მე ვამბობ “არა”-ს…

Posted 3:00 PM by anano in თემები , , , ,

ავტორი – Mchxapneli

Bookmark and Share

პარადოქსია, მაგრამ გაჭირვების ტალკვესი ზოგჯერ შესაძლოა თავადაც გაჭირვებული იყოს. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში მიძინებული კრიტიკის გამოსაფხიზლებლად, გული ქვასავით გავიმაგრე და აღმართზე მიმავალ ქართულ მედიას პირრაზამოგლეჯილი დავედევნე…

         ანუ, “გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო”, როგორც ამას ჩვენი წინაპრები ამბობდნენ…

დევნის შედეგი:

1. “სად არის თამარ მეფის საფლავი?”

    სტატიის სათაური მკითხველისათვის ისეთივე მიმზიდველი უნდა იყოს, როგორც გრავიტაცია – ვაშლისთვის და ვაშლი – ევასთვის, მონიკა ბელუჩის ჩაცმულობა - ქალისთვის და ჩაუცმელობა – კაცისთვის, ჭერზე ჩამოკიდული წებოვანი ლენტი – ბუზისთვის და ფულიანი ბიძა – …

   მოკლედ, მინიმუმ ისეთი მაინც უნდა იყოს, რომ სტატიის კითხვა სათაურის დასრულებასთან ერთად არ შეწყდეს. თუმცა, აქვე “ღცენდება” მეორე უკიდურესობა, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტრიგის შექმნას, შედეგად შესაძლოა იმედგაცრუება მოყვეს.  ერთ-ერთი მამა-პაპური ქართული ტენდენციის მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია ყოველი სათაურის ბოლოს კითხვის ნიშანი დასვას და ჰოვარდ კარტერად ქცეულ მკითხველს სანატრელი პასუხის ძიებაში მთელი სტატიის ქექვა აიძულოს. ბოლო პერიოდში კი ფეხი აიდგა მეორე ტენდენციამაც, რომელსაც პირველიდან გამომდინარე, პირობითად შეგვიძლია “უტუტენჰამონობა” ვუწოდოთ.

 

მაგალითი # 1:  “რაზე იკამათეს უკანასკნელად პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა” – ბურუსით მოცული საქმის აქამდე უცნობი დეტალები.

      ეს სათაური “კვირის პალიტრის”  პირველ გვერდზე ისეთი გაფორმებით იყო გამოტანილი, რომ უფულო მყიდველს მის მოსაპოვებლად შესაძლოა ეშმაკთან სულზე ბარტერული მოლაპარაკებებიც კი ეწარმოებინა. და აი, რას ვკითხულობთ სტატიაში ჩვენ მიერ გაღებული ერთი ლარის საფასურად: “თუ რაზე იკამათეს უკანასკნელად ზურაბ ჟვანიამ და მიხეილ სააკაშვილმა, დღემდე უცნობია…”
ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, გაზეთის სლოგანში –  “თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით” – ერთ-ერთ სიტყვას “გულუბრყვილო”-თი შევცვლიდი.

       მაგალითი # 2: “ვისი სახელით იმყოფებოდა ბორის ბერეზოვსკი თბილისში?”

  ჟურნალისტიკაში ინფორმაციის წყაროს ისეთივე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, როგორც სოფლისას – მისი მაცხოვრებლებისათვის. რაც უფრო მეტი ადამიანი ენდობა ამ წყაროს საზოგადოებაში, მით მეტია შანსი, რომ ჟურნალისტის ნამუშევარი დადებითად შეფასდეს.

     სწორედ ამიტომ ერთი გაზეთის (რომლის სახელზე ჩემს მეხსიერებაში ამომგდები ძალა არ მოქმედებს) ჟურნალისტმა სათაურში დასმულ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა: “ხოლო, თუ ვისი სახელით იმყოფებოდა ბორის ბერეზოვსკი თბილისში, ღმერთმა იცის”. მოდი და თუ ღმერთი გწამს, ამ ჟურნალისტს ნუ ენდობი.

2.  ”ტ” – რა “წ”?!

    ჩვენ, ადამიანები ხშირად სხვათა მდგომარეობაში შევდივართ, რათა იქიდან გამოსავალი ვიპოვოთ. ამ პარადოქსულ მოვლენას, რომელსაც რუსთაველმა “სხვის ომში სხვისი ბრძნობა” უწოდა, ჩვენ ერთობ მარტივად გადმოვცემთ ფრაზით: “მე შენს ადგილზე…”

 

ჰო, რისთვის დავიწყე… ბუდასი არ მწამს, მაგრამ თუ ოდესმე ასო “ტ”-ში განვსხეულდი, პროტესტის ნიშნად ქართული ანბანიდან ფეხს ამოვიკვეთ. შემდეგ კი ლტოლვილის სტატუსით, რომელიმე ისეთ ქვეყანას შევეხიზნები, სადაც ჟურნალისტები “წიმოშენკოს” ნაცვლად “ტიმოშენკოს” ამბობენ, “რეპორწიორის” ნაცვლად “რეპორტიორს”, “უვერწიურას” ნაცვლად – “უვერტიურას”, “ბაუნწის”  ნაცვლად “ბაუნტის“, “ემწივის” ნაცვლად “ემტივის”, “კუწურიეს” ნაცვლად “კუტურიეს” და ასე შემდეგ.

    ტელევიზიაა სადაქალო არ არის.

3.  “მობილური უკან არ მოფრინდა? ჩაჩავაში”

- თვალი გეწირპლება? ჩაჩავაში
- ბაკები გაქვს შესასწორებელი? ჩაჩავაში
- მაია ბურჭულაძის დეტექტივები მოგწონს? ჩაჩავაში
- ცეკვა გიყვარს? ჩაჩაჩა… ვაშა!
- ჭიპი გითამაშებთ? ჩაჩავაში! (ისე, კარგის ნიშანია, თურმე –  ფული იცის და ითამაშოს, რას ერჩით?)

    მოკლედ, ჩაჩავას კლინიკა ამ რეკლამის მიხედვით ისეთი უნივერსალური ჩანს, შეიძლება ადამიანს ერთი პირობა ავად გახდომაც კი მოგინდეს. იდეასაც არა უშავს, რაღაცით საბჭოთა “ყველანი არჩევნებზე”-ს სულისკვეთებით რომ არ იყოს გაჟღენთილი და მაგის ამოშრობაც შეიძლება, განხორციელება თუ დადგება მოწოდების სიმაღლეზე.

    სამწუხაროდ, მოწოდება რამდენიმე მიზეზის გამო გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე განხორციელება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოცეკვავე მამაკაცი პარტნიორის ნაღვლის ბუშტის ტკივილის დიაგნოზს მისი ერთი შეჭმუხვნის წყალობით სვამს. მეორე იმიტომ, რომ კბილმტკივანი თიკა ჯამბურია ბოლო კადრში რატომღაც იღიმის (ალბათ მემონტაჟეს დაეზარა ჩამოჭრა); მესამე იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ის და მისი ახალგაზრდა ქმარი საღამოობით, ბატი-ბუტით ხელში, კინოს ნაცვლად პოლიტიკურ გადაცემას უყურებდნენ და მეოთხე იმიტომ, რომ შემოქმედებითობის ამ ზეიმიდან, ჩაჩავას ექიმების კადრზე გადასვლა ისეთივე უხეშია, როგორც გაბრაზებული კინგ-კონგი.

 

იდეა კარგია, მაგრამ იდეალურობამდე ბევრი უკლია “ზუმის” ახალ რეკლამასაც –  ძალიან ცუდი სახურავისა და ხედის მქონე სახლიდან მობილურ ტელეფონს რომ ისვრიან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეკლამა პირველივე დუბლზე ჩაწერეს და “მსახიობებად” საკუთარი შვილები, ან, მაქსიმუმ, ნათესავები ჰყავთ გამოყენებული. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა ნაპოლეონს თავისი ვატერლოო აქვს და გამონაკლისი არც კარგი ხარისხის რეკლამებით გამორჩეული “ჯეოსელი” აღმოჩნდა.

4. ქურდს კუჭი ეწვის…

  ვინც ინგლისის პრემიერლიგას “მზეზე” ადევნებს თვალს, შენიშნავს, რომ თამაშები უჩვეულოდ მდუმარე ტრიბუნების ფონზე მიმდინარეობს. მარცხენა კუთხეში კი, მთელი მატჩის განმავლობაში  “BARCLAY”-ს იმხელა ლოგოა გამოჭიმული, რომ მის უკან  აშკარად ძაღლის რომელიმე ორგანო უნდა ვეძიოთ.

   ვინც ინგლისის პრემიერლიგას  “NTV-FOOTBALL”-ზე ადევნებს თვალს, ვერაფერსაც ვერ შენიშნავს, გარდა იმისა, რომ აქაც იგივე თამაში გადის, რაც “მზეზე”.

 

პრინციპში, სწორია. რატომ უნდა გადაიხადო ზედმეტი ფული ტრანსილირების უფლების ყიდვაში, როდესაც შეიძლება ეთერში რუსული არხი ჩართო, რუსი კომენტატორის ხმას დაუწიო და ერთი ლოგო მეორეთი გადაფარო.

   ამასაც ხომ მოფიქრება უნდა…

5. სიმართლის დრო

   “მადლიერი რედაქტორები ამ ამაგს არ დაივიწყებენ” – ყვითელი პრესა

   სულ მაინტერესებს, რატომ მონაწილეობენ “სიმართლის დროში” ცნობილი ადამიანები. აშკარაა – ათას რაღაცას ათქმევინებენ და მერე ისეთ შეკითხვაზე ჭრიან,  “კბილის როლზე ენის შეჩერების სფეროში” სერიოზულად რომ დააფიქრებთ. მიზეზი მარტივია: ასე ინება ქვეცნობიერმა. თუ სარიშვილი არ ხარ, ვერც შეედავები.

   თუმცა, ამ შემთხვევაში მინდა გადაცემას სხვა კუთხით შევხედო, რადგან “სიმართლის დრო” ქართული ყვითელი პრესის ჭეშმარიტი საბადოა. ამ გადაცემაში გაცემული თითოეული პასუხი ჟურნალისტებმა შეიძლება თითზე დაიხვიონ, გაჭრამდე მოუჭირონ და შემდეგ თითიდანვე გამოწოვილი სათაური შექმნან.

მაგალითად: ესაუბრონ ზურა ხაჩიძეს მოდაზე და ინტერვიუს ბოლოს შეაპარონ შეკითხვა, თუ რა ფაქტს უმალავს ის მეუღლეს (რომ უმალავს ეს “სიმართლის დრომ” დაადგინა). ზურა, რა თქმა უნდა, ამაზე საუბრისგან თავს შეიკავებს, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს  ჟურნალისტს, რუბრიკაში “ტანისამოსი” სათაურად - “რა საიდუმლოს არ უმხელს ზურა ხაჩიძე ხათუნა ჟორდანიას” – რომ გამოიტანოს. მართალია, მკითხველი  ზურას გარდერობის გაცნობას იმედგაცრუებული დაასრულებს, მაგრამ სამაგიეროდ სათაური სტატიას გაყიდის და ინტერვიუს ამღებს “ჟურნალისტი” დაერქმევა.

6. სტანდარტული “თან” დართული შეცდომები და რამდენიმე სხვა…
(ეძღვნება მინდიას)

     შეცდომა # 1: კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც ქართველ ჟურნალისტებს (და არამხოლოდ მათ) შეიძლება წაუყენო – “თ” (”თან”) ბგერის არამიზნობრივი გაფლანგვა-გამოყენებაა.

     “გამარჯობათ”, “ბოდიშით”, “კარგით”, ”ხართ” - გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით რა არის ზრდილობა, მაგრამ არ იცით რა არის  გრამატიკა.

შეცდომებზე სწავლობენ

"შეცდომებზე სწავლობენ"

  შეცდომა # 2: განვავრცოთ ზრდილობისა და გრამატიკის თანაკვეთის საკითხი.
     ხშირია შემთხვევები, როდესაც ზმნები “მოუხადა” და “გადაუხადა” არასწორ დროს არასწორ ადგილზე აღმოჩნდება ხოლმე. ამიტომ, თუ ზრდილობის გამომჟღავნებას მაინცდამაინც “მე მინდა მადლობა მო…”-თი დაიწყებთ, გახსოვდეთ, რომ მდიდარი ქართული ლექსიკიდან გამომდინარე, ყოველთვის არსებობს სიტყვა-გამოსავალი: “მოგახსენოთ”.

     შეცდომა # 3:

     ერი ღაღადებს: ფაქტიურად, ჯობია, აბსოლიტურად (აფსოლიტურად), ტიპიური, ბრთხილად, ეხლა…
     ორთოგრაფიული ლექსიკონი ღაღადებს: ფაქტობრივად, სჯობს, აბსოლუტურად, ტიპური, ფრთხილად, ახლა…

    პ.ს: მინდა ბოდიში მოგიხადოთ, რომ თქვენი გრამატიკის კომპეტენციაში ვიჭრები და მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამიერიდან მსგავს შეცდომებს ნაკლებად დაუშვებთ… :)

 

წყარო

http://doin.ge/



0 comment(s) to... “მე ვამბობ “არა”-ს…”