ინტერნეტ-მეკობრის ჩანაწერები - 4. “მახასიათებელი ნაკლი”, თომას პინჩონი (2009)
Posted 5:30 PM by Nina in თემები tavisufleba.org, ლიტერატურა, მალხაზ ხარბედია, რეცენზიავტორი მალხაზ ხარბედია
დრო – 1960-იანების ბოლო, ჰიპების ეპოქის დაისი. ადგილი – კალიფორნია. მთავარი გმირი – კერძო დეტექტივი დოკ სპორტელო, ზანტი, სულ მუდამ დაბოლილი ტიპი. იგი ნაღდი ჰიპია, თუკი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჰიპი-გამომძიებელი. თმებიც აფრო ყაიდაზე აქვს დაყენებული, ჯიმი ჰენდრიქსივით. ეს ზანტი დეტექტივი კარდაკარ დადის, დაკითხვებს აწარმოებს, დაკითხავს სტრიპტიზიორებს, სერფერებს, ნათელმხილველებს, გაქექილ ფსიქიატრებს და ლას ვეგასიდან ჩამოხეტებულ ყომარისტებს. საქმე ისაა, რომ სპორტელოს ყოფილი გოგონა შასტა ფეი თავის ახალ კაცთან, ვიღაც მაყუთიან ტიპთან ერთად სადღაც გადაიკარგება, შემდეგ კი დოკი აღმოაჩენს, რომ ეს გაუჩინარება საეჭვოდ არის დაკავშირებული სხვა საქმეებთან, რომელსაც იგი იძიებს.
ბევრის აზრით, “მახასიათებელი ნაკლი” ე.წ. hard-boiled დეტექტივის ჟანრის (ეს ჟანრი თავის დროზე რაიმონდ ჩენდლერისა და დეშილ ჰემეტის ხელში ჩამოყალიბდა) პოსტმოდერნული ვარიანტია, გნებავთ მიძღვნა, პაროდია, გადააზრება. დოკ სპორტელო გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ფილიპ მარლოუს, ჩენდლერის რომანების მთავარ გმირს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ მარლოუ დიდი რაოდენობით ბურბონს ურახუნებს, სპორტელო იმით განსხვავდება, რომ აუარება მარიხუანას ეწევა.
ესაა მარიხუანის კვამლით გაჯერებული წიგნი, სადაც მაღალი და დაბალი კულტურული ალუზიების ნაზავს ერთვის ლიტერატურული ანცობები + გნომური ისტორიული მინიშნებები + კალამბურები + სიურეალისტური ზმანებები + აბსურდი, თუმცა იგი მაინც სუფთაა თანამედროვე ლექისგან, რადგან XXI საუკუნეში დაწერილ და იმავდროულად პრე-შიდსურ, პრე-ფემინისტურ და ათას სხვა რაღაცამდელ წიგნად ითვლება. ესაა shaggy-dog დეტექტივი, ჩახლართული, უკბილო ამბავი უაზრო ფინალით, “მალტის შევარდენი”, რომელშიც 60-იანი წლების რომელიმე ამერიკული კომიქსის გმირები მონაწილეობენ.
წიგნის სათაური საზღვაო სამართლიდანაა აღებული და ეს სადაზღვევო ტერმინი გულისხმობს მალფუჭებადი პროდუქტის გამორიცხვას სადაზღვევო პოლისიდან (მაგალითად, როგორ უნდა დააზღვიო კვერცხი, რომელიც ყოველ წამს განწირულია გატყდეს). ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, სათაურს საკმაოდ ფართო განმარტება შეიძლება მიეცეს. ამიტომ ვარაუდებს არ მოვყვები, გავაგრძელებ ამბავს და გეტყვით, რომ “მახასიათებელი ნაკლი” არაა პინჩონის საუკეთესო ნაწარმოები, იგია ე.წ. Pynchon Minor, მწერლის შედარებით უმნიშვნელო ნაწარმოები, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოჩნდება, რომ სამომავლოდ შეიძლება სწორედ ეს ნაწარმოები გახდეს ყველაზე მნიშვნელოვანი მის შემოქმედებაში, რადგან მის სხვა რომანებთან შედარებით მკითხველისთვის მარტივი, ნათელი და ადვილი დასაძლევი წიგნი, კარგი სატყუარა იქნება.
მისი ნაწარმოებების დაძლევას ევერესტზე ასვლასაც ადარებენ კრიტიკოსები, სადაც არა მხოლოდ წერაყინი, წრიაპები და თოკებია საჭირო, არამედ ჟანგბადიც. პინჩონი თანამედროვე მწერლობის ფარული ღვთაებაა, მწერალი, რომელსაც უფრო თაყვანს სცემენ, ვიდრე უყვართ. თუ არ ვცდები, კოლეგებიდან იგი მხოლოდ სალმან რუშდის ჰყავს ცოცხლად ნანახი, როცა მის ერთ-ერთ წიგნზე წერდა რეცენზიას „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ და ამის გამო ისადილა კიდეც მასთან. რუშდი მაშინ პოპულარობის მწვერვალზე იყო.