თანამედროვე ქართული ბიბლიოლუქსები
Posted 6:30 PM by Nina in თემები არილი, ინტერნეტი, ლიტერატურა, ტექნოლოგია
ნანა კობაიძე
გახსოვთ ალბათ, დოჩანაშვილის კარცერ-ლუქსებზე მეოცნებე ვასილ კეჟერაძე. საინტერესოა, როგორ მოერგებოდა იგი ელექტრონულ ბიბლიოთეკებად წოდებულ თანამედროვე რეალობას, როგორ "შეაგდებდა" ამ სივრცეში რომელიმე უწიგნურ მსხვერპლს და რომელ საიტს შესთავაზებდა პირველწაკითხვის სიამოვნების მისაღებად ბედნიერ "ტუსაღს"? ვერაფერს გეტყვით, რადგან თავად დოჩანაშვილი ახალი დროის კეჟერაძეზე მოთხრობის დაწერას არ აპირებს, მე კი ამდენს ვერ გავბედავ. ამიტომ, რაც ვიცი, უფრო სწორად, რის გაგებასაც შევეცადე, იმის შესახებ გესაუბრებით. მაშ ასე, ჩვენი თემაა თანამედროვე ქართული კარცერ-ლუქსები, უფრო სწორად, ელექტრონული ბიბლიოლუქსები.
ქართულის რა მოგახსენოთ, თანამედროვე უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკები კი ნამდვილად უჩენს მკითხველს სურვილს, შევიდეს და კარგა ხანს დარჩეს ვირტუალურ ელექტრონულ ბიბლიოსივრცეში. თუმცა, მხოლოდ სხვისი რას გვარგია, ჩვენმა საკუთარმაც თუ არ ივარგა? ქართულ ელექტრონულ ბიბლიოთეკებს ლუქსობამდე ბევრი უკლია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ შიშველ ენთუზიაზმს, რომელზეც მათი უმეტესობა იქმნება, რაც გვაქვს, ისიც გასაკვირია.
მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში უცხოური ელექტრონული ბიბლიოთეკებიც უანგაროდ, ნამდვილი ენთუზიასტების მიერ იქმნებოდა, დღეს მათი დიდი ნაწილი ფასიანი გახდა. წიგნის ღირებულებასთან შედარებით ეს თანხა მიზერულია, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტრონულ ბიბლიოთეკებსაც სჭირდება დაფინანსება. საბედნიეროდ, ქართულ რეალობაში ეს საკითხი ჯერ არ დგას. დიახ, საბედნიეროდ, რადგან გლობალური კრიზისისა და სხვადასხვა სუბიექტურ-ობიექტურ მიზეზთა გამო ასე გაძვირებული ბეჭდური გამოცემების ფონზე, ჩვენი მკითხველისთვის წიგნთან ურთიერთობის ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებად ელექტრონული ბიბლიოთეკა რჩება. მართალია, პოპულარულ თანამედროვე ქართველ ავტორთა ახალ ნაწარმოებებსა და ბესტსელერებს ვერცერთ საიტზე ნახავთ, მაგრამ კლასიკას და შედარებით ნაკლებპოპულარულ სახელებს გაეცნობით, ახალ ავტორებსაც წაიკითხავთ და ვინ იცის, იქნებ თქვენი ელიოტი ან ჰემინგუეიც კი აღმოაჩინოთ. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა ძალზე შრომატევადი საქმეა და საკმაოდ დიდ ენერგიას და ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ, ვიმედოვნებთ, ნელ-ნელა საქართველოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ენთუზიასტებს მხარში ამოუდგებიან და ქართულ ელექტრონულ ლიტსივრცეს ბიბლიოლუქსებით დაამშვენებენ.
არცთუ დიდი ხნის წინათ მავანნი სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ იმაზე, რომ ინტერნეტი წიგნს მკითხველს შეუმცირებს. დღეს ეს ღიმილს იწვევს, რადგან აშკარაა, რომ ინტერნეტი და კონკრეტულად, ელექტრონული ბიბლიოთეკები მკითხველის საუკეთესო მეგობრად და მოკავშირედ იქცა. ამან შესაძლოა, გარკვეული "საფრთხე" გამომცემელს შეუქმნას, თუმცა, კანონი საავტორო უფლებების შესახებ, ალბათ, ამ საკითხსაც დაარეგულირებს. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მომავალი ციფრულ ტექნოლოგიებს ეკუთვნის და ამას წინ ვერავინ აღუდგება.
რასაკვირველია, ნაბეჭდ წიგნს ვერაფერი ჩაანაცვლებს, მას აქვს თავისი სიმყუდროვე და იდუმალება, თავისი ხიბლი და ინტიმი, თუმცა, როცა ეს ყველაფერი ისევდაისევ ფინანსებს უკავშირდება, სიმყუდროვეცა და იდუმალებაც, გვერდზე გრჩება.