გაზეთი ანარეკლი: ინტერვიუ ქეთი მელუასთან

Posted 4:00 PM by Nina in თემები , , , , ,

Katie Melua-2

Bookmark and Share
 

ფოტოების ავტორი: გოგა ჩანადირი

ჟურნალი „ანაბეჭდი“ №2, მარტი, 2005 წელი

20 წლის ქეთი მელუა პირველი ქართველია, რომელსაც თამამად შეგვიძლია მსოფლიოს მასშტაბის პოპ-ვარსკვლავი ვუწოდოთ. თანამედროვე მუსიკის მექაში – ბრიტანეთში, მან თითქმის ყველა ჩარტის მწვერვალი დაიპყრო. ქეთის უსმენენ მთელს მსოფლიოში. მის მილიონობით თაყვანისმცემელს შორის ინგლისის დედოფალი ელიზაბეტ II გახლავთ. 2004 წლის იანვარ-თებერვალში, სახელგანთქმულ „ბილბორდის“ საუკეთესო 40-ეულში, მელუამ სუპერპოპულარული მომღერალი Dido რამდენიმე კვირით პირველი საფეხურიდან ჩამოაბრძანა და მისი ადგილი დაიკავა. BBC-ის ვებ-გვერდზე ახლახანს გამოქვეყნდა 2004 წელს, ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი 100 ალბომის სია, რომელშიც ქეთის ალბომს „Call Off The Search“ საპატიო მე-5 ადგილი უჭირავს. მელუა წინ უსწრებს ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან: ანასტეიშა, ნორა ჯონსი, „U2“, ემინემი, Franz Ferdinand, ჯორჯ მაიკლი, კაილი მინოუგი, ბრიტნი სპირსი, დაიდო, ფილ კოლინზი, როდ სტიუარტი, მორისეი და ა. შ.
 
Katie Melua-1
 

ქეთი მელუა დაიბადა 1984 წლის 16 სექტემბერს ქუთაისში. ამის შემდეგ მელუების ოჯახი 1 წელი მოსკოვში ცხოვრობდა, საიდანაც ისევ საქართველოში – ბათუმში დაბრუნდა. მუსიკალური განათლების მისაღებად მშობლებმა ქეთის თბილისში ჩამოყვანა გადაწყვიტეს. 9 წლამდე, ანუ ბრიტანეთში წასვლამდე, იგი ბიძებთან იზრდებოდა, რომლებიც ორთოდოქსი როკერები იყვნენ და მთელი დღეების განმავლობაში მათთან ერთად „ქუინს“, „ბლექ საბატსა“, თუ „დიიფ ფარფლს“ უსმენდა. ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთიმ თქვა კიდეც, რომ მისი საყვარელი სიმღერებია „ქუინის“ „ბოჰემური რაფსოდია“ და „ლედ ზეპელინის“ „კიბე ზეცაში“. ქეთის თბილისელი ბიძა ზურა მელუა იხსენებს: „ქეთი მძიმე მუსიკის ატმოსფეროში იზრდებოდა. ვიდეოც გვაქვს, სადაც 7 წლის გრძელთმიანი ქეთი ჩემს საწოლზე დახტის, ხელში სათამაშო სინთეზატორი უჭირავს და მთელი ხმით მღერის ამერიკული ჰევი-მეტალ ჯგუფ „W.A.S.P.“-ის სიმღერას. ძალიან ცელქი იყო. საირმის გორაზე საცურაო აუზზე ფეხით ავდიოდით ხოლმე და ქუჩაში ნორმალურად არ დადიოდა. გზაში სულ ცეკვავდა და თავისთვის რაღაცას მღეროდა ხოლმე. მუსიკალურ სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. ქეთი მზეს მაგონებს. მასავით ანათებს. მისი გაბრაზება და ყვირილი არ მახსოვს. სულ იღიმება, იცინის, ძალიან კეთილია“.

1994 წელს ქეთის მამა, წარმატებული ექიმი-კარდიოლოგი ალიკა მელუა, ინგლისელმა მეგობარმა ბრიტანეთში სამუშაოდ მიიწვია. მელუები ჯერ ირლანდიაში, ბელფასტში, საბოლოოდ კი ლონდონში დასახლდნენ. ბრიტანეთში ჩასვლისას, 9 წლის ქეთიმ ენა სამ თვეში აითვისა და მუსიკალურ სკოლაშიც დაიწყო სწავლა. სიმღერების წერა ოთხიოდე წლის წინ დაიწყო, მანამდე კი სურდა ჯერ პოლიტიკოსი, მერე ისტორიკოსი გამოსულიყო. ერთხელ ამ სკოლაში მოსწავლეთა მოსასმენად მივიდა ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი მაიკ ბეტტი, რომელსაც ლეგენდარულ ენდრიუ ლლოიდ უებერთან და ვანესა მეისთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ბეტტი ახალი ტიპის ვოკალს ეძებდა და მან უკვე იცოდა ნიჭიერი გოგონას – ქეთი მელუას შესახებ. მოსმენაზე ქეთიმ საკუთარი სიმღერა შეასრულა, რომელიც ახალგარდაცვლილ მომღერალ ივა კესიდს მიუძღვნა. სიმღერა მაიკს ძალიან მოეწონა და მათი თანამშრომლობა დაიწყო.

ქეთი მელუას პირველი ალბომის „Call Off The Search“-ის მასალა ჯერ კიდევ 2003 წლის იანვრისთვის იყო მზად, მაგრამ დისკი მხოლოდ ნოემბერში გამოვიდა. ამის მიზეზი კი იყო ის, რომ მსოფლიოს ცნობილმა ხმისჩამწერმა ლეიბლებმა („სონიმ“, „უორნერმა“, „იუნივერსალმა“, „ი-ემ-აიმ“ და სხვებმა) ალბომის გამოცემაზე უარი განაცხადეს, – ძალიან კარგი მომღერალია, მაგრამ ფინანსურ მოგებას არ მოგვიტანსო. მაიკ ბეტტმა გარისკა, კრედიტით პატარა ლეიბლი „დრამატიკი“ შექმნა და დისკიც გამოუშვა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – 2 მილიონზე მეტი ფირფიტა გაიყიდა. ამის შემდეგ, ზემოთ ჩამოთვლილი ფირმები ქეთისთან რიგში ჩადგნენ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად. კონტრაქტი „იუნივერსალთან“ გაფორმდა.

ქეთიმ სიმღერები ბლიუზისა და ჯაზის ერთგვარ თანამედროვე სინთეზს წარმოადგენს. ალბათ ამიტომ, ბევრი მას ამერიკელ ვარსკვლავს, ნორა ჯონსს ადარებს, თუმცა, 20 წლის ქართველ მომღერალს ეს დიდად არ სწყინს და ამასთან დაკავშირებით ღიმილით ამბობს: „ნორა ჯონსი, ბევრ სხვა მუსიკოსთან შედარებით, ძალიან მომწონს. ამ მხრივ, მიხარია კიდეც, რომ ნორას მადარებენ და არა სხვა ვინმეს“.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთი 9 წლის ასაკიდან გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს, ქართულს მაინც ნორმალურად ფლობს. მის საუბარს ოდნავ აჭარული აქცენტიც დაჰკრავს და ზოგჯერ ლაპარაკის დროს თანამოსაუბრის დარწმუნებას ცდილობს კითხვით: „გეიგე“?

– როდის დადგა შენს ცხოვრებაში ის ეტაპი, როცა საბოლოოდ გადაწყვიტე, რომ მომღერალი უნდა გამხდარიყავი?

– ალბათ იმ დროიდან, როდესაც სიმღერების წერა დავიწყე. 8 წლისას ძალიან მიყვარდა სიმღერა, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა გამოვიდოდი. ვთვლიდი, რომ სიმღერა, მუსიკა ჩემთვის უფრო ჰობი იყო. 5-6 წლის წინ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მუსიკაში რამე გამეკეთებინა. ჩემს მუსიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს იმ მომღერლებმა, რომლებსაც მე ვუსმენდი: ჯონი მიჩელი, ბობ დილანი, ივა კესიდი, ტომ უეიტსი. ამ მომღერლების მუსიკა ჩემზე ყოველთვის დიდ ეფექტს ახდენდა და სურვილი გამიჩნდა, მეც რაღაც გამეკეთებინა. სიმღერის წერა ძალიან შემიყვარდა, მსურდა სულ უფრო და უფრო მეტი სიმღერა დამეწერა. ერთხანს ვფიქრობდი, ალბათ ცნობილი მომღერალი არა, მაგრამ ხომ შეიძლება კარგი პროდიუსერი გავხდე-მეთქი. პატარა სტუდია მოვიწყვე სახლში (კომპიუტერი, მიკროფონი, კლავიშები) და საკუთარ მუსიკას ისე ვიწერდი. სწორედ ამ დროს შევედი მუსიკალურ ბრიტსქულში, სადაც მუსიკის წერის ტექნოლოგიასაც გვასწავლიდნენ. აი, ასე დაიწყო ყველაფერი.
– ერთ კონკრეტულ მსმენელს უმღერი ხოლმე, თუ ყველას ერთად?

Katie Melua-3

სრული ვერსია იხილეთ აქ>>>

http://anarekly.blogspot.com/



0 comment(s) to... “გაზეთი ანარეკლი: ინტერვიუ ქეთი მელუასთან”