, თავისი ეპოქის შვილი. დადიანი ჭკვიანი მთავარი იყო, მზრუნველი საკუთარი სამთავროსი, მაგრამ იგი მოკლებული იყო საერთო ქართულ ცნობიერებას. მეტიც, ლევან მეორე ტიპური სეპარატისტი გახდა, რომელიც თავისი კუთხის განდიდებისკენ მიისწრაფოდა, დანარჩენ ქართულ კუთხეებს კი მოწინააღმდეგეებად აღიქვამდა და არბევდა. ევროპელი მისიონერები მას დადებითად ახასიათებენ. კათოლიკე მისიონერი დონ არქანჯელო ლამბერტი ლევან დადიანის შესახებ წერდა: „მისი საქმეები ცხადად გვიჩვენებენ, რომ ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენი საუკეთესო მასწავლებლებისაგან სწავლა-განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებარი ზნე-ჩვეულებები“. ამ დახასიათების პარალელურად, ჩვენამდე მოღწეულია ისეთი ფაქტებიც, რომლებიც ლევან დადიანის პიროვნებას სხვა კუთხით გვიხატავენ. ვახუშტი ბატონიშვილი გვიამბობს: „ლევან დადიანი განდიდდა ფრიად და ესხმოდა იმერეთს დღესასწაულებზე და იმერელნი მრავალგზის დადევნებიან მათ, მაგრამ, როდესაც ისინი დაამარცხებდნენ იმერთ, დიდძალ ტყვეებს წაიყვანდნენ, რომლეთაც დაახსნევინებდნენ თავს ფულით და ამის შემდეგ დამკვიდრდა დაუფარავად ტყვის სყიდვა“. როგორც ვხედავთ, ქართველი მოღვაწეები საქართველოში ტყვეებით ვაჭრობის საშინელი სენის დამკვიდრებას ლევან მეორეს მიაწერენ, თუმცა ადამიანებით ვაჭრობას ამ დროს ის მასშტაბები არ ჰქონდა მიღებული, რასაც მოგვიანებით, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოსთვის მიაღწია, მაგრამ თავად ფაქტი ბევრის მეტყველია.
– როდის მოვიდა ლევან დადიანი ხელისუფლებაში და რა ვიცით მისი წარმომავლობის შესახებ?
– ლევან დადიანი დაიბადა მეთექვსმეტე საუკუნუს 90-იან წლებში მანუჩარ დადიანის ოჯახში. დედამისი, ნესტან-დარეჯანი, იყო კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის ქალიშვილი, ანუ ერთის მხრივ – იგი არის ოდიშის მთავარი და მეორეს მხრივ ბაგრატიონთა შთამომავალიც. მას დედა ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც ალექსანდრე კახთა მეფემ სთხოვა მანუჩარ დადიანს, ლევანი კახეთში გაეგზავნა. გარკვეული ხნის განმავლობაში ლევან დადიანი კახეთში იზრდებოდა. ალექსანდრე მეორე გამოირჩეოდა თავისი გამჭრიახი პოლიტიკით, აღმშენებლობით. შვილიშვილიც ბევრ რამეში დაემსგავსა პაპამისს.
1611 წელს უეცრად გარდაიცვალა მანუჩარ დადიანი – დაახლოებით ზუგდიდის მიდამოებში ნადირობის დროს, ირემს გამოკიდებული მანუჩარ დადიანისა და მისი აზნაურის ცხენები ერთმანეთს შეეჯახნენ. მთავარი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სასიკდილო სარეცელზე მყოფმა მანუჩარმა მცირეწლოვანი ლევან დადიანი გიორგი ლიპარტიანს ჩააბარა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოდიშის ტახტზე ადის 14 წლის ლევანი.
– ვინ იყო გიორგი ლიპარტიანი?
– გიორგი ლიპარტიანი იყო დადიანთა ოჯახის წევრი, ლევანის ბიძა, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში უწევდა სამეგრელოს მცირეწლოვან მთავარს რეგენტობას.
ლევან დადიანი საკმაოდ მალე დაქორწინდა აფხაზთა მთავრის – სეტემან შარვაშიძის ქალიშვილზე, რომელთანაც მას დიდხანს არ მოუწია თანაცხოვრება.
– რატომ?
– შარვაშიძის ქალიშვილზე ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ლევან დადიანს შეუყვარდა არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი ბიცოლა – ბიძამისის გიორგი ლიპარტიანის მეუღლე, ახალგაზრდა ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მან საკუთარ ბიცოლასთან რომანი გააბა. ეს ისტორია იმას ჰგავს, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში მდარე ხარისხის უცხოურ ტელესერიალებში ვხედავთ. შეყვარებული ლევან დადიანი ცოლს განქორწინების მიზნით ღალატს სწამებს. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ეს ფაქტი, დღეს რთულია გარკვევა. საქმე ისაა, რომ ლევანს ჰყავდა პირველი ვეზირი მერაბ ქორთოძე, რომელთანაც სამეგრელოს დედოფალს სასიყვარულო კავშირი დაბრალდა. განაჩენი იყო საშინელი: ღალატის გამო ლევან დადიანმა საკუთარ მეუღლეს ცხვირი მოაჭრა. რაც შეეხება დედოფლის გულისსწორს, პირველ ვეზირს, ის განდევნილ იქნა ოდიშიდან გურიაში. ამ დროისათვის გურიელი, გურიის მთავარი, ლევან დადიანის სიძე იყო. ამის შემდეგ ლევან დადიანი ამალით ეწვია ბიძამისს სალიპარტიანოში, მოსტაცა საკუთარ ბიძას მეუღლე და ცოლად დაისვა.
– შარვაშიძის ცხვირმოჭრილ ასულს, ანუ დადიანის პირველ ცოლს რა ბედი ეწია?…